ამ თემაზე უფრო ვრცლად კლინიკა უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგი-თერაპევტი თეა ჯანჯალაშვილი გვესაუბრა:
“პაროდონტის დაავადება შეიძლება განვითარდეს, როგორც მხოლოდ ადგილობრივი (კბილის მაგარ და რბილ ნადებში არსებული მიკროორგანიზმები, ტრავმული თანკბილვა, უხარისხო და არასწორად ჩატარებული რესტავრაციები და ორთოპედიული კონსტრუქციები), ასევე ზოგადი (ენდოგენური) ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით ორგანიზმის რეაქტიული ძალების ცვლილების ფონზე.
ღრძილის ანთებას ისევე, როგორც კარიესულ დაავადებას კბილის ნადებში არსებული სპეციფიკური მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები იწვევენ. ეს მავნე პროდუქტები შეიცავენ ენდოტოქსინებს, ეკზოენზიმებს და ანტიგენური ბუნების არიან.
ერთის მხრივ, ბაქტერიების ქსოვილში შეჭრის უნარი, რაოდენობა, სახეობრივი შემადგენლობა, გამომუშავებული პროდუქტები, მეორეს მხრივ კი ქსოვილებისა და ორგანიზმის რეზისტენტობა საზღვრავს ანთების ხასიათსა და ხშირად დაავადების ფორმასა და სიმძიმეს (კატარული, წყლულოვანი, ჰიპერტროფული)”.
რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ღრძილების ანთებამ ადამიანი?
ღრძილების ანთებით გამოწვეული დისკომფორტისა და უსიამოვნო სუნის გარდა, დაავადების პროგრესთან ერთად ვითარდება კბილის საყრდენი სტრუქტურის განლევა, რაც კბილის მორყევასა და ხშირ შემთხვევაში დაკარგვას იწვევს.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას?
მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალური, ზოგადი და სტომატოლოგიური სტატუსის შესაბამისი. აქედან გამომდინარე, მკურნალობას აქვს კომპლექსური ხასიათი ადგილობრივი და ზოგადი თერაპიული საშუალებების გამოყენებით.
პროცესის მიმდინარეობიდან მიზეზისა და განვითარების მექანიზმის გათვალისწინებით იგეგმება მკურნალობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ ანთებითი პროცესის ლიკვიდაციისკენ, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისა და მისი დამცველობითი ძალების გაძლიერებისკენ.
გახსოვდეთ, ყოველი სპეციფიკური მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორების მოცილება, რომლის გარეშეც შემდგომი აქტივობა აზრს კარგავს. ეს პროცედურა თქვენმა სტომატოლოგმა უნდა ჩაატაროს, რადგან ადგილობრივი ფაქტორების გამოვლენა და ლიკვიდაცია მხოლოდ პროფესიონალის საქმეა.
ანთებითი პროცესის ფორმის მიუხედავად, ადგილობრივი მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია კბილის მაგარი ნადების მოცილება (პროფესიული ჰიგიენით) და პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავება.
რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტებისა და სავლების გამოყენება. მაგალითად: პაროდონტაქსი, ლაკალუტი და ა.შ. ასევე, მალამოები მეტროჟილ-დენტა, P, A და E ვიტამინის შემცველი პრეპარატები. სახლის პირობებში შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარის: კრაზანას, ევკალიპტის, გვირილის, სალბის, კალენდულას ფოთლებისაგან ნახარში პირის ღრუს სავლებად, ან აბაზანების სახით.
დავით დანელია
loading...