navigacia
...


დიეტა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მენიუ დღეგრძელობისთვის
დიეტის დაცვა დღეს მოდაშია. ლამის ნახევარი მსოფლიო ცდილობს, ამა თუ იმ წესით შედგენილი მენიუთი მიაღწიოს საწადელს – წონა დაიკლოს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც დიეტა ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება და სულაც არ ემსახურება ზედმეტი კილოგრამების დაფერთხვის დიად მისიას. გარდა ამისა, უამრავია სამკურნალო დიეტა, რომელთა მიზანიც რომელიმე პათოლოგიის შემსუბუქება გახლავთ.

და მაინც, რა დანიშნულებაც არ უნდა ჰქონდეს დიეტას, იგი ყოველთვის მოდური იქნება. ბევრი სავსებით ჩვეულებრივი მენიუ “სასწაულმოქმედის” სახელით ისარგებლებს, ხოლო ზოგიერთი მეტად სასარგებლო გაკიცხვას დაიმსახურებს.
ერთი სიტყვით, დიეტებსა და კვების რეჟიმზე საზოგადოებას არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვს, თუმცა მათი მნიშვნელობა უდავოა. ასე რომ არ იყოს, დიეტის სპეციალისტები (სპეციალისტებს ვგულისხმობთ და არა დილეტანტებს) ესოდენ მრავლად არ იარსებებდნენ.
მაინც რომელი დიეტაა სჯობს? რა შეიძლება მოჰყვეს გამუდმებულ შიმშილსა და წონის რადიკალურ დაკლებას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, პროფესორი ელენე გიორგაძე.

. ქალბატონო ელენე, დიეტა უმთავრესად წონის დაკლებასთან ასოცირდება, ნაკლებად – ჯანსაღ საკვებსა და კვების მართებულ რეჟიმთან. თქვენ რას გვეტყოდით ამის თაობაზე?
– თავად სიტყვა “დიეტა” სწორ, რაციონალურ, ჯანმრთელ და დაბალანსებულ კვებას ნიშნავს. შესაბამისად, სწორი კვება და კვების მართებული რეჟიმის შერჩევა არა მარტო წონის კორექციის მიზნით, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესის დასაცავადაც გახლავთ აუცილებელი.
. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისთვის? რომელი დაავადებებია ასოცირებული არაადეკვატურ კვებასთან? შეიძლება თუ არა, მათგან მხოლოდ დიეტის მეშვეობით განვიკურნოთ?
– ვფიქრობ, მართებული კვება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. დაბალკალორიული დიეტა და ფიზიკური ვარჯიში სიმსუქნის მკურნალობის მეტად ეფექტური თერაპიული საშუალება გახლავთ. კიდევ უფრო აქტიურად უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს (ვიკვებოთ რაციონალურად, ხელი მოვკიდოთ სპორტს), თუკი სიმსუქნე უკვე დაავადებად არის ჩამოყალიბებული. საზოგადოდ, სიმსუქნე ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკულ დაავადებათაგანია, რომელიც ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებით ვლინდება. პათოლოგიის ქრონიკული ხასიათიდან გამომდინარე, მკურნალობა მთელი სიცოცხლის მანძილზეა საჭირო. ამავე დროს, მაღალია რეციდივის განვითარების რისკი.
შესაძლოა, სიმსუქნით შეპყრობილ პირს აღენიშნებოდეს ზოგიერთი თანდართული დაავადება ან მათკენ იყოს მიდრეკილი. ეს პათოლოგიებია:
• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება (გიდ);
• ჰიპერლიპიდემია;
• აპნოე (სუნთქვის დარღვევა);
• რეპროდუქციული დისფუნქცია;
• ონკოლოგიური დაავადებები;
• ქოლელითიაზი (ნაღველკენჭოვანი დაავადება);
• ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
• პოდაგრა;
• ოსტეოართროზი და ზოგიერთი სხვა.
. დღეს უამრავი რადიკალური დიეტაა გავრცელებული. რა აზრის ბრძანდებით მათზე? არის თუ არა დიეტა წონის კლების ყველაზე ეფექტური გზა?
– დიეტა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი და უთუოდ – კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველას ერთნაირი ეფექტურობით დააკლებინებს წონას, არ არსებობს. გარდა ამისა, დიეტის თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დაცვა მიზანშეწონილი არამც და არამც არ გახლავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაციონში გათვალისწინებული უნდა იყოს მიკროელემენტების, ამინომჟავების ის ოდენობა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის არის აუცილებელი. დაიხსომეთ, რომ თვითნებურ დიეტას ხშირად არაერთი დარღვევა მოსდევს.
რაც შეეხება უშუალოდ სიმსუქნეს, იგი ქრონიკული, მორეციდივე დაავადება გახლავთ, ამიტომ პაციენტმა საკუთარი წონა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა აკონტროლოს. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მას ეცოდინება, რას მიაქციოს ყურადღება და რა გაითვალისწინოს.
. რას გვეტყოდით წონის დასაკლებ სხვადასხვა სამკურნალო ფორმულასა თუ სპეციფიკურ მედიკამენტებზე, რომლებიც ზედმეტი კალორიებისგან გათავისუფლების უტყუარ და მაღალ ეფექტს გვპირდება?
– საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენს ბაზარზეც არსებობს პრეპარატები, რომლებიც ექიმის კონსულტაციისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე თითოეულ პირს ინდივიდუალურად, დიეტასთან ერთად ენიშნება. ასეთი რამ სავსებით გამართლებულია, მათი თვითნებური მიღება კი არამც და არამც არ შეიძლება. რაც შეეხება პროგნოზს, ის მეტად ინდივიდუალურია.

. გარდა კვების რეჟიმის კორექციისა, წონის დასაკლები კიდევ რომელი ეფექტური მეთოდი არსებობს?
– მაგალითისთვის, ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიული კაბინეტი, სადაც ელექტროსტიმულაციის მეთოდზე დამყარებული პროცედურით – ყურის ნიჟარაზე არსებულ ცთომილ ნერვსა და შენმენის წერტილზე (რელაქსაციის წერტილი) ერთდროული ზემოქმედებით ვთრგუნავთ მადას, რის შედეგადაც ძლიერდება სეროტონინის სეკრეცია, რომელიც სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. ინდივიდუალურად შედგენილი დიეტისა და ამ პროცედურის ურთიერთშეხამება სასურველ შედეგს გვაძლევს.
. რომელი ასაკიდან არის დასაშვები წონაში დაკლების მიზნით დიეტის დაცვა? შეიძლება თუ არა, მოზარდმა დიეტა დაიცვას?
– სამწუხაროდ, დღეს ბავშვებსა და მოზარდებს შორის ხშირად გვხვდება ჭარბი წონაც, ანუ სიმსუქნის წინა საფეხური, და უკვე ჩამოყალიბებული დაავადება – სიმსუქნეც. სწორედ მოზარდები იცავენ დიეტას თვითნებურად და ამის შედეგად გამძაფრებული ენდოკრინული დარღვევებით მოგვმართავენ. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ექიმთან კონსულტაციისა და სათანადო კვლევების გარეშე დიეტის დაცვა არამც და არამც არ არის მიზანშეწონილი.
. წონის კლების როგორი დინამიკაა უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის?
– ნორმალურია, როდესაც ადამიანი თვეში საწყისი წონის დაახლოებით 5%-ის იკლებს. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, თითოეული ადამიანისთვის დიეტაც და წონის კლების დინამიკაც მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.
. რომელი პათოლოგიები იწვევს წონის მნიშვნელოვან მატებას? რა განაპირობებს სიმსუქნის ჩამოყალიბებას?
– არსებობს მეტაბოლური სინდრომი (მას პოლიმეტაბოლური, მეტაბოლური ტრისინდრომის, სიუხვის სინდრომის სახელითაც იხსენიებენ). ეს გახლავთ მეტაბოლურ (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევათა კომპლექსი, რომლის კომპონენტები ერთმანეთთან პათოგენეზურად მჭიდროდ არის დაკავშირებული და, ამდენად, მის პათოგენეზში (წარმოშობაში) პირველადი მიზეზის განსაზღვრა მეტად ძნელია. შესაძლოა, მიზეზი ნახშირწყლოვანი ან ლიპიდური ცვლის დარღვევა იყოს. იგივე შეიძლება ითქვას აბდომინალურ სიმსუქნეზე. სავსებით შესაძლებელია, თითოეული ხსენებული მიზეზი გენეტიკური განწყობიდან გამომდინარეობდეს ანუ ადამიანს მემკვიდრეობით ერგოს ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ სახის დარღვევა.
. დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას, როგორ იკვებონ? საჭიროა თუ არა, მისდიონ სპორტს და დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი?
– სასურველია, საჭმელი დღეში 5-ჯერ მივირთვათ, ანუ გვქონდეს სრულფასოვანი საუზმე, სადილი, ვახშამი და ორჯერ ხილიც მივიღოთ. სასურველია, კალორიული საკვები დღის პირველ ნახევარში მივირთვათ, რათა დღის ბოლომდე მიღებული ენერგიის დახარჯვა მოვასწროთ. თუ საკვების მეშვეობით მიღებული ენერგია დახარჯულს აღემატება, წონაში მოვიმატებთ. ვეცადოთ, ცხიმები საკვების სადღეღამისო ულუფის დაახლოებით 30%-ს შეადგენდეს (აქედან 10% ცხოველური იყოს, ხოლო 20% – მცენარეული), ცილები – 15-20%-ს, ხოლო ნახშირწყლები – დაახლოებით 50%-ს (თანაც უპირატესობა მივანიჭოთ არა საკონდიტრო ნაწარმს, მურაბას, შოკოლადს, არამედ ბოსტნეულში, ბურღულეულში შემავალ ნახშირწყლებს). ასევე აუცილებელია დოზირებული (თითოეული პირისთვის ინდივიდუალურად შედგენილი) ფიზიკური დატვირთვა.

loading...
ADMIN 1287 0 2014-12-06
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css