navigacia
...


ბავშვის საწოლის შერჩევა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბავშვის დაბადებისთანავე სახლში ახალი ნივთები ჩნდება: პაწაწინა აბაზანა, კოხტა, ფერადი აპლიკაციებით მორთული ეტლი და, რაღა თქმა უნდა, მყუდრო და ლამაზი საწოლი. ძნელი სათქმელია, რომელი ნივთი სჭირდება პაწაწინას ყველაზე მეტად, მაგრამ უდავოა, ფუმფულა საწოლი ახალშობილის განუყრელ მეგობრად იქცევა. ან რა გასაკვირია: პატარა, რომელიც ეს-ესაა მოევლინა ქვეყნიერებას, მთელ დღეს ძილში ატარებს. ასე რომ, საწოლის შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა – ის ხომ ძალიან საჭირო ნივთია, რომელიც ბავშვს წლობით ერთგულად ემსახურება. საწოლი, რომელშიც ახალშობილი ტკბილ ძილს უნდა მიეცეს, თავდაპირველად უზარმაზარი ჩანს, მაგრამ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, რომ აღმოაჩენთ – ბავშვის ფუმფულა ტერფები რიკულებიდან სასაცილოდ გადმოკიდებულა! თუმცა საწოლი, რომელსაც დაბადებისთანავე შეიძენთ, ბავშვს, სულ მცირე, 3 წელი ემსახურება. კომფორტული საწოლის შესარჩევად განსაკუთრებული გულისყურის გამოჩენა მოგიწევთ. ხუმრობა საქმეა – პაწაწინა ონავარს დროებითი სამფლობელო უნდა შეურჩიოთ, სადაც ოცნებებს მიეცემა, ითამაშებს და დედიკოს ალერსით დაღლილი ტკბილად ჩაიძინებს. საბავშვო საწოლის შერჩევის კრიტერიუმების ცოდნა განსაკუთრებით მათ წაადგებათ, ვინც ცრურწმენის გამო პატარასთვის ესოდენსაჭირო ნივთს მის დაბადებამდე არაფრის დიდებით არ ყიდულობს, ბავშვის გაჩენისთანავე კი დაფაცურდება და საწოლს, ტანსაცმელსა და სხვა პირველი საჭიროების ნივთებს ნაჩქარევად შეიძენს. მოდური და კომფორტული თავდაპირველად იმ მასალაზე მოგახსენებთ, რომლისგანაც საბავშვო საწოლები მზადდება. ის მრავალნაირია. ყველაზე სასურველი, ცხადია, ბუნებრივი, ხის მასალაა, ყველაზე იაფფასიანი და ნაკლებად მოთხოვნადი კი ლითონისკარკასიანი საწოლი გახლავთ. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, საწოლის კონსტრუქციაა. ყველაზე მარტივი და იაფფასიანი ვარიანტი გახლავთ საწოლი, რომელიც არ ირწევა. მისი ერთადერთი მოძრავი ნაწილი ფსკერია, რომლის სიღრმის რეგულირება სურვილისამებრ შეიძლება. თუ მას მაქსიმალურად ქვემოთ დავწევთ, ბავშვს, რომელიც ეს-ესაა დადგა ფეხზე, მანეჟის მაგივრობასაც გაუწევს. შედარებით დახვეწილი მოდელია ბორბლებიანი საწოლი, რომელსაც ბორბლები ეხსნება. მისი გადაადგილება იოლია და, რაც მთავარია, ირწევა კიდეც, თუმცა ასეთი კონსტრუქციის მოდელსაც აქვს ნაკლი: ბორბლები იატაკზე ნაკვალევს ტოვებს და ზოგჯერ პარკეტსაც კაწრავს. იდეალური კონსტრუქციისაა სარწეველა საწოლი. ის ორგვარია. ერთი წინ და უკან ირწევა, ხოლო მეორე – მარჯვნივ-მარცხნივ. უფრო კომფორტული პირველი მოდელია, რომელშიც პატარა ძალზე მყუდროდ გრძნობს თავს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ბავშვი რომ წამოიზრდება, საწოლი შეგიძლიათ დააფიქსიროთ ანუ რწევის ფუნქცია გაუუქმოთ. ნებისმიერი კონსტრუქციის საბავშვო საწოლს აქვს უჯრა, რომელშიც შეგიძლიათ პაწაწინას თეთრეული და ტანსაცმელი ჩააწყოთ და მოაჯირი, რომელიც, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ასწიოთ, დასწიოთ ან სულაც მოხსნათ და საწოლი პატარა დივანს დაამსგავსოთ. ალბათ, ბავშვობიდან ჩაგრჩათ მეხსიერებაში ხის მარტივი კონსტრუქცია ყოველგვარი მოძრავი ძირისა და ბორბლების გარეშე. ეს ე.წ. რუსული საწოლი გახლდათ, რომელიც მეტისმეტად თავშენახულ ოჯახებს თუ ექნებათ შემორჩენილი. დღეს უპირატესობას ევროპულ მოდელებს ანიჭებენ, რომლებიც მარტივი კონსტრუქციის რუსული ანალოგებისგან არა მარტო გარეგნული იერით, არამედ ზომითაც განსხვავდება: ევროსაწოლის სტანდარტული ზომაა 65X125 სმ, ხოლო რუსულისა – 60X120. ელექტრონული შედევრის ძიებაში დღეს ბავშვის გაზრდა არც ისე რთულია: დედიკოს აღარც საფენების წამდაუწუმ რეცხვა უწევს, აღარც წყლის უზარმაზარი ქვაბით გაცხელება, რათა პატარა აჭყუმპალაოს. სწორედ ახალგამომცხვარი და, რაც მთავარია, თანამედროვე მშობლების გულის გასახარად შექმნეს კონსტრუქტორებმა აკვანი-მოდერნი. ასეთ აკვანს დისტანციური ელექტროსამართავი პულტი აქვს, რომლის საშუალებითაც მშობელს შორიდანვე შეუძლია მისი რწევა. ზოგიერთ მოდელში დიქტოფონია ჩამონტაჟებული, რომელზეც დედიკოსა და მამიკოს ხმებია ჩაწერილი. ატირდება თუ არა ჩვილი, ძიძა (ან ბებია და ბაბუა, რომლებთანაც პატარაა დატოვებული) პულტით ჩართავს საყვარელ ხმას ან სიმღერას, რომელიც ბავშვს უმალვე დაამშვიდებს. პულტითვე შეიძლება საწოლის თავზე ჩამოკიდებული ბზრიალა სათამაშოს ჩართვა და გამორთვა. კომფორტული ელექტროაკვანი სიმაღლით ჩვეულებრივი საწოლისოდენაა, ასე რომ, მშობლების საწოლთან მისი მიდგმა სავსებით შესაძლებელია. დედიკო პაწაწინას ადვილად რომ მისწვდეს, აკვანს გვერდი ეხსნება, უსაფრთხოებისთვის კი მოხსნილი გვერდიდან გამომავალი ქამრით მშობლების საწოლზე მაგრდება. უდავოა, ელექტრონული აკვანი მეტად გამოსადეგია, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება – საკმაოდ ძვირი ღირს, თანაც ბავშვი ასეთ საწოლში მანამდე იგრძნობს თავს მყუდროდ და უსაფრთხოდ, ვიდრე გვერდზე გადაბრუნებას ისწავლის. ასე რომ, ელექტროაკვანი თქვენს ჩვილს ოთხიოდე თვე თუ ემსახურება. კომფორტული ძილისთვის პატარამ ტკბილად და მშვიდად რომ იძინოს, ასე მოიქეცით: . საწოლს ოთახის ყველაზე მყუდრო კუნჭულში მიუჩინეთ ადგილი. სასურველია, ეს კუთხე ნათელი იყოს, ოღონდ მზისა და ნათურის სინათლე ბავშვს პირდაპირ არამც და არამც არ უნდა ეცემოდეს. გარდა ამისა, ბავშვის ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ, ოღონდ ისე, რომ პატარა ორპირ ქარში არ მოხვდეს. . გულდასმით შეარჩიეთ ლეიბი. ის მაგარი უნდა იყოს – ეს აუცილებელი პირობაა ხერხემლის ფორმირებისთვის. გაითვალისწინეთ ზომაც – მატრასი ზუსტად უნდა იმეორებდეს საწოლის კონტურებს, ხოლო მასა და საწოლის კიდეს შორის მანძილი 3 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. არამც და არამც არ დაუგოთ ახალშობილს ძველი, უფროსი და-ძმის ან, მით უმეტეს, დედ-მამის ნახმარი მატრასი. . ნუ დაუდებთ ჩვილს ბალიშს. უმჯობესია, მატრასს თავი დაახლოებით 30 გრადუსით წამოუწიოთ. ასე პატარა უკეთ ისუნთქებს და თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობს. . თუ საწოლი კედელთან დგას, თვეების პატარა, რომელიც ინტერესით სწავლობს გარემოს, მხოლოდ ცალი მხრიდან შეძლებს ოთახის თვალიერებას. შესაბამისად, მხოლოდ ცალ გვერდზე წოლას ისურვებს, შედეგად კი შესაძლოა კისერმრუდობა განუვითარდეს. ამიტომ სასურველია, მატრასი პერიოდულად შეაბრუნოთ, რათა პატარამ გარემოს ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მხრიდან ადევნოს თვალი. დაბოლოს: მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ბავშვს საკუთარ საწოლში უნდა ეძინოს, დროდადრო თქვენთან გადაიწვინეთ და მიუალერსეთ. დედიკოსა და მამიკოს სხეულთან შეხება მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.

loading...
ADMIN 1297 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css