ვინ მოთვლის, რამდენი გამოცდა ელის მშვენიერ სქესს ცხოვრების გზაზე. მათ შორის – პათოლოგიების მთელი არსენალი, რომელთაც მარტივად ქალური დაავადებების სახელით მოვიხსენიებთ.
ბევრი ჯეროვან ყურადღებას არც კი აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. ჰგონია, ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილში აღმოცენდება, თავისთავად გაივლის. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება... უყურადღებობის გამო ბანალური ანთების საფუძველზე ისეთი მძიმე გართულება ყალიბდება, როგორიც უნაყოფობაა. ამდენად, ნებისმიერი დისკომფორტი, რომელსაც ქალბატონები განიცდიან, მეტად საყურადღებოა.
მაინც რომელი გინეკოლოგიური დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად? რა პრინციპით მკურნალობენ მათ? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ბესარიონ ტყეშელაშვილი.
. რომელი გინეკოლოგიური დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად?
– გინეკოლოგიურ პრობლემებს შორის ყველაზე მეტად გახლავთ გავრცელებული:
. სასქესო ორგანოების ინფექციური პათოლოგიები;
. მენსტრუაციული ციკლის დარღვევები (მათ შორის – ბავშვებში, რაც მენსტრუაციული ციკლის პათოლოგიების სახით იჩენს თავს); მრავლადაა ჰიპომენსტრუაციული ტიპის დარღვევა: სისხლდენის შემცირება, გაიშვიათება და გაქრობა;
. სიმსივნური (ჰიპერპლასტიური) პროცესები, რომლებიც საშვილოსნოს ყელზე, მის ტანსა და შიდა გარსზე ვითარდება. აქვე უნდა ვახსენოთ სარძევე ჯირკვლების პათოლოგიებიც – მოგეხსენებათ, ისინიც ქალის სასქესო ორგანოთა რიცხვს ეკუთვნის.
გარდა ამ პრობლემებისა, ქალბატონები ხშირად უჩივიან უნაყოფობას და კლიმაქსურ პრობლემებს.
. სქესობრივად გადამდები უმთავრესად რომელი ინფექციებით ავადმყოფობენ ქალბატონები?
– სასქესო სფეროს უპირატესად ე.წ. უჯრედშიდა მიკროორგანიზმები აზიანებენ. ისინი იწვევენ ქლამიდიოზს, ურეაპლაზმოზს, მიკოპლაზმოზს, ტრიქომონიაზს, ჰერპესს, პაპილომავირუსულ ინფექციას, მიკოზს, სხვადასხვა დისბაქტერიულ ცვლილებას.
ინფექციის უტყუარი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, უნიფიცირებული, რეფერენტული, ზუსტად განსაზღვრული მიდგომა ავირჩიოთ. მაგალითად, სისხლში ქლამიდიის აღმოჩენის იმუნოფერმენტული მეთოდი, რომელიც საქართველოში ფართოდ არის დანერგილი, ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ასევე შეუძლებელია ჩვეულებრივი ნაცხის აღებით პაპილომავირუსის აღმოჩენა. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის უთუოდ PAP-ტესტის გაკეთებაა საჭირო.
. ვიცით, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს…
– მკურნალობაც და დიაგნოსტირებაც უთუოდ პარალელურად უნდა წარიმართოს, თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ერთი თავისებურება: დაავადება შეიძლება იყოს ორგანიზმში, მაგრამ არ გამოვლინდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პათოლოგია აღმოაჩნდება პარტნიორს. ასეთ შემთხვევაში, რომელიმე დაავადება რომ არ გამოგვეპაროს, რამდენიმე კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ამრიგად, ეფექტური მკურნალობის უპირველესი პირობა მართებული დიაგნოზის დასმა გახლავთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელი პრეპარატებით და რამდენ ხანს მკურნალობდა ქალი. ყოველივე ამის გათვალისწინებით მკურნალობის სწორი ტაქტიკისა და ხანგრძლივობის შერჩევა იოლია.
სამწუხაროდ, ამჟამად გავრცელებულია ტენდენცია, სასქესო ინფექციებისგან ერთდღიანი თერაპიით განკურნონ. თავისთავად ამგვარი ტაქტიკა მისაღებია, მაგრამ მხოლოდ მწვავე შემთხვევების დროს; პრაქტიკაში უმეტესად მაინც ქრონიკულ ინფექციურ პათოლოგიებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ხანგრძლივი, სულ მცირე, თოთხმეტ-ოცდღიანი თერაპიული კურსი სჭირდება.
. სასქესო ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიღებულია?
– საქართველოში ანტიბიოტიკებს მეტად არარაციონალურად იყენებენ. შედეგად ვიღებთ პრეპარატების მიმართ გამძლე ბაქტერიულ შტამებს, რომლებზეც შემდგომ დანიშნული ანტიბაქტერიული მედიკამენტები აღარ მოქმედებს. ამის გამო თერაპიას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამდენად, არაადეკვატური მკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება. ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რაც მთავარია, საჭიროა სქესობრივი პარტნიორების ე.წ. სარკისებრი მკურნალობა, რაც ორივესთვის ერთი და იმავე მედიკამენტების დანიშვნას გულისხმობს.
. მეტად გახშირდა მენსტრუაციული ციკლის მოშლილობანი მოზარდ გოგონებს შორის. სახელდობრ, რომელი ტიპის დარღვევებია დამახასიათებელი ამ ასაკისთვის?
– მოზარდ გოგონას შეიძლება მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერი იმ ტიპის
მოშლილობა აღენიშნებოდეს, რაც ზრდასრულ ქალბატონებს აწუხებს. პრობლემის გაახალგაზრდავებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – ძილ-ღვიძილის რიტმის, საზოგადოდ, ბიორიტმების დარღვევა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვებით კვება. თუკი ამას გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაერთო, პრობლემა ადრეულ ასაკში იჩენს თავს.
. მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს ხშირად ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობენ. გამართლებულია თუ არა პრობლემისადმი ამგვარი მიდგომა?
– მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს მართლაც ხშირად მკურნალობენ ჰორმონული კონტრაცეპტივებით, ისე, რომ პათოლოგიის აღმოცენების რეალურ მიზეზს არ შეისწავლიან. ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პათოლოგიას კიდევ უფრო აღრმავებს (ხშირად ანოვულაციასაც კი იწვევს) და საბოლოოდ უნაყოფობას განაპირობებს.
. რა პრინციპით მკურნალობენ მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს?
– ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკური თავისებურებანი, კვების ხასიათი, ცხოვრების რეჟიმი, სტრესების არსებობა... ყოველივე ამის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ვერიდებით ჰორმონული პრეპარატების დანიშვნას.
. ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსივნური პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკას. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ სასქესო ორგანოების ახალწარმონაქმნებისგან დაზღვეული იყოს?
– სასქესო ორგანოების სიმსივნური პათოლოგიები თავიდან რომ ავიცილოთ, ყოველწლიურად უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური შემოწმება. გაცილებით ხშირი კონტროლი სჭირდება მას, ვისაც რომელიმე გინეკოლოგიური პათოლოგია აღენიშნება.
. არსებობს თუ არა კლინიკური ნიშანი, რომელიც ქალს სასქესო ორგანოების სიმსივნური პათოლოგიის არსებობას გვაფიქრებინებს?
– ადრეულ ეტაპზე ეჭვის საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ქალები როგორც წესი, სისხლდენის, ტკივილისა და მუცლის ზრდის გამო მოგვმართავენ, ეს სიმპტომები კი უკვე სიმსივნური პროცესის სიძველეზე მეტყველებს. გარდა ამისა, ქალი შეიძლება უჩიოდეს მეზობელი ორგანოების ფუნქციურ დარღვევებს და უნაყოფობას.
. რომელი ასაკიდან არის მიზანშეწონილი პროფილაქტიკის მიზნით გინეკოლოგთან მისვლა?
– ნებისმიერ ასაკში, როცა კი ქალი ან მოზარდი გოგონა რაიმე საეჭვო ნიშანს შეამჩნევს, უთუოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოზარდ გოგონას ზრდასრული ქალის მსგავსად უნდა ჩაუტარდეს სრულფასოვანი გინეკოლოგიური გამოკვლევა: სასქესო ორგანოების ექოსკოპია, PAP-ტექნოლოგიით გაკეთებული ნაცხის ანალიზი და კოლპოსკოპია.
. უამრავ ქალს აწუხებს საკვერცხეების ანთება. ხშირად საუბრობენ ისეთ პრობლემაზეც, როგორიც კვერცხსავალი მილების შეხორცება და ამით გამოწვეული უნაყოფობაა. მაინც რა იწვევს ამგვარ ცვლილებებს?
– შიგნითა სასქესო ორგანოების ანთებით დაზიანებას უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს. ყველაზე ხშირად – ტრიქომონა, შემდეგ – ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ჩირქმბადი მიკროორგანიზმები ორგანიზმში უპირატესად გინეკოლოგიური მანიპულაციების (ხელოვნური აბორტის) და მშობიარობის დროს ხდება.
. სასქესო ორგანოების დაავადებათა ყველაზე არასასურველი, თუმცა ხშირი გართულებაა უნაყოფობა. რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა საქართველოში?
– ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს, დღითიდღე ხშირდება. ამის კვალობაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ უნაყოფობაც მეტად აქტუალურია.
. როგორ მკურნალობენ გინეკოლოგიურ დაავადებებს?
– მკურნალობის ეფექტურობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, უწინარეს ყოვლისა, სწორი დიაგნოზი, დაავადების განვითარების მექანიზმისა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა, მათი ლიკვიდაციის რაციონალური ხერხებისა და საშუალებების შერჩევა, ეს ყოველივე კი ექიმის პროფესიონალიზმზე გახლავთ დამოკიდებული. მკურნალობის ზოგადი პრინციპი ასეთია: რაც შეიძლება ნაკლები წამალი ან მათი თანმიმდევრული გამოყენება აუცილებლობის მიხედვით. პრაქტიკაში ძნელია ასეთი მზა ფორმულების მოწოდება. მაგალითად იმავე ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობას მოვიხმობ. თუ პროლაქტინის დეფიციტი მისი მასინთეზებელი სიმსივნის არსებობით არ არის გამოწვეული, დროგამოშვებითი, ტრანზიტორული ხასიათისაა და ფუნქციური ჰიპერპროლაქტინემიის სახით ვლინდება, უპირატესობას ანიჭებენ არა ქიმიურ, არამედ ფიტოპრეპარატებს.
. დასასრულ, რას ურჩევდით ქალებს?
– ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის ჩასახვისთანავე უნდა დავიწყოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონას აღზრდას, მის გათვითცნობიერებას გინეკოლოგიურ საკითხებში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაჟებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. მით უმეტეს, რომ ანდროლოგიური პრობლემები დღეს მრავალ მამაკაცს აწუხებს.
ყველა ქალბატონმა უნდა გაითავისოს, რომ გინეკოლოგიური პათოლოგიების საუკეთესო მკურნალობა პროფილაქტიკაა. ურიგო არ იქნება, თუ დროდარო ექიმს ეწვევით და ზოგიერთი მეტად საჭირო გამოკვლევა ჩაიტარონ.
გარდა ამისა, გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ორალური კონტრაცეპტივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალებების (სპირალის) მიმართ. მათ დანიშვნას და გამოყენებას წესების მკაცრი დაცვა სჭირდება. ქალს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა შეურჩიოს.
დაბოლოს, მსურს, რჩევა მივცე კლიმაქსური ასაკის ქალბატონებს. მენოპაუზა ქალის ცხოვრების ისეთივე ფიზიოლოგიური პეროდია, როგორიც ბავშვობა, პუბერტატული (გარდატეხის) და რეპროდუქციული ასაკი. ამიტომ თუ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, ქალს ჰორმონული მედიკამენტებით ზედმეტი მკურნალობა არამც და არამც არ დასჭირდება. სამკურნალო პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ მაშინ გახლავთ გამართლებული, როდესაც ქალბატონს კლიმაქსთან დაკავშირებული რომელიმე პათოლოგიური სინდრომი აღენიშნება.
---------------------------------
გასაძლისი ტკივილი თუ…
მცირე მენჯის ღრუს არეში ტკივილი რომელ ქალს არ გამოუცდია! დისკომფორტს ან საკვერცხეების ანთებას ვაბრალებთ ხოლმე, ან წინარემენსტრუაციულ სინდრომს. ტკივილი მეტწილად გასაძლისია და ამიტომ თავის ნებაზე გვყავს მიშვებული: ცოტა მეტკინება და გამივლისო.
რისი ბრალიც არ უნდა იყოს მცირე მენჯის ღრუში აღმოცენებული ტკივილი, ყურადღება და გინეკოლოგის კონსულტაცია უთუოდ საჭიროა, მაგრამ სანამ გამოკვლევისთვის სპეციალისტს მიმართავთ, მოდი, თვალი გადავავლოთ იმ პათოლოგიებს, რომლებიც შეიძლება “ქალური” ტკივილის მიზეზად იქცეს.
“უწყინარი” ტკივილი
დისკომფორტს, რომელსაც პერიოდულ ტკივილს უწოდებენ და რომელიც თვეში ერთხელ, თითქმის ერთსა და იმავე დროს (მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში) აღმოცენდება, ფიზიოლოგიური ბუნება აქვს. ის ოვულაციას უკავშირდება, ამიტომ მტკივნეული ოვულაციის სახელითაც იხსენიებენ. ტკივილი შეიძლება რამდენიმე წუთს ან რამდენიმე საათს გაგრძელდეს და შემდეგ უკვალოდ გაქრეს.
მტკივნეული ოვულაცია არ უკავშირდება პათოლოგიურ პროცესს და, ამდენად, ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
ტკივილი კრიტიკულ დღეებში
მუცლის ქვედა ნაწილში არცთუ იშვიათია ტკივილი და ქაჩვის შეგრძნება უშუალოდ მენსტრუაციის დროს ან რამდენიმე დღით ადრე. წინარემენსტრუაციულ მუცლის ტკივილს, როგორც წესი, თან სდევს სარძევე ჯირკვლების გადიდება, მუცლის შებერვა, უგუნებობა, მადის მომატება და ა.შ. ყველა ეს უსიამოვნება სპეციალისტებმა საერთო სახელწოდებით: წინარემენსტრუაციული სინდრომით – გააერთიანეს. მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ თუკი დისკომფორტი ძლიერია, უმჯობესია, გინეკოლოგს ესტუმროთ და ადეკვატური თერაპიული კურსი ჩაიტაროთ.
ორგანული ტკივილი
როგორც სახელწოდებაც მიგანიშნებთ, ამ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი მცირე მენჯის ღრუს რომელიმე ორგანოს დაზიანება გახლავთ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული საშვილოსნოს დანამატების ანთებითი ცვლილებებია.
სალპინგოოოფორიტის, იმავე დანამატების ანთების, მთავარი მიზეზი ინფექციაა, უპირატესად – განმეორებითი. ანთებითი პროცესის უყურადღებოდ დატოვება, აქაოდა თავისთავად გაივლისო, არამც და არამც არ შეიძლება. ანთების შედეგად ხშირად შეხორცებითი პროცესი ვითარდება, რაც საბოლოო ჯამში უნაყოფობას განაპირობებს.
“ქალური” ტკივილის კიდევ ერთი ხშირი მიზეზი ენდომეტრიოზია, რომლის დროსაც საშვილოსნოდან აშრევებული სისხლძარღვოვანი ქსოვილის ნაფლეთები (რომლებიც, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დროს გამოიდევნება ორგანიზმიდან), უადგილო ადგილას, მაგალითად კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებსა და მუცლის ღრუში გადაიტყორცნება. ტკივილი, როგორც წესი, მენსტრუაციის დროს აღმოცენდება.
ტკივილი ორსულობის დროს
ხშირად მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმვისა და ქაჩვის შეგრძნება საშვილოსნოს ტონუსის მატებაზე მიუთითებს, თუმცა დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის შედეგად შეიძლება. არცთუ იშვიათად ძლიერი ტკივილის მიზეზი სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა) გახლავთ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე მენჯის ღრუს არეში ტკივილს (ამასთანავე – საკმაოდ ძლიერს) განაპირობებს, საშვილოსნოსგარე ორსულობაა, როდესაც კვერცხსავალი მილი სკდება და პერიტონიტის საშიშროება იქმნება.
იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე
დედობა ქალისთვის უდიდესი მადლია, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ მედიცინის ისეთი დარგი, როგორიც რეპროდუქტოლოგიაა, დღესდღეობით მეტად პრიორიტეტული გახლავთ, მაგრამ ვიდრე სპეციალისტს მიმართავდეს, ქალმა თავადვე უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამისთვის რამდენიმე კანონზომიერების გათვალისწინება მოგიწევთ:
. რეპროდუქციულ (შვილოსნობის) ფუნქციაზე ნეგატიურად აისახება მწვავე და ქრონიკული ინფექციური პათოლოგიები, მათ შორის – ქრონიკული ტონზილიტი და გრიპით ხშირი ავადობა.
. მოერიდეთ გადაცივებას, განსაკუთრებით – მენსტრუაციის დროს. აუზში ან ზღვაში ცურვის შემდეგ სველი საცურაო კოსტიუმი მალევე გაიხადეთ, თორემ ადვილი შესაძლებელია, საშვილოსნოს დანამატების ანთებას გამოჰკრათ ხელი.
. მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციებს ვნებს მოჭერილი შარვლები – ისინი აწვება სისხლძარღვებს, რომლებიც ორგანოებს სისხლით ამარაგებს. უპირატესობა ბუნებრივი მასალის თეთრეულს მიანიჭეთ.
. არამც და არამც არ გირჩევთ თვითმკურნალობას, განსაკუთრებით – სათბურის დადებას ან ყურმოკრული მედიკამენტების მიღებას.
-------------------------------------
მეტად საპასუხისმგებლო ვიზიტი
ქალები გინეკოლოგს ორ შემთხვევაში მიმართავენ: ერთხელ – როდესაც ორსულობას ეჭვობენ, ხოლო მეორედ – როცა რომელიმე ქალური დაავადება აწუხებთ. როგორც გინეკოლოგები გვაფრთხილებენ, მრავალი ასეთი პათოლოგია ფარულად მიმდინარეობს და თავს მხოლოდ მაშინ იჩენს, როდესაც განკურნება უკვე მეტისმეტად რთულია. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ გინეკოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით დროდადრო მაინც შევივლით. სპეციალისტები გვირჩევენ, გინეკოლოგიური პრობლემებისგან თავის დაზღვევის მიზნით 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ქალი კოსულტაციისთვის წელიწადში ერთხელ მაინც ეწვიოს ექიმს.
არ გადადო
მაშინაც კი, როცა სიმპტომები თვალსაჩინოა, ბევრი თავს არიდებს გინეკოლოგთან ვიზიტს. ისეთი შემაწუხებელი ნიშნებიც კი, როგორიც არის ძლიერი ტკივილი და დაქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, სხეულის ტემპერატურის მატება, უხვი, სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენი საშოდან, გამონაყარი გარეთა სასქესო ორგანოებზე, ქავილისა და წვის შეგრძნება, – უყურადღებოდ რჩება. ზოგჯერ უსიამოვნო შეგრძნებები თავისთავად გაივლის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემას თავი სამუდამოდ დავაღწიეთ – ვერაგი დაავადება ფარულად განაგრძობს არსებობას და ელის ხელსაყრელ წუთს, რათა ადრინდელზე მეტი აგრესიულობით შეგვახსენოს თავი.
გინეკოლოგთან ვიზიტი არამც და არამც არ გადადო, თუკი:
. გაწუხებს უხვი მძაფრსუნიანი გამონადენი საშოდან, რასაც ერთვის ქავილის შეგრძნება და წვა. დაგერღვა მენსტრუაციული ციკლი: გაქვს უხვი და ხანგრძლივი (7-10 დღეზე მეტი) მენსტრუაციული სისხლდენა;
. სისხლდენა სხვა დღეებშიც იჩენს თავს ან საცვლებზე პერიოდულად სისხლის ლაქები ჩნდება;
. მენსტრუაციამ “დაიგვიანა” (არ აქვს მნიშვნელობა, გქონდა თუ არა სქესობრივი კავშირი);
. გარეთა სასქესო ორგანოებზე მცირე ზომის წანაზარდები შენიშნე, ლორწოვანი გარსი გაღიზიანებული და შეწითლებულია.
გაითვალისწინე: მედიკამენტების (უპირატესად – ანტიბიოტიკების) არაადეკვატური მიღება დაავადებას არ სპობს, მაგრამ აქრობს, უჩინარს ხდის სიმპტომებს, რაც მეტად სახიფათოა – დროთა განმავლობაში, თითქოსდა სრულიად უმიზეზოდ, თავს წამოყოფს ისეთი მძიმე გართულება, როგორიც კვერცხსავალი მილების შეხორცებითი გადაგვარება და ამით განპირობებული უნაყოფობაა.
ქალური გამოცდის წინ
გინეკოლოგთან ვიზიტი ერთგვარი ქალური გამოცდაა. ისევე, როგორც ყველა სხვა გამოცდის წინ, მომზადება არც ამ შემთხვევაში გაწყენდა. ამისთვის რამდენიმე რჩევა გაითვალისწინე:
. ვიზიტი მენსტრუაციის მომდევნო პერიოდისთვის დაგეგმე. კრიტიკულ დღეებში ექიმთან წასვლას არამც და არამც არ გირჩევ
. ზუსტად გაიხსენე უკანასკნელი მენსტრუაციის დაწყების თარიღი. ზოგჯერ ექიმი პირველი მენსტრუაციის დაწყების ასაკითაც ინტერესდება.
. ექოსკოპიური გამოკვლევისას ზოგჯერ საშარდე ბუშტი დაცლილი უნდა იყოს. ამის თაობაზე სპეციალისტს წინასწარ ჰკითხე.
. ხშირად საჭიროა, ექიმთან პარტნიორთან ერთად მიხვიდე, გამოკვლევები ორივემ ჩაიტაროთ და, შესაბამისად, ორივემ იმკურნალოთ. ეს მაშინ, როცა ქალს სგგი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია) აქვს ან უნაყოფობას უჩივის. უკანასკნელ შემთხვევაში დამნაშავე ხშირად მამაკაცია. ამას ხშირად მას შემდეგ ხვდებიან, რაც ქალს ყველა ნაცადი მეთოდით უმკურნალებენ, მაგრამ შედეგს ვერ მიიღებენ. ასე რომ არ მოხდეს, თავიდანვე წყვილის გამოკვლევაა საჭირო.
***
და კიდევ: თუკი არასასურველი ორსულობისგან თავის დაზღვევას გადაწყვეტ, კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად უთუოდ გინეკოლოგს მიაკითხე. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, თავდაცვის რომელი საშუალება შეესატყვისება ყველაზე უკეთ შენ ასაკს.
--------------------
ვარჯიში დაზარალებული ორგანოებისთვის
დამეთანხმებით – გინეკოლოგიური მანიპულაცია ქალის სუსტი ორგანიზმისთვის მეტად დიდი დატვირთვაა, მით უმეტეს, როცა საქმე ქირურგიულ, თუნდაც უმნიშვნელო, ოპერაციას ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, ქირურგიული ჩარევა საკვერცხეებზე მოხდება თუ საშვილოსნოს ყელზე, – გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ ორგანიზმს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება მოძლიერება, ხოლო მცირე მენჯის ღრუს “დაზარალებულ” ორგანოებს – სისხლით ადეკვატური მომარაგება. ამისთვის საუკეთესო გზა სპეციალური ვარჯიში გახლავთ.
გთავაზობთ ვარჯიშთა კომპლექსს, რომელთა შესრულება მარტივი გინეკოლოგიური ოპერაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება (მძიმე ოპერაციის შემდეგ, სასურველია, რამდენიმე კვირა არ ივარჯიშოთ). ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ სულ რაღაც ოც-ოცდახუთწუთიანი წავარჯიშება საკმარისია, რომ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგება აღდგეს, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციები ნორმას დაუბრუნდეს. ყველა ვარჯიში ზურგზე წოლისას სრულდება.
1. ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და გამართეთ. ხელები სხეულის გასწვრივ დაიწყვეთ. გაჭიმული ხელები ნელა გადაიტანეთ თავს უკან და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ნელა დაუშვით სხეულის გასწვრივ და პირით ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
2. ხელები მოხარეთ და მუშტებად შეკარით. ფეხები გაჭიმეთ, ტერფები წინ მიმართეთ. მუშტები გაშალეთ, პარალელურად ფეხები კოჭ-წვივის სახსარში მოხარეთ და ტერფები თქვენსკენ მიზიდეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში 5-6-ჯერ გაიმეორეთ.
3. ფეხები გამართეთ, შემდეგ ნელა მოხარეთ მუხლის სახსარში, ისე, რომ ტერფები იატაკს არ ააცილოთ. რამდენიმე წამით ასე გაჩერდით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ვარჯიში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.
4. ფეხები მაქსიმალურად მოხარეთ მუხლებში, ისე, რომ ტერფები სხეულთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეს. ხელები ტანის გასწვრივ დაიწყვეთ და მენჯი რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა ასწიეთ. რამდენიმე წამს ასე გაჩერდით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ვარჯიში ნელა გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
5. ხელები ბოქლომად შეკარით და თავქვეშ ამოიდეთ, იდაყვები აქეთ-იქით მიმართეთ. ფეხები გამართეთ. ხელების დახმარებით თავი და მხრები ისე წამოსწიეთ, რომ ნიკაპი გულმკერდს შეეხოს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
6. ხელები სხეულის გასწვრივ დაიწყვეთ. ფეხები ჯერ გამართეთ, შემდეგ მარჯვენა კიდური გვერდზე გასწიეთ, კვლავ საწყის მდებარეობას დაუბრუნეთ (მიატყუპეთ მეორეს) და იგივე მოძრაობა მარცხენა ფეხით შეასრულეთ. ვარჯიში 3-4-ჯერ გაიმეორეთ.
ამ ვარჯიშების შესრულება რეკომენდებული არ არის:
. მაღალი ტემპერატურის;
. საერთო სისუსტის;
. მწვავე ანთებითი პროცესის;
. საშვილოსნოდან სისხლდენის;
. თრომბოფლებიტის;
. ანემიის;
. სისხლის მიმოქცევის მოშლის;
. გულისრევისა და ღებინების შემთხვევაში
loading...