navigacia
...


მოდური დიეტა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მოდური დიეტა
ეს ჭირვეული ქალბატონი მხოლოდ სილამაზის სტანდარტებს კი არ გვიწესებს, მათი მიღწევის გზებსაც თვითონვე არჩევს. გახდომის მანია დროდადრო ეპიდემიასავით მოედება ხოლმე საზოგადოებას. ჩვენც გადავწყვიტეთ, პოპულარული დიეტები შეგვეფასებინა, ოღონდ – ჯანმრთელობასა და საღ აზრთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

პირველი–მეორე
ეს მშვენიერი მეთოდი მისი შემქმნელის ჰერბერტ შელტონის სამშობლოში უკვე დიდი ხანია დაივიწყეს, ჩვენში კი დანაწევრებული კვება ჭარბ წონასთან ბრძოლისა და ფორმის შენარჩუნების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად რჩება. ნებადართულია ყველაფერი, ოღონდ სხვადასხვა დროს და ცალ–ცალკე: კარტოფილი კატლეტის გარეშე, პური უკარაქოდ. თუ ორი რამის ერთად დაგემოვნება მოინდომეთ, მოგიწევთ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთთან. მერე რა, თუ თეორია უკვე ას წელს ითვლის, მეცნიერებმა კი მისი ფაქტობრივი დასაბუთება ვერ მოიპოვეს! ისე კი, თუ ჩვეული სადილის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეულის სუპს დასჯერდებით, მეორეს ვახშმად შეექცევით, გარნირს კი სულაც მეორე დილისთვის შემოინახავთ, ჭარბ (და არა მარტო ჭარბ) წონას პოზიციების დათმობა ნამდვილად მოუწევს.
ღირსებები: დანაწევრებული კვების მიმდევრებს ჭარბი წონა მართლაც არ აწუხებთ, თანაც თუ რაციონი ჭკვიანურად არის შედგენილი, არც სასარგებლო ნივთიერებების დანაკლისს განიცდიან. ისე, თუ პროდუქტების ურთიერთდამოკიდებულების გაზვიადებულ და გამოგონილ სირთულეებს გამოვრიცხავთ და არც რძისა და პარკოსნების უმიზეზო ათვალწუნებას მივაქცევთ ყურადღებას, შეიძლება დანაწევრებული კვება სრულფასოვან დაბალკალორიულ დიეტამდე დავიყვანოთ, ამ უკანასკნელს კი მეცნიერები ურჩევენ ყველას, ვისაც მინიმუმ 150 წელი სიცოცხლე სურს.
ნაკლოვანებები: ქრონიკულად და გამუდმებით გშიათ, უცნაური, თითიდან გამოწოვილი წესების დაცვა გიწევთ, ორგანიზმი შერეულ საკვებთან გამკლავების უნარს კარგავს და დიეტიდან ნებისმიერ გადახრაზე მტკივნეულად რეაგირებს.

მხსნელი აბები
ჯადოსნური ელექსირის რწმენა ჩვენთვის ისეთივე ეროვნული თვისებაა, როგორიც სიზარმაცე, ამიტომაც გასახდომ პრეპარატებს მოდიდან გამოსვლა კიდევ დიდხანს არ ემუქრება. არალეგალურად თუ ნახევრად ლეგალურად შემოტანილ საშუალებებსა და კოქტეილებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ; თუ მძაფრი განცდები გიტაცებთ, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე კი კაპიკადაც არ გიღირთ, შეგიძლიათ გამოსცადოთ კიდეც. შედარებით უსაფრთხოდ შეიძლება გახდომა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული საშუალებებით, მაგრამ ისინი მხოლოდ ორნაირია. პირველი სახის პრეპარატები საკვებიდან ცხიმების სრულყოფილ შეწოვას უშლის ხელს, მეორე კი ტვინში მადის ცენტრზე ზემოქმედებს. შეგახსენებთ: ეს საშუალებები მხოლოდ და მხოლოდ გონივრული დიეტის ეფექტს აძლიერებს, მისი სავსებით შეცვლა კი არ ძალუძს.
ღირსებები: სპეციალური პრეპარატები წონის დაკლებას მართლაც უწყობს ხელს.
ნაკლოვანებები: არავინ იცის, რას მოგიტანთ მათი გამოყენება 20–30 წლის შემდეგ – ასეთი დაკვირვების შედეგი არ არსებობს. თანაც “გახდომის კურსის” დასრულების შემდეგ წონა ბრუნდება.

კურანტების ნოსტალგია
“კრემლის” დიეტამ ელვის სისწრაფით აირბინა რეიტინგის ზემოთა საფეხურებზე და ცოტა ხანში ბებერ შელტონსაც გამოაძევებს. დიეტოლოგები გაკვირვებას ვერ მალავენ: იდეა არც ახალია და არც ორიგინალური.
“რევოლუცია დიეტოლოგიაში” (არ ვაჭარბებთ, სწორედ ასე დაარქვა ამერიკელმა ექიმმა ატკინსმა ნაშრომს ამ დიეტის შესახებ) გასული საუკუნის 70–იან წლებში მოხდა და მას შემდეგ უამრავი მიმდევრის წონა და ჯანმრთელობა შეიწირა (ავი ენები იმასაც კი ამბობენ, თვით საწყალი ატკინსიც საკუთარ რეკომენდაციებს გადაჰყვაო). რევოლუციური იდეა დიდი რაოდენობით ცილისა და ცხიმის მიღებას გულისხმობს (ესე იგი, ხორცი, კვერცხი, ყველი იმდენი მიირთვით, რამდენიც გენებოთო), ნახშირწყლები კი, მას თუ დავუჯერებთ, სრულებით არ არის საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ტკბილეულზე როდი მოგიწევთ უარის თქმა, ეგზეკუცია ხილს, ბოსტნეულს (მცირე გამონაკლისების გარეშე), ბურღულეულს და მრავალ სხვა პროდუქტსაც ეხება. ნახშირწყლების უკმარისობის გამო (ისინი კი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა) ცხიმის მარაგი იწვის.
კრემლის აქტივისტები სწორედ ამ დიეტის რუსიფიცირებულ ვარიანტს გვთავაზობენ. დღიური რაციონის გამოსათვლელი ქულებიც 100 გ პროდუქტში ნახშირწყლების შემცველობას გულისხმობს.
ღირსებები: ამ დიეტით აუცილებლად გახდებით, თანაც საკმაოდ სწრაფად...
ნაკლოვანებები: ...ოღონდ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. თანაც მხოლოდ ფიზიკური კი არა, სულიერისაც – ტვინს ნახშირწყლები სჭირდება, ამიტომაც ცილოვანი დიეტის დროს უარესდება ყურადღება, მეხსიერება, გუნება–განწყობა. ცხიმების სიჭარბის გამო ღვიძლი იჩაგრება, ცილების გამო კი თირკმელები. ყველა სიკეთესთან ერთად, ამ დიეტაზე დიდხანს (კვირაზე მეტხანს) ყოფნა არასდიდებით არ შეიძლება, მისი შეწყვეტის შემდეგ კი წონის აკრეფა გარდაუვალია.

მხოლოდ შენ ერთს
ვაშლისა თუ კეფირის დიეტა ჩვენი საბჭოთა წარსულის გარიჟრაჟზეც საკმაოდ პოპულარული იყო. იმხანად ესტრადის ვარსკვლავებიც და უბრალო ფეიქრებიც ასე ხდებოდნენ. კაცმა არ იცის, რატომ მოგვეძალა ასე ძალიან ეს თეთრი ნოსტალგია (კეფირი იქნება ეს, არაჟანი, იოგურტი თუ მაწონი)... შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კეფირული ეიფორია მალე ჩაცხრება, მის ნაცვლად კი სხვა გაუგონარი და მშიერი მონოდიეტა წამოტივტივდება. არჩევანი დიდია: ბრინჯის, ბანანის, შვრიის...
ღირსებები: წონის დაკლება გარდაუვალია.
ნაკლოვანებები: ასევე გარდაუვალია მისი ხელახლა აკრეფა კეფირით (არაჟნით, მაწვნით...) თვითგვემის დამთავრების შემდეგ. თავისთავად ამ შესანიშნავი პროდუქტის ღირსებებზე არვინ დავობს, მაგრამ ასეთი დიეტა აბსოლუტურად შეუთავსებელია ჯანსაღ ცხოვრებასთან. სხვა საქმეა, თუ კვირაში მხოლოდ ერთ განტვირთვის დღეს მოიწყობთ.

“სისხლიანი” გახდომა
ამ დიეტის ავტორები მარტივ, თუმცა საკმაოდ უცნაურ რეკომენდაციებს გვთავაზობენ: პირველი ჯგუფის სისხლის მქონენი თურმე მონადირეთა შთამომავალნი ყოფილან და მათ რაციონში ხორცი უნდა ჭარბობდეს; თუ თქვენს ძარღვებში მეორე ჯგუფის სისხლი ჩქეფს, მიწათმოქმედი წინაპრები გყოლიათ, ამიტომ თქვენთვის საუკეთესო საკვები მინდვრებისა და ბოსტნების მოსავალია; მესამე ჯგუფში მოხვედრილებს კი ბედმა ყველაზე მეტად გაუღიმათ: თურმე მომთაბარე ტომების ჩამომავალნი ბრძანებულან, ამიტომ მათთვის ყველაფერია დასაშვები. ასეთივე იღბლიანები არიან ყველაზე “ახალგაზრდა” და გამოუცნობი მეოთხე ჯგუფის წარმომადგენელნიც.
საკმაოდ ორიგინალური იდეაა, თუმცა მისი მეცნიერული დასაბუთება ჯერ ვერ ხერხდება.
ღირსებები: თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ამ გზით მართლაც იკლებს.
ნაკლოვანებები: იძულებული ხართ, დაუსაბუთებელ და ზოგჯერ საღ აზრს სრულიად მოკლებულ რჩევებს აჰყვეთ. თანაც უკვე მრავლად მოიძებნება ხალხი, ვინც ყველა რეკომენდაცია სკრუპულოზურად შეასრულა, შედეგად კი... გასუქდა.

კვლავ თქვენი იმედი გაქვს, მსიე!
კვების ფრანგი მაესტროს რეიტინგი ოდნავ დაეცა, თუმცა მისი დიეტა კვლავ მყარად ინარჩუნებს ადგილს ტოპ ათეულის ზედა სტრიქონებში. მონტინიაკმა პირველად ამცნო გასუქების გზაზე შემდგარ კაცობრიობას გლიკემიური ინდექსის შესახებ და აჩვენა, რომ ტკბილეული, ცომეული, შემწვარი კარტოფილი და რაფინირებული პროდუქტები (გაწმენდილი ბრინჯი, სწრაფად მოსამზადებელი ფაფები) კარგი ფიგურის მოსისხლე მტრები არიან. მათი გლიკემიური ინდექსი ძალიან მაღალია, დანაყრების განცდა, რომელსაც ეს პროდუქტები გვიჩენს, დიდხანს არ გასტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტორტის ნაჭრით გამგელებულ მადას ვერ დააწყნარებთ და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ დაიწყებთ სასუსნავის ძებნას. ცხიმებს მაღალი გლიკემიური ინდექსი არ აქვთ, თუმცა არც მათი მიღებაა მაინცდამაინც სასურველი.
ღირსებები: თუ სწორად დაიცავთ, მონტინიაკის სისტემა შეუცდომლად მუშაობს. ასეთი დიეტა ორგანიზმისთვის მართლაც სასარგებლოა.
ნაკლოვანებები: განაჩენი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს; მარჯვნივ ან მარცხნივ ერთი ნაბიჯით გადაცდომაც კი თქვენს თეძოებზე დაუყოვნებლივ აისახება. თანაც აკრძალვა უამრავია. განა რამდენი ჩვენგანი გაძლებს ტკბილეულის გარეშე?..

ჩამოვსხდეთ... დიეტაზე
დიეტა ცხიმების ნაკლები შემცველობით ნელ–ნელა, მაგრამ მყარად იკიდებს ფეხს და სულ უფრო და უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გახდომის მოსურნეთა შორის საღი აზრი თანდათან იმარჯვებს. ჩვენი ორგანიზმის ცხიმოვანი მარაგი საკვები ცხიმების უზომო მოხმარების გამო იზრდება, ასე რომ, მათი შემცირება მოგიწევთ. არც ტკბილეულით გატაცებაა მიზანშეწონილი – ისინი ცხიმების ჩალაგებას უწყობს ხელს. არავითარი აკრძალვა, ნებადართულია ყველაფერი: ტორტი, ნამცხვარი, ლორიც კი, – ოღონდ ცოტ-ცოტა და მაძღარ კუჭზე. ყველაზე შესაფერისი საკვებია რძის უცხიმო და რძემჟავა პროდუქტები, ბოსტნეული, ბურღულეული, პარკოსნები, პური, ხილი, მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი.
ღირსებები: ეს ნებისმიერი ორგანიზმის ოცნებაა. რაკი წონა სწრაფი ნახტომებით არ იკლებს, შედეგის სტაბილურობა მეტ–ნაკლებად გარანტირებულია. კვებითი ჩვევების შეცვლა თითქმის არ მოგიწევთ, ამიტომაც დიეტის დაცვა საკმაოდ ადვილია.
ნაკლოვანებები: სწრაფი ეფექტის იმედი ნუ გექნებათ; კილოგრამები შედარებით ნელა (თვეში 1–4 ცალი) ტოვებს ორგანიზმს, მაგრამ სამაგიეროდ, სამუდამოდ ქრება.

loading...
ADMIN 1227 0 2014-12-06
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css