ხახისა და ნუშურების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან, როგორც მედიკოსები ვუწოდებთ, მწვავე ფარინგოტონზილიტი გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დაავადების დამახასიათებელ სიმპტომებს – ყელის ტკივილს, სიმშრალეს, ფხაჭნის შეგრძნებას, ტკივილს ყლაპვის დროს – ბავშვები სამი წლის ასაკიდან გვაგებინებენ, თუმცა გასინჯვისას ფარინგოტონზილიტის ნიშნებს უფრო მცირე ასაკშიც ვამჩნევთ.
ათიდან 7-9 შემთხვევაში მწვავე ფარინგოტონზილიტს უმეტესად – გრიპის ან სხვა რესპირაციული დაავადების გამომწვევი ვირუსი იწვევს. ამ დროს ანტიბიოტიკების ხმარება არამცთუ უშედეგო, მავნებელიც კია. ჯერ ერთი, დადგენილია, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება არ ცვლის დაავადების ხანგრძლივობასა და სიმძიმეს, არ ამცირებს გართულების ალბათობას. თანაც მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიების გაჩენა ასახელებენ. რაც უფრო ხშირად და არასწორად გამოვიყენებთ ასეთ წამლებს, მით უფრო მეტია ალბათობა, მომდევნო ჯერზე დაავადება უფრო ჯიუტმა და ძნელად სამკურნალო მიკრობებმა გამოიწვიონ, თანაც ამ დროს ახლობლებს სწორედ გამძლე ბაქტერიებს გადავდებთ. მეორე მხრივ, დანარჩენი 10-30%-ის ანტიბიოტიკის გარეშე დატოვება ძალიან მძიმე გართულებებით გვემუქრება. ასე რომ, დედას დიდი სიფრთხილე მართებს.
თუ ყელის ტკივილს თან სდევს ხველა ან სურდო, ფაღარათი, თვალის ლორწოვანის გაწითლება (კონიუქტივიტი), პირის ღრუში წყლულების გაჩენა (სტომატიტის), ვირუსი უნდა ვიეჭვოთ. თუ ამ დროს სიცხე 38°C-ს არ აღემატება, ბავშვი სამ წელზე უფროსი ასაკისაა და თავს მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობს, შეგიძლიათ, თავს სიმშვიდის უფლება მისცეთ. 38°C-ზე მეტი სიცხე, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ნუშურების გადიდება და მათზე თეთრი ნადების გაჩენა დაავადების ბაქტერიულ წარმოშობაზე მიუთითებს.
მოგეხსენებათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ თუ ბაქტერიულ ფარინგოტონზილიტზე მცირე ეჭვი მაინც გაგიჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მით უმეტეს, თუ შეამჩნიეთ ამ ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც:
* გაძნელებული ჩასუნთქვა;
* გაძლიერებული ნერწყვდენა;
* სუნთქვის გახშირება;
* ხმის ტემბრის დადაბლება;
* კისრის კუნთების ისე გამაგრება, რომ თავის დახრა ჭირს;
* კისრის სიწითლე.
მსგავს სიტუაციებში დროის დაკარგვას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.
ანტიბიოტიკი ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. საზღვარგარეთ რეცეპტის გარეშე ერთ აბსაც კი ვერ იყიდით. ალბათ უახლოეს მომავალში საქართველოშიც ამ პრინციპზე გადავალთ. ასევე მაქსიმალური სიზუსტით უნდა შევასრულოთ ექიმის დანიშნულებაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დოზის გამოტოვება ან კურსის ნაადრევად შეწყვეტა.
loading...