არსებობს დიეტა, რომელსაც ცოტა არ იყოს უცნაური სახელწოდება აქვს: გეროპროტექტორული დიეტა, – და ის, როგორც მისი შემქმნელები გვარწმუნებენ, კალორიებთან ერთად წლებსაც აქრობს.
შეიძლება, ოდნავ ვაჭარბებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ დიეტოლოგებმა მართლაც შეიმუშავეს კვების მეთოდიკა, რომელიც ორგანიზმს დაბერებისგან იცავს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთვის არავითარი ჯადოსნობა არ არის საჭირო. მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო მარტივზე მარტივია: მიირთვით დაბალკალორიული და ამავე დროს სასარგებლო პროდუქტები. ეს არც ისე რთულია, თუმცა გარკვეულ ცოდნას მაინც მოითხოვს.
სასიამოვნო და სასარგებლო მსხვერპლშეწირვა
იმაზე, რომ არ უნდა ვიშიმშილოთ, უკვე შევთანხმდით. ახლა ის გავარკვიოთ, რომელი საკვების ხარჯზე გამოვემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს.
დიეტოლოგებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ერთი ფრიად საინტერესო და სასარგებლო დასკვნა გამოიტანეს: საკვები რაციონი ზედმეტი ცხიმისა (ძირითადად ძეხვეულის, ნაღების კარაქისა და მეტისმეტად ცხიმიანი ხორცის ხარჯზე) და სრულიად უსარგებლო ნახირწყლოვანი პროდუქტისგან (ძირითადად ტკბილეულისგან) უნდა გავწმინდოთ. დიახ, სწორედ ზედმეტისგან და არა ყოველგვარისგან, რადგან ადამიანის ორგანიზმს ორივე საკვები ნივთიერება სჭირდება. ცხიმი დღიური კალორიების მხოლოდ 20%-ს უნდა შეადგენდეს. ეს დაახლოებით 2 ს`კ მცენარეული ზეთი ან 60 გ თხილეულია.
ორგანიზმისთვის აუცილებელი საშენი მასალაა ცილები, რომელთა დღიური ნორმა 60 გრამს შეადგენს. სწორედ ამდენ პროტეინს მიიღებთ, თუ დღის განმავლობაში 300 გ ხორცს ან 2 ლიტრ რძეს მიირთმევთ.
დაითვალე კალორიები
დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ თავმოყვარე ქალბატონმა დღის განმავლობაში 1500 კკალ-ზე მეტი არამც და არამც არ უნდა მიიღოს. გამონაკლისი მხოლოდ მათთვის დაუშვეს, ვინც შედარებით მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა – მათ უფლება, 1800 კკალ-ით ჩაიტკბარუნონ პირი.
ეგებ 1500 კკალ მეტისმეტად ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ თუკი ენერგეტიკული მარაგის შესავსებად ისეთ პროდუქტებს მიირთმევთ, როგორიც ბურღული, ხორბლეული, ხილი და ბოსტნეულია, არაფერი გიშავთ, ფუნთუშების, ღვეზელებისა და კანფეტების მოყვარულებს კი დანაყრება ცოტა არ იყოს გაუჭირდებათ და ისე მიუკაკუნებენ 3000 კკალ-ს, ვერც კი შეამჩნევენ.
აიწონე
აი კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც დაგეხმარებათ, 40 წლის შემდეგაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ: ე.წ. ბუნებრივი წონის 10-25%-ს შეელიოთ. ასე მაგალითად, თუკი 25 წლის ასაკში 170 სმ სიმაღლის შემთხვევაში 60-65 კგ-ს იწონიდით, რაც, თავისთავად ნორმას წარმოადგენს, 40 წლის შემდეგ ცოტათი – 55-58 კგ-მდე მოგიწევთ დაფერთხვა. როგორ? ისევ, და ისევ დღიური კალორაჟის შემცირების ხარჯზე. თუკი პირდაპირ 1500 კკალ-ზე გადასვლა თქვენი მოუსვენარი კუჭისთვის ტანჯვის ტოლფასია, შეგიძლიათ, 2000 კკალ-იდან დაიწყოთ და თანდათანობით სასურველ ციფრებამდე ჩამოხვიდეთ. ყველაფერს კი აჯობებს, დაბალკალორიულ დიეტას ორგანიზმი ახალგაზრდობიდანვე შეაჩვიოთ. ამისთვის დიდი გმირობის ჩადენა არ მოგიწევთ; უბრალოდ, ნუ გადაიტვირთავთ თავს ფუჭი კალორიებით: ერიდეთ გაზიან სასმელებს, ფუნთუშეულს, კრემიან ნამცხვრებს, კანფეტებს და მაინცდამაინც ნურც ნაყინს მიეძალებით.
ბერძნული დაბალკალორიული დიეტა
მსუბუქი ვახშამი – უცხიმო ხაჭო ან ყველი, ლიმონის წვენით შეკაზმული ბოსტნეულის სალათა, უკარაქო, უშაქრო და უმარილო ფაფა, ახალგამოწურული წვენი ან ასკილის ჩაი.
სადილი – ბოსტნეულის სალათა თხილეულითა და მწვანილით, ბოსტნეულის წვნიანი, უცხიმო ხორცი სანელებლებით ან თევზი.
ვახშამი – ბოსტნეული, დაუფქვავი ხორბლის ფაფა, რძე, სიტკბონაკლული ნამცხვარი.
loading...