+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
2015 წლის 17 ივნისი ქართული სპორტის ისტორიაში ევროპის პირველ თამაშებზე მოპოვებული პირველი მედლით, მართალია ვერცხლის, თუმცა მაინც ოქროს ასოებით შევიდა! მშვილდოსანთა შერეული გუნდი - ხათუნა ნარიმანიძე-ლაშა ფხაკაძე ფინალში გავიდა, უძლიერეს იტალიასთან დაძაბულ პაექრობაში დამარცხდა - 3:5 - და მეორე ადგილი დაიკავა!
მშვილდოსნობაში ჩახედულებმა ძალიან კარგად იციან, რომ იტალია სპორტის ამ სახეობაში მოწინავეთა შორისაა, მაურო ნესპოლის და ნატალია ვალეევას დონის წყვილი კი იშვიათია. 27 წლის ნესპოლი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანია, 45 წლის ვალეევამ კი ოლიმპიური მედალი ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს, ბარსელონაში მოიგო, მას შემდეგ კი მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე არაერთი მედლით დაიმშვენა მკერდი.
საკვალიფიკაციო სროლების შემდეგ ხათუნა ნარიმანიძის და ლაშა ფხაკაძის წყვილმა 29 ქვეყნის ნაკრებს შორის 1322 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველი სწორედ იტალია იყო (1336), მეორე კი გერმანია ასევე 1336, თუმცა ნაკლები 10-იანით: 60 აპენინელთა 64-ის წინააღმდეგ.
1/8-ფინალში ქართველები რუმინელებს დაუპირისპირდნენ. პირველი სეტი ნარიმანიძე-ფხაკაძემ 2:0 მოიგო. მეორეში რუმინეთმა (დანიელ კიორნეი, სიმონა ბანჩილა) ასევე 2:0 იმარჯვა, მესამე ფრედ 1:1 დასრულდა, მეოთხეში კი ქართველთა უპირატესობა კვლავ აშკარა იყო. საბოლოოდ 5:3 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
რუმინეთის შემდეგ ესპანეთის ჯერი დადგა - ალისია მარინიმ და მიგელ ალვარინო გარსიამ საკვალიფიკაციოში 1302 ქულა მოაგროვეს, რაც მე-11 შედეგი გახლდათ, 1/8-ფინალში კი ფრანგებს აჯობეს 5:3.
ჩვენმა მშვილდოსნებმა პირენეელებიც დაამარცხეს, თუმცა საამისოდ არნახული ძალისხმევა დასჭირდათ - 5:4! საინტერესოა, რომ თუ ლაშა ფხაკაძე და მიგელ ალვარინო გარსია თანატოლები არიან - 21 წლის, ჩვენი ქალთა გუნდის ლიდერი ხათუნა ნარიმანიძე მეტოქე ალისია მარინიზე 23 წლით უფროსია. აქვე გეტყვით, რომ 18 წლის მარინისთვის ბაქო-2015 პირველი დიდი საერთაშორისო შეჯიბრებაა, მსოფლიო რეიტინგში 55-ე საფეხურზე მყოფი ლაშა ფხაკაძე კი ესპანელ თანატოლს მთელი 39 საფეხურით ჩამორჩება - გარსია მეთექვსმეტეა!
1/2-ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვენია გახლდათ, რომელმაც საკვალიფიკაციოში 1283 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ერთნაირი ანგარიშით - 6:2 სძლია გერმანიას (ტურნირის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა) და ბელარუსს. ანა უმერის და როკ ბიჟიაკის დუეტთან ჩვენი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო - 2:0, 1:1, 2:0, ჯამში 5:1 და ფინალის საგზური!
გულახდილი რომ ვიყო, მშვილდოსნების წლევანდელი შედეგების გათვალისწინებით, მათი მეიმედებოდა, თუმცა შერეულ წყვილში თუ მოიპოვებდნენ მედალს, ამისა ნაკლებად მჯეროდა - უპირატესობას ჩვენს ქალთა ნაკრებს ვანიჭებდი.
არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ხათუნა ნარიმანიძის და ლაშა ფხაკაძის დღევანდელი წარმატება, გარდა იმისა, რომ ისტორიულია, ძალიან ძვირფასია, ძვირფასი ყველანაირი გაგებით!
დღეს მოპოვებული ვერცხლისმედალი წლეულს ქართველი მშვილდოსნების პირველი საერთაშორისო წარმატებაა არაა: თებერვლის მიწურულს ქალთა ნაკრებმა სლოვენიაში, არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჭერქვეშა პირველობაზე ასევე ვერცხლი მოიპოვა, მარტის ბოლოს იმავე ნაკრებმა მარათონში (საბერძნეთი) ევროპის დიდი პრიზი მოიგო, ხათუნა ნარიმანიძის და ზურაბ მესტვირიშვილის შერეულმა წყვილმა კი იქვე მესამე ადგილი დაიკავა.
გილოცავთ! ასეთ მძიმე დღეებში ამ სიტყვის წარმოთქმის მიზეზი გაგვიჩნდა. ეს ძალიან კარგია. ჩანს, საბოლოოდ განწირულები არ ვართ.
წყარო: msy.gov.ge
გაუზიარე მეგობრებს
loading...