navigacia
...


დიათეზი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რა უნდა ვიცოდეთ დიათეზის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ დიათეზის შესახებ
თუკი პაწიას ლოყები უჩვეულოდ აუღაჟღაჟდა და თავი ქერცლით დაეფარა, დედიკოს უმალვე უცნაური სიტყვა დიათეზი ახსენდება.
მდგომარეობა, რომელიც დიდი ხანია იპყრობს პედიატრების ყურადღებას, მშობლებისთვისაც კარგად არის ნაცნობი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დიათეზი მხოლოდ ლოყების შეწითლებას არ გულისხმობს; მას სხვა გამოვლინებებიც აქვს.
სწორედ დიათეზის თავისებურებებზე, მკურნალობის პრინციპებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი თინათინ ღონღაძე

. ქალბატონო თინათინ, იქნებ აგვიხსნათ, რა არის დიათეზი?
– “დიათეზი” ბერძნული სიტყვაა და მიდრეკილებას, განწყობას ნიშნავს. ეს სახელწოდება იმაზე მიგვითითებს, რომ ბავშვი ამა თუ იმ დაავადებისადმი მზაობას ავლენს.
დიათეზის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ამ ტერმინით უმეტესად კანის ალერგიულ დაზიანებას აღნიშნავენ.
ის, რასაც პრაქტიკოსი ექიმები ექსუდაციურ დიათეზს, სებორეულ დერმატიტს, ბავშვთა ეგზემას ვუწოდებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ატოპიური (იმავე ალერგიული) დერმატიტის სახელწოდებით არის რეგისტრირებული.
ატოპიური დერმატიტი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომელიც უპირატესად ექვს თვემდე ასაკში ვლინდება. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორები. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ბავშვებს, რომლებსაც დიათეზის ეს ფორმა აღენიშნებათ, სისხლში მომატებული აქვთ ჰუმორული იმუნოგლობულინის – IgE-ს დონე.
თუკი ქალს განწყობა აქვს ალერგიის, განსაკუთრებით – კანის ალერგიის მიმართ, ასიდან 60 შემთხვევაში მის შვილს ატოპიური დერმატიტი გამოაჩნდება, ხოლო თუ ორივე მშობელია ალერგიული, ბავშვს ამ დაავადების განვითარების 80-იანი ალბათობა აქვს.
ატოპიური დერმატიტის ჩამოყალიბებაში მემკვიდრეობაზე არანაკლებ როლს ასრულებს კვებითი ფაქტორი. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით უკეთ არიან დაზღვეულნი ატოპიური დერმატიტისგან, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფნი. ეს იმიტომ, რომ ძროხის რძე საკმაოდ ძლიერი ალერგენია და კანის ალერგოზის ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი გახლავთ.
. ატოპიური დერმატიტის ჩამოყალიბებაზე, ალბათ, ორსულის კვებაც ახდენს გავლენას…
– თუ ორსულის მენიუ ძლიერ ალერგიული პროდუქტებით არის დატვირთული, ბავშვს ატოპიური დერმატიტის განვითარების ალბათობა უფრო მეტი აქვს.
. სახელდობრ რომელ ალერგიულ პროდუქტებს გულისხმობთ?
– რძეს, თაფლს, თხილს, შოკოლადს, კვერცხს, ციტრუსს. ხალხში გავრცელებულია შეხედულება, რომ ალერგიას უმთავრესად მარწყვი იწვევს. ცხადია, მარწყვი ძლიერი ალერგენია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ალერგია შეიძლება ნებისმიერმა ხილმა გამოიწვიოს, ალუბალმაც კი. ეს ყოველივე უმთავრესად ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით არის განპირობებული.
საზოგადოდ კი, ამ ცხრა თვის განმავლობაში კვებასთან ერთად არც სხვა ფაქტორები უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. მაგალითად, ის, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობა, რა პრეპარატებს იღებს ქალი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...
. რამდენად უსაფრთხოა ორსულისთვის რძის ნაწარმი?
– რძემჟავა პროდუქტები, მაგალითად, მაწონი და კეფირი, ალერგიული თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხოა, რადგან რძემჟავა დუღილის შედეგად კაზეინი – ალერგიის გამომწვევი რძის ცილა – იშლება და ნაკლებად აგრესიული ხდება.
. როგორ უნდა მოიქცეს კანის ალერგოზისკენ მიდრეკილი ორსული, რომ შვილი ალერგიული დერმატიტისგან დაიცვას?
- ქალებმა, რომლებიც ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი, სასურველია, ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში მაინც მიიღონ პრეპარატები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ბიოცენოზის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ენტენორმი. კანადელი მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ თუ ორსული ამ პრეპარატს მიიღებს, ბავშვისთვის ალერგიულ გამოვლინებათა ალბათობა 50%-ით შემცირდება.
. გარდა კვებითი და მემკვიდრეობითი ფაქტორებისა, კიდევ რა მიზეზით შეიძლება ჩამოყალიბდეს ატოპიური დერმატიტი?
– დაავადების განვითარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მეტაბოლიზმის დარღვევას, იმუნური და ენდოკრინული სისტემის ცვლილებებს, რაქიტს. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ექსუდაციული დიათეზის გამოვლენას ორგანიზმში თუთიის, ბიოტინისა და ცილის (როგორც ალბუმინური, ისე გლობულინური ფრაქციების) დეფიციტი იწვევს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ატოპიური დერმატიტით დაავადებული ბავშვის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფიზიკური ფაქტორების (სიცივის, ქარის) და სხვა გარეგანი გამღიზიანებლების, მაგალითად ქერტლის, ოთახის მტვრის, ბეწვეულის, შალის, აბრეშუმის მიმართ.
. რა ნიშნები ახასიათებს ატოპიურ დერმატიტს?
– ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელი ნიშნები სიცოცხლის პირველივე დღეებში, როგორც წესი, არ ვლინდება. სიმპტომები მოგვიანებით იჩენს თავს, ჩვეულებრივ – ექვს თვემდე.
ექსუდაციური დიათეზის დროს ბავშვს თავზე ქერქები უჩნდება, ლოყებზე კანი მეტისმეტად უშრება, აწუხებს ძლიერი ქავილი. თუკი პატარას დროულად არ მივხედეთ, კანი საგრძნობლად ზიანდება: იწყება გარქოვანება, ირღვევა მთლიანობა და იზრდება ინფიცირების რისკი. თუკი პათოლოგიურმა პროცესმა ქრონიკული ხასიათი მიიღო, ყალიბდება ნეიროდერმიტი, რომელიც სოციალური ადაპტაციის დაქვეითებასა და ინვალიდობას იწვევს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კანის ამ ქრონიკული პათოლოგიის გამო ადამიანს ინვალიდობის ხარისხს ანიჭებენ, რადგან ამ დროს მხოლოდ კანის საფარველი კი არ ზიანდება, არამედ ღრმა ნევროლოგიური და ენდოკრინული დარღვევებიც იჩენს თავს.
ატოპიური დერმატიტის დროს წამყვანი სიმპტომი მაინც კანის ძლიერი ქავილია, თუმცა, როგორც ცნობილი მეცნიერი ჟაკე აღნიშნავს, ატოპიური დერმატიტის დროს გამონაყარი კი არ იწვევს ქავილს, არამედ ქავილს მოსდევს გამონაყარი. სწორედ ქავილის გამოა, რომ კანის საფარველი ზიანდება და ბაქტერიული ინფექციის განვითარების ალბათობა იზრდება.
ატოპიური დერმატიტის დროს ბავშვები ჭირვეულობენ, იოლად ღიზიანდებიან, ერღვევათ ძილი, აწუხებთ მუცლის შებერვა, კოლიკა (ჭვალი), აქვთ მოუნელებელი, ქაფიანი და სითხის შემცველი განავალი.
. როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს, რომელსაც დიათეზი აქვს?
– უწინარეს ყოვლისა, უნდა შევამციროთ ქავილი. ამისთვის ბავშვი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ გარეგან და შინაგან გამღიზიანებელ ფაქტორებს. პირველ რიგში, საწოლი უნდა მოვუწესრიგოთ. იგი ბამბისა უნდა იყოს და არა მატყლისა ან ბუმბულისა. უკვე არსებობს სპეციალური ჰიპოალერგიული მასალის ქვეშაგებიც. გარდა ამისა, პატარა უნდა მოვარიდოთ ხალიჩებს – მათში იბუდებს მტვერი და მრავლდება ოთახის ტკიპა.
ალერგიასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ელიმინაციური დიეტა – ბავშვს გამორიცხვის მეთოდით ეკრძალება ზოგიერთი პროდუქტის მიღება.
მკურნალობის ეფექტისთვის მნიშვნელოვანია კანის დატენიანება. ამჟამად არსებობს მრავალი საბავშვო კოსმეტიკური საშუალება (დამატენიანებელი ლოსიონები, კრემები), რომლებიც გამომშრალი კანის მკურნალობისას შესანიშნავ შედეგს იძლევა.
მნიშვნელობა აქვს საპნის შემადგენლობასაც. მას, გარდა დამატენიანებლისა, ანტიბაქტერიული ეფექტიც უნდა ჰქონდეს, რათა კანზე ბაქტერიები არ გამრავლდეს და ინფექცია არ შეიჭრას.
. რას გვეტყვით ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე? აუცილებელია თუ არა მათი გამოყენება?
– ანტიჰისტამინური პრეპარატები აუცილებლად უნდა დაინიშნოს. გარდა ამისა, არსებობს სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია, რომელიც კანის სინჯების შემდეგ ტარდება, თუმცა მცირე ასაკის ბავშვებისთვის მკურნალობის ეს მეთოდი არ გამოიყენება.
გარდა ანტიჰისტამინური მედიკამენტებისა, მკურნალობის დროს აუცილებელია კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის გამაუმჯობესებელი პრეპარატებისა და ვიტამინების (განსაკუთრებით – B ჯგუფის) მიღება.
ზოგადად კი, დედებს ვურჩევ, პატარები საკუთარი რძით გამოკვებონ. ატოპიური დერმატიტის საუკეთესო პროფილაქტიკა ბუნებრივი კვებაა.
. თუკი ბავშვს წლამდე ალერგიული დერმატიტი აწუხებდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოწიფულ ასაკში შეიძლება სხვა ალერგიული დაავადება დაემართოს?
– მცირე ასაკში გამოვლენილი დიათეზი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ავლენს ორგანიზმის მზაობას ამა თუ იმ ალერგიული დაავადების მიმართ. დიდია ალბათობა, რომ ადამიანს, რომელსაც მცირე ასაკში დიათეზი აწუხებდა, ალერგიის რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ან კანის ფორმა ჩამოუყალიბდეს. ალერგიულ დაავადებას უფრო მეტად მაშინ უნდა ველოდეთ, როცა მშობლებსაც ასეთივე პრობლემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი ან ბრონქული ასთმა) აწუხებდათ.
. როგორც აღნიშნეთ, დიათეზის მრავალი ფორმა არსებობს. ეგებ ორიოდე სიტყვით მათაც შევეხოთ?
– დიათეზის დროს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო კანის ალერგიული დაზიანების სახით, არამედ სხვა ორგანოების მხრივაც. ამ თვალსაზრისით გამოყოფენ ნერვულ-ართრიტულ და ლიმფურ-ჰიპოპლაზურ დიათეზებს, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ექსუდაციური დიათეზი, იგივე ატოპიური დერმატიტი გვხვდება.
. გახშირდა თუ არა ალერგიული დერმატიტები ბავშვებში?
– ჩვენი დაკვირვებით, მეოცე საუკუნის უკანასკნელი ათწლეულებიდან მოყოლებული, საგრძნობლად გახშირდა კანის ალერგიული დაავადებებიც და რესპირაციული ალერგოზებიც, რაშიც არასახარბიელო ეკოლოგიური ფონის მომატებას, საყოფაცხოვრებო ქიმიური თუ ჰიგიენური ნივთიერებებისა და საეჭვო შემადგენლობის საკვები პროდუქტების ფართო გამოყენებას მიუძღვის ბრალი.

loading...
ADMIN 2698 0 2016-12-23
5.6/5 из 8

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 22
სტუმრები 22
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css