navigacia
...


პირველი პროტესტი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რატომ ამბობს ბავშვი უარს ბუნებრივ კვებაზე

პირველი კატეგორიული უარი
“ბავშვის გათავხედება როგორ შეიძლება! პატარაობიდანვე მკაცრად გავზრდი”, – ფიქრობენ ხოლმე მომავალი დედიკოები. შემდეგ პაწიაც დიდი ზარ-ზეიმით ევლინება ქვეყნიერებას და დედ-მამაც ენთუზიაზმით იწყებს პაწიას მოვლასა და აღზრდას. მაგრამ აი საოცრება: ახალგამომცხვარ მშობლებს პირველ გაკვეთილებს თავად ახალშობილი აძლევს. გაკვეთილებს ვინ ჩივის – ხშირად პატარა პროტესტსაც გამოთქვამს და ბუნებრივ კვებაზე უარს ამბობს.

საპროტესტო აქციის სახეები
ბუნებრივ კვებაზე პაწიას პროტესტი ამგვარად გამოიხატება:
. ახალშობილი ორივე ძუძუს არ წოვს;
. ერთი ძუძუ აქვს ამოჩემებული;
. ძუძუს მხოლოდ ღამით წოვს, დღისით კი ზედაც არ უყურებს, შეთავაზებისას პირს კუმავს;
. ძუძუს წოვს, მაგრამ მეტისმეტად უცნაურად, თითქოს აფორიაქებულიაო: ცოტას მოწოვს, ძუძუსთავს პირიდან გამოაგდებს, ტირის, ცოტა ხანში ძუძუს კვლავ მოეჭიდება, გამოაგდებს, ძუძუს ზურგს აქცევს...

პროტესტის მიზეზები
მიზეზი №1
“მატყუარა” და საწოვარიანი ბოთლი
ეს ძუძუზე უარის თქმის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ. “ხელოვნური” ძუძუს პირში ჩაჩრით საბოლოოდ ვინ რჩება მოტყუებული, არავინ იცის, მაგრამ მშობლებს ხშირად პირველი მცდელობის შემდეგაც კი უჭირთ, პაწიების ბუნებრივი კვება განაგრძონ. ბავშვის პოზიცია სავსებით გასაგებია: იგი ისეთ “საწოვარას” ირჩევს, რომელიც უფრო კომფორტულად აქვს მოქცეული ბაგეებს შორის და რომლის წოვის დროსაც ნაკლები ძალისხმევა სჭირდება – საწოვარადან ხომ რძე უკეთესად მოედინება.

მიზეზი №2
სარძევე ჯირკვლის ანატომიური თავისებურება
თუკი ძუძუსთავები ბრტყელი და ჩაზნექილია, პატარა უსუსურ არსებას მოჭიდება უთუოდ გაუჭირდება. ასეთ შემთხვევაში დედამ რძე სპეციალური საწველით უნდა გამოიწველოს, ძუძუსთავების მასაჟი გაიკეთოს. არსებობს სპეციალური საფენებიც, რომლებიც ახალშობილს საშუალებას აძლევს, ძნელად მოსაჭიდებელი ძუძუსთავებიდანაც კი ჩაიტკბარუნოს პირი ყველაზე გემრიელი და, რაც მთავარია, სასარგებლო საკვებით.

მიზეზი №3
პაწიას დედიკოს სურნელება აფრთხობს
ახალშობილის ცხვირს ძალიან არ მოსწონს მძაფრი სუნამოს სუნი. ჩვილი არ ეკარება იმ დეიდებსა და ბიძიებს, რომლებსაც უშურველად ასხიათ ათასგვარი პარფიუმი.
თუკი პაწია თქვენი სუნამოს ბრენდით უკმაყოფილოა, გირჩევთ, ბავშვის კვებამდე შხაპი მიიღოთ, ხოლო მძაფრი ნელსაცხებლებისა და დეზოდორანტების ყოველდღიურ გამოყენებას მაქსიმალურად ერიდოთ. საბედნიეროდ, არსებობს ანტიპერსპირანტები, რომლებიც არავითარ სუნს არ გამოსცემენ.

მიზეზი №4
დედა ღელავს, შფოთავს, ჩქარობს...
ასეთი განსაცდელი უმთავრესად მეტისმეტად საქმიან დედებს ელით. მათ სურთ, სწრაფადაც გამოკვებონ პაწია და არც საქმეს მოაკლონ ხელი. ამიტომაც გამუდმებით ჩქარობენ, ღელავენ. ზოგიერთი ექიმი იმასაც აღნიშნავს, რომ მღელვარების, სტრესის დროს რძის მოდინება იკლებს, შესაძლოა, შეწყდეს კიდევაც. ასე რომ არ მოხდეს, დედიკოებს ვურჩევთ, შვილთან ერთად განმარტოვდნენ, დამშვიდდნენ, მოეფერონ ჩვილს და წყნარ გარემოში გამოკვებონ.

მიზეზი №5
პატარას ავადმყოფობა
ჩვილებს ძუძუს წოვა განსაკუთრებით მაშინ უჭირთ, როდესაც ცხვირი აქვთ გაჭედილი. ასეთ დროს პაწიას პირით უხდება სუნთქვა, ამიტომაც ეს დროებითი, მაგრამ ერთადერთი სასუნთქი ორგანო დიდხანს დაკავებული ვერ ექნება.
მადა პატარებს მაშინაც ეკარგებათ, როცა ტემპერატურა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა, მაგალითად, ნაწლავთა ჭვალი (კოლიკა) აწუხებთ.
ასეთ შემთხვევაში ბავშვი უთუოდ აჩვენეთ ექიმს, მადის დაბრუნებამდე კი რძე ხელოვნურად გამოიწველეთ. სხვაგვარად ლაქტაციამ შესაძლოა საგრძნობლად იკლოს.

მიზეზი №6

რძემ გემო იცვალა
ასე მაშინ ხდება, როდესაც მეძუძური ქალი დიეტას არღვევს და ისეთ საკვებს მიირთმევს, რომელიც რეკომენდებული სულაც არ არის. უმთავრესად ასეთი გახლავთ სანელებლებიანი, ნივრიანი და ხახვიანი კერძები.
რძეს გემო შეიძლება უცვალოს ზოგიერთმა მედიკამენტმაც. როგორც ექიმები გვარწმუნებენ, ამგვარ ცვლილებას ქალი მენსტრუაციის დღეებშიც უნდა ელოდეს.
თუკი გემოს შეცვლა საკვების ბრალია, დისკომფორტის თავიდან აცილება არ გაგიჭირდებათ – უბრალოდ, ასეთი კერძი მენიუდან ამოიღეთ, ხოლო თუ ისეთ მედიკამენტებს იღებთ, რომლებიც რძეს გემოს უცვლის და ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, შეგიძლიათ, პაწია დროებით ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანოთ, მანამდე კი, რძე რომ არ გაქრეს, ძუძუ გამოიწველოთ.
თუ ჩვილის პროტესტი კრიტიკულ დღეებს ემთხვევა და პაწიას გადაწყვეტილება კატეგორიულია, ასეთ დროსაც ნარევები მოიშველიეთ, თუმცა გირჩევთ, ასე მხოლოდ მაშინ მოიქცეთ, თუ მეტი გზა აღარ დაგრჩათ. ეცადეთ, ბავშვი ძუძუს არ მოსწყვიტოთ.

მიზეზი №7
ცრუ განგაში
ზოგჯერ პატარა ონავარი ძუძუზე სრულიად უმიზეზოდ ამბობს უარს. უმიზეზო პროტესტის გუნებაზე ბავშვი უმეტესად 4-დან 7-თვემდე დგება. ამ პერიოდში პატარა აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს. საკმარისია, მის სიახლოვეს რაიმე გაფაჩუნდეს, რომ უმალ მოსწყდება ძუძუს და თვალების ცეცებას იწყებს. დროთა განმავლობაში ინტერესი იმატებს და პაწიას ძუძუსთან დაკავება შეუძლებელი ხდება. ასეთ დროს ჩვილს დედიკოს მკერდთან ჩახუტება ძილის წინ, გამოღვიძებისთანავე ან ღამღამობით ურჩევნია, დანარჩენ დროს კი სამყაროს შეცნობით არის დაკავებული. ეს სავსებით ნორმალურია, მით უმეტეს, თუკი ბავშვი წონასაც იმატებს და კარგ გუნებაზეცაა. მხოლოდ იმას გირჩევთ, ღამღამობით უფრო მეტად აწოვოთ ძუძუ.

მიზეზი №8
რძის უკმარისობა
მას სამედიცინო ენაზე ჰიპოგალაქტია ეწოდება. ამ დროს რძის გამომუშავება თანდათანობით იკლებს და ბოლოს სულმთლად წყდება. ჰიპოგალაქტია
უმეტესად ძუძუს იშვიათი წოვების ბრალია.
ლაქტაციის გაძლიერების მიზნით მეძუძურ ქალებს სითხის უხვ მიღებას, სპეციალური რძის მოსადენი ჩაისა და ნაყენების სმას ვურჩევთ. ძალიან კარგია ანისულის, კამის ჩაი, რომლებიც აფთიაქებში იყიდება.
რა გზასაც არ უნდა მიმართოთ, ჰიპოგალაქტიის საუკეთესო პროფილაქტიკა მაინც ძუძუს ხშირი წოვებაა. ისიც დაიხსომეთ, რომ რძის რაოდენობაზე გარკვეულწილად დედის ემოციური მდგომარეობა, სტრესული გარემოც მოქმედებს. ასე რომ, თუ გსურთ, პაწია დიდხანს დატკბეს ბუნებრივი კვების სიხარულით, ჩვილი ძუძუსთან მაშინ მიიყვანეთ, როდესაც დამშვიდებულნი და განმარტოებულნი იქნებით.

მიზეზი №9
რძის სიჭარბე
ისეც ხდება, რომ რძე მეტისმეტად ჭარბად წარმოიქმნება, სარძევე ჯირკვალი იზრდება, ფორმას იცვლის და პაწიას პირის მოკიდება უძნელდება. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მკერდის რძისგან დაცლაა.
გარდა იმისა, რომ გადავსებულ ძუძუს პაწია პირს ვერ მოავლებს, რძის სიჭარბემ შეიძლება ჯირკვლის ქსოვილის გამაგრება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად საგანგებო გამოსაწველი საშუალება ან მასაჟი დაიხმარეთ და მომავალში ეცადეთ, ბავშვს ხშირად, მოკლე ინტერვალებით აწოვოთ ძუძუ.

loading...
ADMIN 1101 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 9
სტუმრები 9
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css