+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
„მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრს მოუწოდებს, არ დაარეგისტრიროს კომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე. იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მისი მიღების შემთხვევაში, უკანონოს უწოდებს.
გადაბაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ის გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის პარტნიორთა კრებაზე, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიიღეს.
„ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მე არ მჯერა იმის, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს უნდა „მაესტროს“ აღორძინება. მე მივიღე შეთავაზება გია და ლევან გაჩეჩილაძეებისგან, რომ დავრჩენილიყავი ამ არხზე, მაგრამ თუ მე არ მექნა ბერკეტი, რომ გავაკონტროლო სარედაქციო პოლიტიკა, მაშინ ჩემს აქ დარჩენას ყველანაირი აზრი ეკარგება.
მივმართავ იმ უკიდურეს ზომას, რაც არ მინდოდა - მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - ლევან გაჩეჩილაძემ დააყენა საკითხი, რომ მას სურს მაესტროს დირექტორობა. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს - არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ამით საფრთხის ქვეშ დადგება ამ ტელეკომპანიის სამომავლო ბედი. მივმართავ, სამწუხაროდ უკიდურეს ზომებს. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. მივმართე პრემიერმინისტრს - არავინ არ გამომეხმაურა, არავინ არ დაინტერესებულა იმითი, რას ვამბობდი. სამწუხაროდ პირდაპირ ეთერში მოუწევს ამის გაგება პარტნიორთა კრებას.
არ მჯერა ფულის წარმომავლობის კეთილშობილების. პოლიტიკისთვის უნდათ, ბიზნესის სალობირებლად თუ საკუთარი შვილის გასაპიარებლად, ეს მე არ ვიცი. არ მჯერა კეთილშობილური მიზნების. ვიცი, რომ არ არსებობს ქველმოქმედება ტელევიზიაში.
დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი, როგორც ამ წლების განმავლობაში იცავდა თავის უფლებებს, ისევ ისე დაიცავენ. თუ არ დაიცავენ, ამას ყველაფერს ერთად დავინახავთ“, - განაცხადა გადაბაძემ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...