– რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ?
– თიაქრის გეგმური ოპერაციის შემდგომი პერიოდი პრაქტიკულად არავითარ შეზღუდვას არ მოითხოვს, ბავშვს იმავე ან მეორე დღეს ფეხზე ვაყენებთ და სახლშიც ვუშვებთ. ჩაჭედილი თიაქარის შემთხვევაში საქმე შედარებით რთულადაა – ნაოპერაციებ ბავშვს რამდენიმე დღე ვაკვირდებით, რათა გაირკვეს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჩაბრუნებული ორგანო, ველოდებით კუჭის მოქმედებასაც.
კვება ბავშვს მხოლოდ ოპერაციის დღეს ეზღუდება, ისიც – ნარკოზის გამო. ვცდილობთ, რამდენიმე თვით მცირედ შევუზღუდოთ ფიზიკური დატვირთვა. ამ მიზნით სკოლის მოწაფეებს 1,5-2 თვით ვათავისუფლებთ ფიზკულტურის გაკვეთილებიდან.
– რა შემთხვევაში ყალიბდება თიაქარი განმეორებით?
– რეციდივი უფრო ხშირია იმ პაციენტებში, რომლებსაც ოპერაცია ახალშობილობის პერიოდში გაუკეთდათ ჩაჭედვის გამო. ჩაჭედილი თიაქრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის სისწრაფეს, ჩაჭედილი ორგანოს დროულ გათავისუფლებას, ასეთ სიჩქარეში კი ქირურგი ტექნიკური შეცდომისგან ყოველთვის ვერ იქნება დაზღვეული.
– შესაძლებელია თუ არა, ბავშვმა საზარდულის თიაქარი “შეიძინოს“?
– წესისამებრ, ბავშვებს არ უწევთ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რაც ერთ-ერთი წამყვანი პირობაა შეძენილი თიაქრის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა მინახავს 13-14 წლის ასაკში შეძენილი თიაქარი შტანგაზე მოვარჯიშე და მოჭიდავე ვაჟებში. ასე რომ, გადაჭარბებულმა ფიზიკურმა დატვირთვამ მაირთლაც შეიძლება ბავშვს თიაქარი ჩამოუყალიბოს.
– ბატონო ნუგზარ, რას ურჩევდით ჩვენი საუბრის დასასრულს მშობლებს?
– მშობლებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ, ჩაჭედილი თიაქრით ბავშვი დიდხანს არ გააჩერონ სახლში. საზოგადოდ, ჯობს ოპერაცია გეგმურად გაკეთდეს, ვიდრე ჩაჭედვას დაველოდოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხული – უმჯობესია, ბავშვს ოპერაცია გაუკეთონ და ისე წაიყვანონ ქალაქგარეთ, რადგან გამორიცხული არ არის, თიაქარი ისეთ ადგილას ჩაიჭედოს, სადაც ბავშვთა სპეციალისტი არც კია და ამის გამო საქმე გართულდეს.
loading...










