navigacia
...


ბუნებრივი კვება


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბუნებრივი კვება

აი, თქვენი პაწაწაც მოევლინა ქვეყნიერებას. ის ყველაზე მშვენიერი, ჯანმრთელი და ენერგიული ბავშვია ამქვეყნად, მაგრამ საფიქრალი მაინც არ გელევათ: რატომ ტირის ნამცეცა? ასე ხშირად რატომ ეღვიძება? რამე ხომ არ სტკივა? ეგებ დედის რძე არ ჰყოფნის?..
კვების საკითხი ახალგამომცხვარ დედიკოს და მამიკოს ყველაზე მეტად აწუხებთ და ეს მაშინ, როცა ძუძუთი კვების მოდა კაცობრიობას გაჩენის დღიდან მოსდგამს. თუმცა არა მარტო მას; რომ არა ეს კეთილი ტრადიცია, მეცნიერებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, ცხოველთა დიდი ჯგუფი (რომელსაც ადამიანიც მიეტმასნა), ძუძუმწოვართა კლასში გაეერთიანებინათ.

როგორ მზადდება ყველაზე გემრიელი საკვები
ახალშობილთათვის უკვე შეიქმნა ათასგვარი ხელოვნური ნარევი, ერთი ამდენიც მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიებში იცდება, მაგრამ მაინც ყველამ დანამდვილებით იცის, რომ დედის რძე შეუცვლელია. მასში ხომ თავმოყრილია ყველა ის ნივთიერება, რაც კი ახალშობილის ზრდა-განვითარებისთვის არის საჭირო.
რძის “წარმოება” ბავშვის გაჩენამდე იწყება. სარძევე ჯირკვლები ორსულობის დასაწყისიდანვე ემზადებიან თავიანთი უმთავრესი ფუნქციისთვის – ლაქტაციისთვის. ცვლილებას განიცდის თვით მკერდიც: ძუძუსთავმა შეიძლება ფორმა იცვალოს, არეოლა (პიგმენტირებული კანი მის გარშემო) კი კიდევ უფრო გამუქდეს.
ძუძუს კერტზე და არეოლის ქსოვილში უხვად არის მომოფანტული ნერვული დაბოლოებანი. წოვის დროს ისინი ღიზიანდება, რისი წყალობითაც თავის ტვინში, უფრო ზუსტად – ჰიპოფიზში, მიდის შეტყობინება, რომ საჭიროა რძე. შედეგად გამომუშავდება ჰორმონები, რომლებიც ლაქტაციას უზრუნველყოფს. მათ შორის მთავარი პროლაქტინი გახლავთ, რომელიც სარძევე ჯირკვლის მიერ რძის წარმოქმნის სტიმულაციას ახდენს, ხოლო მეორე ჰორმონი ოქსიტოცინი კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვას იწვევს და სადინარებიდან რძის გამოდევნას უწყობს ხელს.
ისეც ხდება, რომ რძე ყოველგვარი შეხებისა და სტიმულაციის გარეშე, მხოლოდ ბავშვთან საუბრის, მისი მოფერების ან, თქვენ წარმოიდგინეთ, მასზე ფიქრის დროსაც კი გამოიყოფა.
სითხე, რომელიც პირველად გამომუშავდება სარძევე ჯირკვალში, ხსენია. არის შემთხვევები, როცა ის ფეხმძიმობის უკანასკნელ ტრიმესტრში იწყებს ჟონვას, მაგრამ უმეტესად მაინც მშობიარობის , პირველი სამი დღის განმავლობაში წარმოიქმნება. ხსენი რძეზე სქელი, მოყვითალო და კალორიულია, შეიცავს ცოტა წყალს, ბევრ ცილასა და მინერალურ ნივთიერებას და, რაც მთავარია, გაჯერებულია ანტისხეულებით, რომლებიც პაწიას მავნე მიკროორგანიზმების თავდასხმისგან იცავს. სწორედ მათი წყალობითაა, სასარგებლო ბაქტერიები ახალშობილის ნაწლავებში ასე იოლად რომ იდებენ ბინას. და კიდევ – როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ხსენს მსუბუქი საფაღარათო მოქმედებაც ახასიათებს, რაც მეკონიუმის (პირველი ფეკალური მასის) გამოდევნას უწყობს ხელს.

რძის ამბავი
ამგვარად, ხსენით, რძის წინამორბედით, პაწია ღორმუცელა სიცოცხლის პირველი სამი დღის განმავლობაში იტკბარუნებს პირს. მერე და მერე უკვე რძეც იწყებს დენას, თუმცა არა ერთბაშად. ბავშვის ბუნებრივი ფია საბოლოო ჩამოყალიბებამდე 7-10 დღის განმავლობაში განიცდის გარდაქმნას: თავდაპირველად ხსენიანი რძე წარმოიქმნება, ერთ-ორ დღეში კი გარდამავალი. ამ ცვლილებებს თავად მეძუძური ქალბატონიც შეიგრძნობს: სარძევე ჯირკვალი მკვეთრად ეზრდება, უმკვრივდება, უშუპდება. ზოგჯერ ამას თან სდევს სხეულის ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი. ასეთ დროს ხშირია რძის უნებლიე დენა. ამ მდგომარეობას რძის მოდინებას უწოდებენ.
ხშირად რძე ჭარბად წარმოიქმნება, პაწია კი ძუძუს ბოლომდე დაცლას ვერ ახერხებს. ასეთ შემთხვევაში ვითარდება ლაქტოსტაზი – რძის შეკავება, რაც ქალბატონს ძლიერ დისკომფორტს უქმნის. გადავსებული მკერდის დაცლის საუკეთესო გზა მისი გამოწველაა. ჯერ ახალშობილს აცალეთ პირის ჩატკბარუნება (სულ ცოტაც რომ გამოწოვოს, ესეც საქმეა), შემდეგ კი თავად მიხედეთ სარძევე ჯირკვალს – მასაჟის მეშვეობით გამოიწველეთ. ამაში ან სპეციალისტი დაიხმარეთ, ან სპეციალური გამოსაწველი დანადგარი შეიძინეთ და საქმეს შეუდექით, გამოწველილი რძე კი გნებავთ პაწია ღორმუცელას შეუნახეთ (მაცივარში ის 24 საათის განმავლობაში ინახება), გნებავთ, უბრალოდ, გადაღვარეთ. გამოწველა დღეში 7-8-ჯერ არის რეკომენდებული.
სარძევე ჯირკვლის რეგულარული დაცლა, უწინარეს ყოვლისა, ლაქტაციისთვის არის საჭირო. თუკი რამდენიმე დღის განმავლობაში ძუძუ სათანადოდ არ დაიცალა, შეიძლება ჯირკვალი გაიბუტოს და რძის წარმოქმნა თანდათან შემცირდეს. ამდენად, ლაქტაციის საუკეთესო სტიმულატორი ძუძუს წოვებაა. რაც უფრო ხშირად წაეპოტინება პაწია თავისი ფუმფულა ტუჩებით დედიკოს მკერდს, მით მეტი რძე წარმოიქმნება ჯირკვალში.

რამდენჯერ, რამდენი…
პედიატრები მშობლებს ახალშობილის თავისუფალი განრიგით კვებას ურჩევენ: მოშივდება ნამცეცას? თქვენც მაშინვე მიიკარით მკერდზე! ცხადია, ღმერთმა უწყის, რამდენჯერ მოშივდება დღის განმავლობაში ბავშვს, მაგრამ გვერწმუნეთ, ხშირი უსისტემო კვება არც ისე რთულია, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. ყველაზე ღორმუცელა ახალშობილსაც კი ვერ აიძულებთ, ოც ჯერზე მეტად მოწოვოს ძუძუ, ასე კი ტრაპეზი საათში ერთხელაც არ გამოდის. ხშირად ისეც ხდება, რომ დანაყრებული პაწია მთელი 2-3 საათით იძინებს. ერთი სიტყვით, უმჯობესია, ბავშვის გასტრონომიულ კაპრიზებს მიენდოთ და აჭამოთ ყოველთვის, როცა კი მოგთხოვთ, მით უმეტეს, რომ ძუძუს ხშირი დაცლა დედიკოსთვისაც სასარგებლოა.
ბევრი ახალგამომცხვარი დედა უსაზღვროდ შფოთავს, ვაითუ პაწიას რძე არ ჰყოფნისო და ამის გასარკვევად ახალშობილს ჭამამდეც წონის და ჭამის შემდეგაც, ეს კი სრულიად გაუმართლებელია – ბავშვი ხომ ყოველთვის ერთნაირი მადით არ შეექცევა ფიას, შესაბამისად, წონასაც სხვადასხვა ინტენსივობით იკრეფს.
იმის გასაგებად, ჰყოფნის თუ არა ნამცეცას რძე, პედიატრებმა ორიოდე მარტივი მეთოდი შეიმუშავეს:
. შარდვის სიხშირის განსაზღვრა. თუკი ორიოდე კვირის პაწია მხოლოდ დედის რძით იკვებება და დღეში 10-20-ჯერ ასველებს საფენს, შესაშფოთებელი ნამდვილად არაფერია;
. წონის ნამატის განსაზღვრა კვირის განმავლობაში. ამაზე ხშირად, მით უმეტეს – ყოველი კვების დროს, პაწიას აწონა არამც და არამც არ შეიძლება. ბავშვი, თუკი რძე ჰყოფნის, სიცოცხლის მეორე კვირიდან მოყოლებული, კვირაში 125-დან 500 გრამამდე იმატებს.

... და როგორ
ძუძუს წოვა თანდაყოლილი რეფლექსია, რომელიც ყველა ჯანმრთელ ახალშობილს აქვს (ძლიერ დღენაკლულთა გარდა ). თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია: პატარა ჯერ ძუძუსთავს შეისრუტავს (ასპირაციის ფაზა ), შემდეგ აწვება მას და ბოლოს დვრილიდან გამოტყორცნილ რძეს ყლაპავს.
თავად რძის შემადგენლობა არა მარტო დღე-ღამის განმავლობაში, ერთი კვებიდან მეორემდეც კი იცვლება. ე.წ. ახალი რძე წოვის დასაწყისში გამომუშავდება. ის საკმაოდ ბევრი გამოიყოფა და ლაქტოზით (რძის შაქრით ), ცილებითა და სხვა კომპონენტებით არის გაჯერებული. ნუ გამოიჩენთ სულსწრაფობას და თქვენს პატარას მეორე ძუძუზე ნაჩქარევად ნუ გადაიყვანთ, თორემ შეიძლება მშიერი დარჩეს. საქმე ის არის, რომ მცირე ხნის შემდეგ ახალი რძე ძველ რძედ გარდაიქმნება, რომელიც გაცილებით ცხიმიანი და ვიტამინიზებულია. ასე რომ, უმჯობესია, ბავშვმა ერთი ძუძუ დაცალოს და მერეღა შეექცეს მეორეს. გამონაკლისები არიან ორ კვირამდე ასაკის პატარები – მათ აქვთ უფლება, ორივე ძუძუს გაუსინჯონ გემო, რადგანაც ხსენი (პირველად წარმოქმნილი, უმწიფარი რძე) ჯერ საბოლოოდ არ გარდაქმნილა ნამდვილ რძედ.

დაე, იდინოს
როგორც ზოგიერთი სპეციალისტი გვარწმუნებს, სარძევე ჯირკვალში ჩამდგარი რძის ოდენობა სრულებით არ არის დამოკიდებული მიღებული სითხის მოცულობაზე. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის ყველაზე პოპულარულ სტიმულატორებად მაინც რძიანი ჩაი და მცენარეული ნაყენები მიიჩნევა. გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
. აიღეთ 10-10 გ ანისულისა და კამის დაფხვნილი თესლი, 10-15 გ თავშავა. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით ჭიქა მდუღარე და 2 საათის განმავლობაში დააყენეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
. 100 გ ბოლოკის წვენს დაამატეთ 1 ს/კ თაფლი, 100 გ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და მწიკვი მარილი. სვით დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.
. აიღეთ 20 გ ჭინჭრის გამომშრალი ფოთოლი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გაგრილებამდე გააჩერეთ და სვით თითო სუფრის კოვზი დღეში3-ჯერ.
. ჭიქაში ჩადეთ 3-4 ს/კ გახეხილი სტაფილო და დაასხით რძე. სვით თითო ჭიქა დღეში2-3-ჯერ. საღამოს სასმელს შეგიძლიათ დაამატოთ 1-2 ჩ/კ თაფლი. ასეთი “კოქტეილი” მხოლოდ ლაქტაციას კი არ უწყობს ხელს, არამედ ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს.

დაიხსომეთ: სარძევე ჯირკვალში საკმარისი რძე რომ წარმოიქმნას და პაწიას, როცა მოეგუნებება, ყოველთვის შეეძლოს გემრიელი ფიათი პირის ჩატკბარუნება, დედიკო მაქსიმალურად უნდა ერიდოს სტრესებს, მეტისმეტ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს, ჯეროვნად გამოიძინოს, უსმინოს სასიამოვნო მუსიკას, ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე და რაციონალურად იკვებოს.

loading...
ADMIN 1126 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 10
სტუმრები 10
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css