navigacia
...


ფაფები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ფაფები ბავშვებისთვის

რამხელა შვებაა მშობლისთვის, როდესაც პატარას ჭამა უყვარს! თუ ყველაფერზე პირს არ აღებს, ერთი-ორი საყვარელი ფია მაინც აქვს... ფაფები ბავშვებს მაინცდამაინც არ მოსწონთ, ბევრი ხათრით აღებს პირს, ბევრიც – შიშით. აი, გემრიელ ფიაზე უარის თქმა კი ყველაზე “უჭმელ” ნამცეცასაც უჭირს. ასე რომ, დედიკოს ისღა დარჩენია, პაწიას რაც შეიძლება გემრიელი ფაფა მოუმზადოს.

წიწიბურა თუ შვრია
პირველად, სასურველია, ბავშვმა ისეთი მარცვლეულის ფაფა გასინჯოს, რომელიც გლუტეინს არ შეიცავს. გლუტეინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელსაც წებოვანი კონსისტენცია აქვს. მისი მონელება ჩვილის ორგანიზმს უჭირს, რადგანაც სიცოცხლის პირველ წელს პაწიას კუჭ-ნაწლავი სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის აღჭურვილი საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით. გლუტეინის პირადი მტერი (ანუ დამშლელი ფერმენტი) პეპტიდაზაა, რომლის დეფიციტიც ნაწლავებში აირების წარმოქმნით, მუცლის შებერვითა და ნაწლავთა ჭვალით (კოლიკით) ვლინდება. ასეთი პრობლემები მთელი სიცოცხლე აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც გლუტეინის ქრონიკული დეფიციტი – ცელიაკიად წოდებული დაავადება აქვთ. საბედნიეროდ, ეს თანდაყოლილი პათოლოგია ძალზე იშვიათია.
გლუტეინით არის გაჯერებული ხორბალი, შვრია, ჭვავი, ქერი და ფეტვი. ამ ცილოვან ნივთიერებას არ შეიცავს ბრინჯი, წიწიბურა და სიმინდი. ამდენად, პაწიას პირველი ფაფისთვის ბურღული სასურველია ამ სამეულიდან ამოვარჩიოთ. ბრინჯში ცოტაა ცილა, ამიტომ იოლი ასათვისებელია. ბრინჯის ფაფა იდეალურია ბავშვებისთვის, რომლებსაც ფაღარათისკენ აქვთ მიდრეკილება, მაგრამ თუ პაწიას კუჭის შეკრულობა აწუხებს, უმჯობესია მისგან თავი შეიკავოთ და ბავშვს წიწიბურას ფაფა შესთავაზოთ. ეს მარცვლეული მდიდარია უჯრედისით და ნაწლავთა მოქმედებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, რკინით. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით სიმინდზე, თუმცა მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მენიუში მისი ფაფაც შეიტანოთ. გარდა ამისა, მასში უხვად არის უჯრედისი, რომელიც პაწია მსუნაგს შეკრულობისგან თავის დაღწევაშიც დაეხმარება.
დაიხსომეთ: პირველი ფაფა ერთი სახეობის მარცვლეულისგან უნდა მოამზადოთ, ყოველგვარი დანამატის – ხილის, ხილის წვენის, თხილის, თაფლისა თუ შოკოლადის – გარეშე.
ბუნებრივ კვებაზე მყოფმა პაწიამ პირველ ფაფას გემო სასურველია 6-7 თვის ასაკში გაუსინჯოს, ხელოვნურ კვებაზე მყოფს კი უფრო ადრე, 4-5 თვისას შესთავაზეთ.
თანამიმდევრობა კი ასეთია (მოცემულია ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის):
. 6-7 თვისთვის: ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდი;
. 7-8 თვისთვის: შვრია. შეიძლება რამდენიმე მარცვლეულის შერევაც;
. 9-10 თვისთვის: ჭვავი, ქერი, ხორბალი.
მანანის ფაფას ბავშვს ერთ წლამდე ნუ გაასინჯებთ. მართალია, სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ კალციუმის ათვისებას აფერხებს და შესაძლოა, რაქიტის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, მანანის ბურღული ღარიბია მინერალებითა და ვიტამინებით და გაჯერებულია გლუტეინით.

ერთი გრამი, ორი გრამი...
პირველი ფაფა უთუოდ წყალში მოხარშეთ. პაწია ახალ ფიას იოლად რომ მიეჩვიოს, თხელი, 5%-იანი მოუმზადეთ – 5 გ ბურღულზე 100 გ წყალი აიღეთ. თავდაპირველად მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი გაასინჯეთ, შემდეგ ულუფა თანდათანობით გაზარდეთ, ისე, რომ 7-10 დღეში სრულ ულუფამდე – 150 გ-მდე ახვიდეთ. თუ ამ ხნის განმავლობაში პაწიამ იოლად აითვისა ახალი საკვები, – არ ასტკივდა მუცელი, არ დაემართა ფაღარათი, არ გამოაყარა, – თანდათან უფრო კონცენტრირებულ და, შესაბამისად, უფრო სქელ – 10%-იან ფაფაზე გადაიყვანეთ. სქელ ფიასაც თანდათანობით მიაჩვიეთ: 20-30 გ-ით დაიწყეთ და 7-10 დღის განმავლობაში ულუფა 150 გრამამდე გაზარდეთ. მესამე კვირას ბავშვს იგივე ფია მიეცით, აი, მეოთხე კვირიდან კი შეგიძლიათ ახალი მარცვლეულის ფაფაც გაასინჯოთ.

ერთი სიტყვით, ვიქცევით ასე:
პირველ დღეს – 1 ჩ. კ. ანუ 5 გ
მეორე დღეს – 2 ჩ. კ. ანუ 10 გ
მესამე დღეს – 3 ჩ. კ. ანუ 15 გ
მეოთხე დღეს – 4 ჩ. კ. ანუ 20 გ
მეხუთე დღეს – 50 მლ ან 50 გ
მეექვსე დღეს – 100 მლ
მეშვიდე დღეს – 150 მლ


ფაფა პაწიას უთუოდ კოვზით აჭამეთ. ამასთანავე, ჯობს, დილით, საუზმეზე ჩაიტკბარუნოს პირი – ახალ ფიას ასე უფრო იოლად შეაპარებთ.
გასინჯავს თუ არა ფაფას, პაწიას ისევ რძე შესთავაზეთ. თუ ხელოვნურ კვებაზეა, ულუფის საერთო მოცულობა 5-ჯერადი კვების შემთხვევაში ფაფის ჩათვლით დაახლოებით 200 მლ უნდა იყოს. შემდეგ ფაფის ოდენობა თანდათან იზრდება და 7-8 თვისთვის – 160-170 მლ-ს, 8-9 თვისთვის – 170-180 მლ-ს, ხოლო 9 თვისთვის 200 მლ-ს შეადგენს, ანუ ერთი კვება მთლიანად ფაფით იცვლება.
წლიდან ბავშვს ფაფის ულუფა შეგიძლიათ 300 მლ-მდე გაუზარდოთ და დღეში ორჯერ შესთავაზოთ (150-150 გრამი). ამ დროისთვის უკვე ძროხის რძეზე მომზადებული ფაფის მიცემაც შეიძლება (რა თქმა უნდა, მაშინ, თუ პატარას რძის მიმართ ალერგია არ განუვითარდა).

რომელი ჯობია
თუ სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ და ხალისი არც პაწიას გაჩენის შემდეგ დაგიკარგავთ, ჯობს, ფაფა თავად მოამზადოთ.
ვიქცევით ასე: საგულდაგულოდ გადავარჩევთ მარცვლებს და სუფთა საფქვავში ვფქვავთ (გამოყენებამდე შეამოწმეთ, ყავის ან წიწაკის მარცვლები არ ეყაროს). შემდეგ ფქვილს ვასხამთ ცივ წყალს (ასე ვიქცევით ბრინჯისა და წიწიბურას ფაფის მომზადებისას) ან ვყრით მდუღარეში (ასე კი – მანანისა და შვრიის შემთხვევაში) და ვხარშავთ ნელ ცეცხლზე, თან კოვზით განუწყვეტლივ ვურევთ.
ფაფა ნოყიერი რომ იყოს, კვების წინ შეგიძლიათ 20-30 გ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი დაამატოთ. მარილისა და შაქრის დამატება წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის.
ერთი წლის ასაკიდან, მას შემდეგ, რაც პაწია კარგად შეეგუება ახალ ფიას, შეგიძლიათ, ფაფაში კარაქი ჩაუგდოთ. თავდაპირველად – ძალიან ცოტა, 1-2 გრამი, შემდეგ ოდენობა თანდათან 5 გრამამდე გაზარდეთ.
ცხადია, გაცილებით იოლია ფაფის მომზადება ნახევარფაბრიკატი, სწრაფად ხსნადი მასალისგან. მომზადების წესი, რომელიც მარტივზე მარტივია (განსაზღვრული მოცულობის წყალში, რძეში ან ნარევში უნდა გაიხსნას სათანადო რაოდენობის ბურღული ან ფქვილი), ისევე როგორც კომპონენტების თანაფარდობა, კოლოფზე გარკვევით არის მითითებული. ასეთი ფაფები ათასნაირია. მათი შემადგენლობა დაბალანსებულია ანუ პატარას ზრდა-განვითარებისთვის საჭირო თანაფარდობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მათ შორის – კალციუმით, რკინით, იოდით... სათანადო რაოდენობით აქვს დამატებული შაქარი და მარილი.
გარდა ნახევარფაბრიკატებისა, არსებობს მზა ფაფებიც, რომლებიც ქილებით იყიდება და უმეტესად სხვადასხვა დანამატს (ხილს, ბოსტნეულს) შეიცავს. ასეთი ფაფები უმეტესად წყალზეა მომზადებული, შედარებით იშვიათად – რძეზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება საქმეს საგრძნობლად გვიმსუბუქებს, პაწიას ყოველდღიურ რაციონში ნუ ჩართავთ. ბავშვს მხოლოდ მგზავრობისას ან ძალიან იშვიათად, მენიუს გასამრავალფეროვნებლად შესთავაზეთ.

გემრიელი დანამატები
პაწიებს ხილისა და ბოსტნეულის გემო მოსწონთ, ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ ფაფაში (მით უმეტეს, ისეთში, რომლის გემოც ბავშვს მაინცადამიანც არ ხიბლავს) გახეხილ ხილსა და ბოსტნეულს შევურევთ.
დილით სასურველია პაწიას მხოლოდ ფაფა შევთავაზოთ, სადილად – ხორცი და ბოსტნეული, ხოლო ვახშმად – ხილით ან ბოსტნეულით შეკაზმული ფაფა. ბურღულისა და ბოსტნეულის საუკეთესო კომბინაციაა (ყოველ შემთხვევაში, პატარებს მოსწონთ) წიწიბურა ყაბაყით და ბრინჯი გოგრით, ხილით შეზავებული თითქმის ყველა ფაფა კი ერთნაირად უყვართ.
თუ პაწიას ტკბილ ფაფას წლამდე არ გაასინჯებთ, კარგი იქნება, თორემ დამტკბარ ფიას ერთხელ მაინც თუ გაუსინჯა გემო, დაუტკბობელზე შესაძლოა უარი განაცხადოს. ერთი წლიდან კი უკვე შეგიძლიათ, საკვები დაუტკბოთ. ხილიან ფაფას შაქრის დამატება აღარ სჭირდება, ხილის გარეშე მომზადებულს კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ფრუქტოზა დაამატოთ.
ხილის ნაცვლად ფაფა შეიძლება გატარებული ჩირით შეკაზმოთ. საუკეთესოა ქლიავისა, გარგარისა და ჭერმისა, ჩვენში უფრო კურაგის სახელით რომ იცნობენ.

loading...
ADMIN 1331 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css