არ დათრგუნოთ
ამთავითვე შევთანხმდეთ: ხველა ცუდი არ არის. წარმოიდგინეთ მტვრითა და ნახველით დაბინძურებული სასუნთქი გზები და მიხვდებით, რომ ხველა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მათგან გაგვათავისუფლებს. სწორედ ხველის წყალობით ვერ აღწევს ფილტვებამდე უცხო ნაწილაკები და წებოვანი ნახველი, რომელიც ბრონქებში გროვდება და ქვემოთ მიიწევს.
სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების (მაგალითად, გადაცდენილი სითხის) ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ახველებს ბავშვს და უკეთ ამოაქვს ნახველი, მით უკეთესია. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები ამოსახველებელი საშუალებების მიღებას.
თუ ბავშვს ნახველი აქვს, ხველის დათრგუნვა არამც და არამც არ შეიძლება. ამიტომაც არის, რომ ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები გაცილებით იშვიათად ინიშნება, ვიდრე ამოსახველებელი. მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვი რამდენიმე დღეა მშრალად ახველებს და ხველამ დააუძლურა (ასეთი რამ ხდება ყივანახველის და ალერგიული წარმოშობის სპაზმური ხველის დროს).
“ჯანმრთელი” ხველა
გაციებულ ბავშვს თითქმის ყოველთვის ახველებს. ასეთი ხველა დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის. შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გასტანოს, მაგრამ ნურც ეს შეგაშფოთებთ. აი, თუ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ კი ექიმთან წასვლა ნამდვილად გმართებთ. თუ ხველამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, შესაძლოა, რომელიმე ქრონიკული დაავადების, მაგალითად, ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის ნიშანი იყოს.
მიიჩნევა (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ პედიატრებს), რომ თუ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს წელიწადში სამ-ოთხჯერ ხვდება რესპირაციული ინფექცია, საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ უფრო ხშირად ავადმყოფობს, თანაც მძიმედ და დიდხანს, გაღრმავებული გამოკვლევა და შედარებით ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
გახსოვდეთ: ხველა ფილტვებსა და ბრონქებს არ აზიანებს. არ დაუშალოთ გაციებულ ბავშვს თამაში და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტიურობა, თუ, რაღა თქმა უნდა, სიცხე არ აქვს. შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვის ფონზე ხველამ იმატოს, მაგრამ ნუ შეშფოთდებით – ამგვარი ვარჯიში ორგანიზმს არგებს და პატარას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, ხველა კი მალევე გაივლის.
სხვადასხვანაირი ხველა
ხველა სხვადასხვა მიზეზით ვითარდება და, შესაბამისად, სხვადასხვანაირადაც ხმიანობს.
ზოგჯერ მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი პატარა კი არ ახველებს, ყეფს. ასეთ ხმას შეშუპებული სასუნთქი გზები (უპირატესად – ტრაქეა, ხორხი) გამოსცემენ. პედიატრები ამ შემთხვევას კრუპს უწოდებენ.
კრუპს ყველაზე ხშირად ვირუსი იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, მიზეზად ალერგია ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც იქცეს. ხველის ასეთი შეტევები უმეტესად ღამღამობით ვითარდება.
რაც უფრო მცირე ასაკისაა პატარა და რაც უფრო ვიწრო აქვს სასუნთქი გზები, მით უფრო იოლად ვითარდება კრუპი. როგორც პედიატრები აღნიშნავენ, კრუპის განვითარებისთვის ყველაზე საშიში სამ წლამდე ასაკი ყოფილა.
ძალიან შემაწუხებელია ყივანახველა – ბაქტერიული ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც ხველა ბავშვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და ხველით დაუძლურებული პატარა შეტევის ბოლოს თითქოს ყივილით ამოისუნთქავს ხოლმე.
ყივანახველა განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს აუცრელ ბავშვებში. ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმური და რამდენიმეჯერადია და დტყ (დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველა) ვაქცინის შემადგენლობაში შედის.
ყივანახველა იოლად გადამდები დაავადებაა, რომელსაც ხველასთან ერთად ტემპერატურის მატება, სურდო, ცხვირცემინება და საერთო სისუსტე ახასიათებს. ინფექცია ვრცელდება როგორც ჰაერწვეთოვანი (ხველებისას, ცემინებისას), ისე ალიმენტური გზით – ბაქტერიები შესაძლოა ხელზე ან საკვებზე მოხვდნენ და მათი პირში ჩადებისას ჯანმრთელ ორგანიზმშიც მოიკიდონ ფეხი.
მსტვენი ხველა უფრო ქვედა სასუნთქი გზების შეშუპებაზე მიუთითებს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ინფექცია (უპირატესად – ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტი), ისე ასთმა. ანალოგიურ ხმიანობას იწვევს უცხო სხეულის გადაცდენაც.
ძლიერი ხველის შემდეგ ბავშვს შესაძლოა ღებინება დაეწყოს. ასეა, როდესაც ჭარბი ნახველი კუჭამდე აღწევს. თუ ღებინება ნახველის ამოღებისთანავე შეწყდა, საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ გახანგრძლივდა, ექიმს უხმეთ.
სადღეღამისო პრობლემა
ზოგჯერ პატარებს ხველა უფრო ღამღამობით უტევთ. ეს იმიტომ, რომ ცხვირიდან და სინუსებიდან (სასუნთქი გზების წიაღებიდან) ჭარბად წარმოქმნილი ლორწო ხახასა და სასულეში ჩადის, აღიზიანებს და ხველის რეფლექსს იწვევს.
ღამით ხველა უძლიერდებათ და უხშირდებათ ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებსაც. ამ დროს სასუნთქი გზები უფრო მგრძნობიარეა და იოლად ღიზიანდება.
დღისით ხველას ცივი ჰაერი, ფიზიკური აქტიურობა, ალერგიულ ბავშვებში კი ალერგენთან კონტაქტი განაპირობებს. სიგარეტის კვამლიც ნეგატიურად მოქმედებს სასუნთქ გზებზე და ხშირად იქცევა ძლიერი ხველის მიზეზად.
თუ ბავშვს ხველასთან ერთად სურდო და დაბალი (38 გრადუსამდე) სიცხეც აქვს, სავარაუდოდ, გაციებულია ან, როგორც პედიატრები ამბობენ, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია შეხვედრია. თუ სიცხე მაღალია – 39 გრადუსი და მეტი, შესაძლოა, ფილტვების ანთება ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციას ნუღარ დააყოვნებთ.
პედიატრი იხმეთ, თუ:
• ბავშვს სუნთქვა უჭირს, სწრაფად სუნთქავს;
• ტუჩებზე სილურჯე დაჰკრავს;
• აქვს მაღალი ტემპერატურა (განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დროს ერთადერთი სიმპტომი ხველაა – ბავშვი არც სურდოს უჩივის და არც ცხვირი აქვს გაჭედილი);
• სიცხე რამდენიმე დღეა არ იკლებს;
• ბავშვი ძალიან პატარაა (სამ თვემდე ასაკისა) და რამდენიმე საათია ახველებს;
• აქვს ყივანახველისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
• ნახველს სისხლი მოჰყვება;
• ბავშვი ძალიან მოთენთილი და მივარდნილია.
გახსოვდეთ, ხველის მთავარი მიზეზი ვირუსული ინფექციაა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ პედიატრმა ბავშვს ანტიბიოტიკი არ დაუნიშნა. ანტიბაქტერიული მედიკამენტი შესაძლოა მაშინ დაინიშნოს, თუ ხველა გახანგრძლივდა და ექიმი დარწმუნდა, რომ დაავადება ბაქტერიული წარმოშობისაა.
გაციებულ ბავშვს ხველა მალე გაუვლის, თუ:
• თბილ სითხეებს შესთავაზებთ, გულმკერდს დაუთბილავთ. კარგია დაზელა და შემდეგ დათბილვა.
• მისცემთ ეფექტურ ამოსახველებელ საშუალებას, ოღონდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არამც და არამც არ დაალევინოთ ბავშვს მოზრდილთათვის განკუთვნილი მედიკამენტი!
• მოარიდებთ სიგარეტის, ბუხრის და ნებისმიერი სხვა წარმოშობის კვამლს.
loading...