ნუთუ არსებობს ბავშვი, რომელსაც ტკბილეული არ უყვარდეს? არც ისეთებს იცნობთ ალბათ, ვისაც შოკოლადის ცუცვნა არ ახალისებდეს. შოკოლადს კი პაწიებისთვის საყვარელ ჩაროზთა ნუსხაში უდავოდ ლიდერია.
საეჭვოა, პატარა მსუნაგებს “კოკოლადი” იმიტომ უყვარდეთ, რომ მისი სასარგებლო თვისებები ჰქონდეთ გააზრებული, მაგრამ ფაქტია, ჩაროზი, რომლის აკრძალვას ბავშვებისთვის მშობლები ძლივს თუ ახერხებენ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამგვარი პოპულარობა კი მისი შემადგენლობის დამსახურებაა.
მეცნიერთა აზრით
ფინელი მეცნიერები ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ: იმ ქალის შვილები, რომლებიც ორსულობისას შოკოლადს უხვად მიირთმევდნენ, გაცილებით უფრო მხიარულები და ბედნიერები არიან. ნუთუ, ერთ ფილა შოკოლადშია ბედნიერების ფორმულა დამალული?
ამის გასარკვევად კვლევების მთელი კასკადი დატრიალდა. ორსულობის და მშობიარობის შემდეგ 300 ქალი გამოკითხეს. შოკოლადიჭამია ორსულების ჩვილები გაცილებით აქტიურები და მხიარულები აღმოჩნდნენ. ჟურნალ New Scientist-ში დასკვნის სახით სტატიაც კი გამოქვეყნდა, სადაც შავით თეთრზე ეწერა ამგვარი შედეგის მიზეზი: პაწიებს მხიარულს შოკოლადში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება იწვევსო.
ვინმე კატრი რაიკონენმა თავის კოლეგებთან ერთად სულ კარდაკარ ჩამოიარეს ორსულები და აიძულეს გაემხილათ რა რაოდენობით შოკოლადით იტკბარუნებდნენ პირს მომავალი დედიკოები. იგივე ქალბატონები მშობიარობიდან 6 თვის მერეც იყვნენ დაკითხულები. ამჯერად შეკითხვა განსხვავებულად ჟღერდა, ვიდრე ფეხმძიმობის დროს: როგორ იქცევა თქვენი ბავშვი? აქტიურია? შოკოლადის მოყვარული დედიკოების შვილები მართლაც ხშირად იღიმებოდნენ, მხიარულობდნენ და საკმაოდ აქტიურებიც იყვნენ. ანუ დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა: შოკოლადში შემავალი სასარგებლო ნივთიერება, როგორც ჩანს, პლაცენტის გავლით ნაყოფის ორგანიზმში გადადის და იქ გროვდება.
თავისი კომპეტენტური აზრი შოკოლადის ცნობილმა მწარმოებელმა კომპანიამ Cadbury’s-მაც გამოთქვა: “ნივთიერებას, რომელიც შოკოლადშია და ხასიათს გამოგიკეთებთ, ფენილეთილამინი ეწოდება. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ნივთიერება კიდევ უფრო მეტი კონცენტრაციით პომიდორში და თითქმის ყველა ხილშია და მაშინ პომიდორიჭამია ფეხმძიმე ქალბატონებმა რაღა დააშავეს? ეგებ, ისინიც გამოგვეკითხა. ჩვენი კომპანიის თანამშრომელთა მოსაზრებით ამგვარი დამოკიდებულება შოკოლადისადმი უბრალოდ ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს”.
ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის თანამშრომელი ნაიჯელ დენბი ასევე სკეპტიკურად უყურებს ორსულების გამოკითხვით მიღებულ კვლევის შედეგებს. მისი მოსაზრებით მართალია, შოკოლადი ორგანიზმში ბედნიერების ერთ-ერთი ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, მაგრამ საეჭვოა ეს ნივთიერება პლაცენტური ბარიერის გარღვევას ახერხებდეს.
შოკოლადის დოზა
ტკბილეული, მათ შორის შოკოლადი, ნახშირწყლების საწყობია. ნახშირწყლები კი ჰესივითაა – ენერგიას გამოიმუშავებს. სწორედ ამ ნივთიერებების წყალობით ვმოძრაობთ, ვაზროვნებთ... ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, თუკი პაწიას ორგანიზმი მუდმივად მოითხოვს (და საჭიროებს!) ნახშირწყლებს: პატარა მოუსვენარ ონავარს ენერგია ჰაერივით სჭირდება!
ბოლო პერიოდში სულ მეტი ექიმი უყურებს შოკოლადს პროფესიონალური თვალით. ამ ტკბილეულის შემადგენლობაში ანტიოქსიდანტები აღმოუჩენიათ.
ანტიოქსიდანტები ის ნაერთებია, რომლებიც ქსოვილებს დაბერებისგან, უჯრედებს კი არასასურველი გადაგვარებისგან იცავენ. ამდენად, ამ ნივთიერებების წყალობით შესაძლებელია ბევრი დაავადების, მათ შორის სიმსივნეების, გულის, ფილტვების პათოლოგიების და სხვათა პროფილაქტიკა. შეიძლება ისეც ითქვას, რომ ანტიოქსიდანტური მოქმედების ნივთიერებები იმუნიტეტის ამაღლებაში ეხმარება ორგანიზმს. ამდენად, ამ სასარგებლო კომპონენტებით გაჯერებული შოკოლადის ცმუცვნას სამკურნალო ეფექტიც კი ქონია. რახან სამკურნალო თვისებებს ფლობს, ბარემ “წამლის” დოზაზეც მოგახსენებთ. პედიარტების რეკომენდაციით ბავშვმა დღეში 30-40 გ ტკბილეული უნდა მიირთვას.
თან, სასურველია შუა დღის პერიოდში და არა საღამოობითო. იმასაც ამბობენ გამონაკლისი რაღა თქმა უნდა დღესასწაულებზე დასაშვებია, თუმცა მომდევნო დღეები განტვირთვას უნდა დაუთმოთო.
ასეა თუ ისეა, დიეტოლოგები, პედიატრები და რამდენიმე სხვა სპეციალობის ექიმი ერთხმად აღიარებს, რომ შოკოლადს გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ნაკლიო. კონკრეტულად კი:
. შოკოლადი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მარგებელია – ნაწლავების კუნთოვანი შრის სტიმულირებას ახდენს
. შოკოლადი მდიდარია კალიუმით, რომელიც კუნთოვანი აპარატის, ნერვული უჯრედების ნორმალური მუშაობისთვის არის აუცილებელი, ასევე ფოსფორს, რომელიც ლამის ყველა სახის ქსოვილს სჭირდება. მათ შორის ლიდერი კი მაინც ძვლოვანი ქსოვილია
. შოკოლადი კარიესს არამც თუ იწვევს, მისგან იცავს კიდევაც. მასში შემავალი კაკაოს ზეთი კბილის მინანქარზე დამცავ შრეს ქმნის და მას ნეგატიური ზემოქმედებისგან და დაშლისგან იცავს
. კოფეინი, რომელსაც ჰიპერაქტიურობაში ადანაშაულებენ, შოკოლადში ბევრი სულაც არ არის. იგი ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აღაგზნებს, თუკი პაწია მსუნაგი შოკოლადს უზომოდ ბევრი რაოდენობით წამს
. და ბოლოს და ბოლოს, გსმენიათ ან ამოგიკითხავთ სადმე, რომ შოკოლადი არომატიზატორს შეიცავდეს? ამ ჩაროზში კაკაოს, ცხიმის, შაქრისა და რძის მეტი არაფერია. ეს კომპონენტები კი ბავშვისთვის სრულებით უვნებელია.
გაითვალისწინეთ:
. კაკაოს შემადგენლობაში არის ნივთიერება თეობრომინი, რომელიც მასტიმულირებელ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. ამდენად, თუკი ამ სისტემათა პათოლოგია აწუხებს პაწიას, საღამოობით ბევრი შიკოლადის სუსვნა საჭირო სულაც არ არის.
. შოკოლადის კანფეტები და ფილაც ხშირად პალმოლის ზეთს შეიცავს. დაიხსომეთ, რომ ეს ნივთიერება კუჭ-ნაწლავისთვის მძიმე მოსანელებელია
. შოკოლადი ცილოვან ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ხშირად ალერგიის მიზეზი ხდება. თუკი ამ ჩაროზის ცმუცვნის შემდეგ პატარას გამოაყარა ან დიარეა დაეწყო, ექსპერიმენტს ნუ ჩაატარებთ და ბავშვს შოკოლადს კვლავ ნუ შესთავაზებთ, უმჯობესია კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
loading...