ალერგიის განვითარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორთაგან, უწინარეს ყოვლისა, გენეტიკას დავასახელებდი, რადგან მემკვიდრეობა მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს ორგანიზმის იმუნური სისტემის მუშაობას და მის გადახრას ამა თუ იმ მხარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პროცესზე გარემო ფაქტორებსაც დიდი გავლენა ჰქონია. დაბინძურებული გარემო, რა თქმა უნდა, უფრო მეტ პოტენციურ ალერგენს შეიცავს, მაგრამ, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, ალერგიის თვალსაზრისით ბინებისა თუ ოფისების შიდა გარემო ორჯერ უფრო აგრესიული ყოფილა, ვიდრე თუნდაც დედაქალაქის ქუჩებისა. ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ალერგენები – ოთახის მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, ტარაკნები, სოკოვანი სპორები – სწორედ შიდა გარემოს მკვიდრნი არიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საწოლ ოთახს – ადამიანი ხომ სიცოცხლის მესამედს იქ ატარებს. გამოთვლილია, რომ ლეიბის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 6500 ოთახის მტვრის ტკიპაა მოკალათებული, ლოგინის ქვეშ კი – 650.
ბუნებრივია, რაც უფრო არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელი პირობები, მით უფრო მეტ ალერგენს ეჯახება ადამიანი, მაგრამ ზედმეტი სისუფთავეც შეიძლება პრობლემად იქცეს. სადღეისოდ ალერგიული დაავადებების ჩამოყალიბების მექანიზმის ამხსნელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზაა ჰიგიენური თეორია. ამ თეორიის თანახმად, როცა ბავშვი მეტისმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდება, მოკლებულია კონტაქტს გარემოსთან, თანატოლებთან, ხშირად იღებს ანტიბიოტიკებს, არ გადაუტანია სახადი ინფექციები, – მისი იმუნური სისტემა უცხო აგენტებზე სწორ რეაგირებას ვერ სწავლობს და ანტიალერგიული მექანიზმები სრულფასოვნად ვერ უყალიბდება. იმუნურ სისტემას ნორმალური განვითარებისთვის ადეკვატური ანტიგენური დატვირთვა სჭირდება. იმუნიტეტი ხომ სასწორის რეჟიმში მუშაობს – ანტიგენური დატვირთვის შესაბამისად რეაგირებს. მეტისმეტად სტერილურ პირობებში კი იგი ზემგრძნობიარობისკენ ანუ ალერგიისკენ იხრება და ასევე განაგრძობს რეაგირებას მოწიფულ ასაკში. ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ალერგიის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან (ალერგიას ხომ ხშირად ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ). ეს ჰიპოთეზა დღესდღეობით ყველაზე უფრო პოპულარულია. ფაქტობრივად, მოწინააღმდეგეები არც კი ჰყავს და საკამათოც აღარ არის. სხვა ფაქტორებთან ერთად ეს თეორიაც ხსნის, ასე რატომ გახშირდა მთელ მსოფლიოში ალერგიული დაავადებები.
ალერგიული დაავადებების გავრცელება ასაკის მიხედვით იცვლება. ერთ წლამდე ყველაზე ხშირია კვებითი ალერგია. 1-დან 4-5 წლამდე – კანის ალერგიები, ატოპიური დერმატიტი. 5 წლიდან პუბერტატულ პერიოდამდე უმეტესად ქვედა სასუნთქი სისტემის ალერგოზებს ვხვდებით, 12 წლიდან კი – ალერგიულ რინიტებს, რინოკონიუნქტივიტებს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშუალო სტატისტიკური მონაცემებია. სინამდვილე ყოველთვის არ ჯდება ამ ჩარჩოში. მაგალითად, ასთმური შეტევა შეიძლება ერთი წლის ან რამდენიმე თვის ბავშვსაც კი დაემართოს.
კვებითმა ალერგია და ატოპიურმა დერმატიტი ხშირად 5-6 წლის ასაკისთვის თავისთავად გაივლის. ასეთი რეაქციების მქონე ბავშვების მხოლოდ 0.5-1%-ს გადაეზრდება ატოპიური დერმატიტი ნეიროდერმიტში. ნეიროდერმიტი უფრო ხანგრძლივი პროცესია. ის მოზრდილ ასაკშიც გადაჰყვება ადამიანს, მკურნალობას ძნელად ემორჩილება, თანაც ხშირად ერთვის სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკული ინფექცია და ეს მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს.
ბავშვებში ასთმა მძიმედ იშვიათად მიმდინარეობს, სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის მათი 75% თავისთავად იკურნება.
რაც შეიძლება მეტი წაიკითხეთ და შეიტყვეთ დაავადების შესახებ. პრაქტიკულად ყველაფერი უნდა იცოდეთ, მეტ-ნაკლები სიღრმით – დაავადების განვითარების მექანიზმებიც კი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, ოპტიმალურად მართოთ დაავადება, მიიღოთ სადღეისოდ დაგროვილი ცოდნის შესატყვისი სწორი გადაწყვეტილება, არ გამოეკიდოთ საეჭვო სენსაციურ მეთოდებს, არ დაიწყოთ ბუნებაში არარსებული საშველის ძიება. ბრონქული ასთმა, განსაკუთრებით – მოწიფულ ასაკში, პროგრესირებადი დაავადებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანთების ინტენსივობა დროთა განმავლობაში მოიმატებს. ასე რომ, ერთი და სამუდამო საშველის ამაო ძებნის ნაცვლად სჯობს დაავადების კონტროლი და მართვა ვისწავლოთ. რაც მთავარია, ალერგიული ბავშვი კოლბაში არ უნდა გამოვამწყვდიოთ. არც თამაში უნდა შევუზღუდოთ, არც მეცადინეობა და არც სპორტული აქტიურობა. მეტსაც გეტყვით: სპორტი აუცილებელიც კია. ალერგიით დაავადებული ფიზიკურად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რათა ალერგიის შეტევებს უკეთ გაუმკლავდეს. სხვათა შორის, ბევრი სპორტსმენის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებსაც ბრონქულმა ასთმამ წარმატებაში ხელი ვერ შეუშალა.
loading...