navigacia
...


პატარას კუჭი რომ არ აეშალოს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

პატარას კუჭი რომ არ აეშალოს

ზაფხულის დადგომასთან ერთად დედებს საფიქრალი თითქოს უნდა გვაკლდებოდეს, მაგრამ ვინ მოგვასვენებს – გრიპსა და გაციებას შეთანხმებულებივით ცვლიან ნაწლავური ინფექციები. მათ მკურნალობას ბებიებიც გვასწავლიან, მეზობლებიც, მეგობრებიც და უბრალო ნაცნობებიც, მაგრამ მათი რეკომენდაციები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, ზოგჯერ კი დიამეტრულად განსხვავდება მედიცინის თანამედროვე პრინციპებისგან. რა იწვევს საზაფხულო უსიამოვნებებს, როგორ ავარიდოთ მათ თავი და როგორ მოვუაროთ ავადმყოფ ბავშვს? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” პედიატრი ირაკლი ბეგოიძე:

– რამდენად ხშირია ფაღარათით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში ან უმთავრესად რა ასაკის პაციენტები მოჰყავთ თქვენთან?
– ფაღარათი, იგივე დიარეა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ფაქტობრივად არ არსებობს ბავშვი, მსგავსი პრობლემა რომ არ ჰქონოდეს, განსაკუთრებით – კვებითი რაციონის გაფართოებისა და ფეხის ადგმის პერიოდებში, უმთავრესად – 6 თვიდან 2 წლამდე.
– როდის შეიძლება დიარეაზე საუბარი? ითვლება თუ არა პათოლოგიად ერთხელ ან ორჯერ შედარებით თხელ განავალზე გასვლა?
– ზოგიერთ მშობელს მართლაც ასე ჰგონია. სინამდვილეში არამცთუ ერთხელ, რამდენიმეჯერაც კი შედარებით თხელი, ფაფისებური განავლით დეფეკაცია პათოლოგიად არ ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ძუძუზეა. ჩვილებისთვის ნორმად მიიჩნევა კუჭში გასვლა როგორც დღეში ერთხელ, ასევე ყოველი ჭამის შემდეგ. ფაღარათად ითვლება დღეში 4-5-ჯერ და უფრო ხშირად დიდი რაოდენობით სითხისა და ლორწოს შემცველი განავლის გამოყოფა, რომელსაც შეიძლება მძაფრი სუნი ჰქონდეს და აირების გამოყოფაც ახლდეს თან.
– რა იწვევს დიარეას?
– ბავშვთა ასაკში დიარეა ყველაზე ხშირად ნაწლავური ინფექციის გამოვლინებაა, თვით ინფექციის გამომწვევი კი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი. ასეთი ინფექციები ძალიან გადამდებია, ავადყოფი განავალთან ერთად მილიონობით გამომწვევს გამოყოფს გარემოში. დაავადება უმეტესად ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებით ანდა ფეკალურ მასებთან უშუალო კონტაქტით (ჭუჭყიანი პამპერსებით, საპირფარეშოდან) გადაეცემა. ინფექციის გამომწვევი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერ ზედაპირსა თუ ნივთზე – კარის სახელურზე, მაგიდაზე, სადაც ბავშვს პამპერსს ვუცვლით, სათამაშოზე, ონკანზე... საკანალიზაციო სისტემის მოშლა და წყალსატევის დაბინძურება კი მასობრივ აფეთქებასაც იწვევს.
გახანგრძლივებული დიარეა შესაძლოა არაინფექციური ბუნებისაც იყოს. ამ დროს დამნაშავე გახლავთ კვებითი ალერგია, რომელიმე ფერმენტის დეფიციტი ან საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება, თუმცა ასეთი შემთხვევები გაცილებით იშვიათია.
– რისი ბრალია ზაფხულში ნაწლავური ინფექციების გახშირება?
– ზაფხულში უფრო მეტს ვმოძრაობთ, უფრო ხშირად ვსტუმრობთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს – აგარაკებს, კურორტებს, აუზებს, წყალსაცავებს. გარდა ამისა, სიცხე დაავადებების გამომწვევ მიკრობებს ცხოველქმედებისა და ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ზაფხულში საკვების ოთახის ტემპერატურაზე 2-3 საათით გაჩერებაც კი დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისთვის შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.
– ყველაზე ხშირად რომელ საკვებთან ერთად ხვდებიან ორგანიზმში მავნე მიკრობები და როგორ ავიცილოთ თავიდან მათი საკვებში მოხვედრა?
– გააჩნია მიკროორგანიზმს. ზოგი თავს შემწვარ თუ მოხარშულ ხორცში, უმ თუ თოხლო კვერცხში გრძნობს კარგად, ზოგს რძე ურჩევნია, განსაკუთრებით – შაქრით დამტკბარი. ასევე მრავალი მიკრობით შეიძლება იყოს დაბინძურებული უმი ხილი და ბოსტნეული. ერთ-ერთი ბაქტერია იერსინია კი მაცივრის ცივ და ტენიან გარემოშიც კარგად მრავლდება.
სიფრთხილის ზომები საკმაოდ მარტივია: გარდა იმისა, რომ ხორცი თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს, უმი მზა კერძს არანაირად არ უნდა შეეხოს; უფრთხილდით კრემიან ნამცხვრებს, განსაკუთრებით – თუ შენახვის პირობების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გაქვთ; ხილი და ბოსტნეული სუფრასთან მიტანამდე ან კერძის მომზადებამდე დიდხანს და გულდასმით რეცხეთ; მწვანილი და წვრილი ხილი გამდინარე წყალში გარეცხვამდე წყლიან ჯამში ჩააწყვეთ 10-15 წუთით; სალათებს მაცივარში დიდხანს ნუ შეინახავთ; სალათი მაიონეზით ან არაჟნით ჯობს უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ შეკაზმოთ.
– გარდა კუჭის აშლისა, რით ვლინდება ასეთი ინფექციები? რომელი მათგანია განსაკუთრებით საგანგაშო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
– დიარეასთან ერთად ბავშვებს აწუხებთ მუცლის სპაზმური ტკივილი. შესაძლოა, ამას დაერთოს ცხელება, უმადობა, გულისრევა, ღებინებაც.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
- ბავშვს არ შეუძლია ძუძუს წოვა, სითხის, საკვების მიღება;
- აღებინებს ნებისმიერი საკვების ან სითხის მიღების შემდეგ;
- ძილად არის მივარდნილი ან, პირიქით, ძლიერ აგზნებულია;
- აქვს მაღალი სიცხე, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს;
- დაემართა კრუნჩხვა.
ამასთან ერთად აუცილებლად უნდა დააკვირდეთ გაუწყლოების ნიშნებსაც – დროული კორექციის გარეშე ეს შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს. პირის სიმშრალე, უცრემლოდ ტირილი, კანის სიმშრალე, ჩაცვენილი თვალები, ყიფლიბანდის ჩაზნექა, შარდის ოდენობის მკვეთრი შემცირება დეჰიდრატაციის ნიშნებია. ამ დროს სითხის დაუყოვნებლივ მიწოდებაა საჭირო, ზოგ შემთხვევაში ინტრავენურადაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობს, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ.
– როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს დიარეა დაემართა?
– ნაწლავური ინფექციების უმრავლესობა რამდენიმე დღეში თავისით გაივლის. ხშირად ექიმებს მშობლების ზედმეტი აქტიურობის შედეგების აღმოფხვრა უფრო მეტად გვიჭირს, ვიდრე თვით დაავადებისა, ამიტომ მშობლებს ვურჩევ, დიარეის დაწყებისთანავე თვითმკურნალობის ნაცვლად ექიმს მიმართონ. მანამდე კი უმთავრესი, როგორც გითხარით, ბავშვის გაუწყლოებისგან დაცვაა. დაკარგული სითხის მარაგის შესავსებად საუკეთესო გზაა სპეციალური პერორალური სარეჰიდრატაციო საშუალებების (ჰუმანა ელექტროლიტი, რეჰიდრონი) გამოყენება. ისინი ორგანიზმს წყალთან ერთად მინერალების დანაკარგსაც უვსებს. თუ ეს ვერ მოხერხდა (ვთქვათ, ბავშვმა არაფრით არ მოისურვა მათი დალევა), უგაზო მინერალური წყალიც გამოგადგებათ.
– უმთავრესად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ამ დროს და რა საფრთხეს შეიცავს ეს შეცდომები?
– თუნდაც იმ გავრცელებული შეცდომით დავიწყოთ, დიარეის დროს ბავშვებს რომ აშიმშილებენ ან მხოლოდ მოხარშულ კარტოფილსა და ბრინჯს აჭმევენ. ამით ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს უფრო მეტად ვასუსტებთ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი კვება დიარეის ხანგრძლივობას ამცირებს კიდეც და არც ორგანიზმს აკლდება საჭირო ნივთიერებები, ამიტომ ფაღარათის დროს ბავშვმა ადეკვატური, ასაკისა და წონის შესაბამისი ოდენობის საკვები უნდა მიიღოს. თუ ბავშვს ძუძუს ვაწოვებთ, არამც და არამც არ უნდა შევწყვიტოთ, ხოლო თუ შერეულ კვებაზე გვყავს, ვაჭამოთ ყველაფერი, რასაც მანამდე ვაჭმევდით: ფაფა, რძის ნაწარმი, ხორცი, მცენარეული ზეთი, ღვიძლი, ხილის წვენი, – თუმცა სასურველია, საკვები თხიერი, ადვილად მოსანელებელი იყოს და უფრო ხშირად მივცეთ შედარებით მცირე ულუფებით. უმი ხილისა და ბოსტნეულის, შაქრით მდიდარი პროდუქტების მიღება ჯობს შევზღუდოთ.
მეორე, ასევე გავრცელებული შეცდომა ოყნის ხშირი და სრულიად გაუმართლებელი კეთებაა. ფაღარათის დროს ამან შესაძლოა უფრო მეტად გააძლიეროს ნაწლავების პერისტალტიკა (ტალღისებური მოძრაობა) და ორგანიზმის გაუწყლოება. აღარაფერს ვამბობ კალიუმის პერმანგანატის ოყნაზე და, მით უმეტეს, დალევაზე – ეს ძლიერი ტოქსიკური (შხამიანი) ნივთიერებაა და ასე ხელაღებით მისი გამოყენება არაფრით არ შეიძლება.
ცალკე საკითხია მედიკამენტები, რომლებსაც მშობლები ასევე ხელაღებით და საკუთარი ინიციატივით ასმევენ ბავშვს. ნებისმიერი წამალი ექიმთან შეთანხმებით უნდა გამოვიყენოთ, დოზირებისა და კურსის ხანგრძლივობის ზუსტი დაცვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ სასურველ შედეგს. ეს უვნებელ პრობიოტიკებსა და ფერმენტებსაც ეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტიბიოტიკებზე. ბევრ მშობელს ლევომიცეტინი დღესაც კუჭის აშლის წამალი ჰგონია, სინამდვილეში კი ეს უძლიერესი ანტიბიოტიკია, რომელიც უამრავ გვერდით მოვლენას იწვევს. ანტიბიოტიკის ერთმა ან ორმა აბმა შეიძლება დიარეა ვერც შეაჩეროს, ნაწლავთა მიკროფლორის შემადგენლობას კი ნამდვილად შეცვლის. მით უმეტეს, რომ ხშირად ის საერთოდ არ არის საჭირო, ინფექციას ორგანიზმი თავადაც გაუმკლავდება. ასევე უნდა ვერიდოთ პერისტალტიკის დამაქვეითებელ საშუალებებსაც – იმოდიუმს, ლოპედიუმს. ლოპერამიდს. ფაღარათი პირველ რიგში ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა მავნე ნივთიერებების თავიდან მოსაცილებლად, ხოლო ნაწლავთა პერისტალტიკის შენელება, რასაც ემყარება ამ მედიკამენტების ფაღარათის საწინააღმდეგო ეფექტი, აფერხებს მიკრობების ორგანიზმიდან გამოდევნას და აძლიერებს ინტოქსიკაციას, ახანგრძლივებს ავადმყოფობას.
– შესაძლებელია თუ არა ამ საზაფხულო უსიამოვნებების თავიდან აცილება?
– დიარეის თავიდან აცილება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ამისთვის მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გვყავდეს, დამატებითი საკვები მივცეთ ასაკის შესაბამისად და მომზადების წესების სრული დაცვით, ოჯახის ყველა წევრი, განსაკუთრებით ბავშვები, იცავდნენ ჰიგიენას.

loading...
ADMIN 1596 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css