+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
მე უნდა გავაერთიანო ის ხალხი, ვისაც უნდა საქართველოს ფეხზე დაყენება და ამას აუცილებლად შევძლებ. ეს ხმამაღალი განცხადება პაატა ბურჭულაძემ „TV პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. ქართველი მომღერალი, რომელიც საკუთარ თავს "რუს ბანს" უწოდებს, პოლიტიკაში დიდი ამბიციით მოდის. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან მისი შეჩერების მცდელობა, ბურჭულაძემ უპასუხა:
„ხელისუფლებიდან ჩემი შეჩერების სიგნალი არ წამოსულა. მე წინა ხელისუფლებიდან მაქვს მიღებული გამოცდილება, როდესაც რამდენჯერმე შემომითვალეს „სტოპ“, მაგრამ მე წითელ შუქზე არ გავჩერებულვარ და თხოვნა მაქვს, რომ ამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთოს.“
ძნელი სათქმელია, ასე თავგამოდებით რატომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა ქველმოქმედად ცნობილ ხელოვანს, ან რა მიზნები აქვს მას, მაგრამ ფაქტია: ამბიცია ძალიან დიდია, ხოლო პოლიტიკური ორიენტაცია, ნამდვილად არ იხრება დასავლეთისკენ...
ამაზე თუნდაც მისი ცნობილი განცხადება მეტყველებს. როგორც ცნობილია, რუსულ გადაცემაში პაატა ბურჭულაძემ თქვა:
"იმის მიუხედავად, რომ სისხლით და ხორცით ქართველი ვარ, მე უცხოეთში რუსულ სკოლას წარმოვადგენ და ჩემთვის დიდი პატივია, როცა მსოფლიოში მომიხსენიებენ, როგორც რუს ბანს". როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებისთვისაც მზე კვლავ ჩრდილოეთიდან ამოდის, მომავალ აქტიურ საარჩევნო-პოლიტიკურ სეზონზე, რიგებში მატება ექნებათ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...