უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, კურსკთან გერმანელების დამარცხებისთვის მოსკოვს ჯარისკაცებისთვის სალუტით უნდა ეპასუხა. ლეგენდარულ დიქტორ იური ლევიტანს ბრძანება ზუსტად რვა საათზე უნდა წაეკითხა და დამთავრებისთანავე ზალპიც უნდა ყოფილიყო მიცემული. სტალინის სამუშაო კაბინეტში ფრონტის რომელიღაც სტრატეგიულ გეგმას იხილავდნენ, როცა ოთახში პოსკრებიშევი შემოვიდა და სტალინს მოახსენა: _ სამ წუთში ლევიტანი იწყებს მთავარსარდლის ბრძანების ეთერში წაკითხვას. სტალინი სწრაფად წამოდგა მაგიდიდან და სხვებსაც მოუწოდა, გასულიყვნენ პოსკრებიშევის მისაღებში (რადგან სტალინის კაბინეტში არავითარი რადიომიმღები თუ ელექტროტექნიკა არ იყო), რათა მოესმინათ ლევიტანისთვის.
მოსკოვიდან მთელი ქვეყანა პირველად ისმენდა მტერზე გამარჯვების გრანდიოზულ მოვლენას და ლევიტანიც ზეციური ხმით, რომელიც ჟრუანტელს გვრიდა არა მარტო მსოფლიოს, არამედ თვით ამ ბრძანების შემოქმედსაც კი, რომელიც იმჟამად იქ მომცრო რეპროდუქტორთან იდგა და თავაწეული, მხრებგაშლილი მაღლიდან დაჰყურებდა თავის მარშლებს, რომლებიც არანაკლები «სიხარულით შევხაროდით და შევცქეროდით ერთ ციცქნა ყუთს, საიდანაც უდიდესი ძალა და იმედი იფრქვეოდა», _ შენიშნავს მარშალი კონევი. ესე იგი იმ მომენტში სტალინს თავისი თავი მოსწონდა. ბუნებრივიცაა.
საღამოს რიწის ტბაზე ბაღში სეირნობის შემდეგ სტალინი და აკაკი მგელაძე დასასვენებლად შენობისკენ გაემართნენ. ა. მგელაძე თავის ოთახში განმარტოვდა. სტალინმა კი თავის სამუშაო ოთახს მიაშურა. ცოტა ხანში აკაკი მგელაძეს კარზე ჩუმი დაკაკუნების ხმა შემოესმა, მანაც მიაძახა _ შემოდითო. კარი ძალიან მოკრძალებულად შემოიღო და ოთახში სტალინი შემოვიდა. აკაკი ივანეს ძევ, დღეს ამ ოთახში ფანჯარა გამოვაღე შენობის გასანიავებლად, ახლა უნდა დავკეტო, არ გამიცივდე, აქ ღამე სულ სხვა კლიმატია. ფანჯარა მიკეტა, ძალიან ფრთხილად ისევ ჩემ საწოლის წინ გაიარა და კარი ისევ და ისევ ძალზე ფრთხილად მიხურა.
რა არის ეს _ შიში, ფარისევლობა, პატივისცემა თუ ყურადღება? _ ვფიქრობ, ეს ყურადღებაა, რომელიც ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებად არის ჩადებული. თუ პირველ შემთხვევაში სტალინს თავი იმით მოსწონდა და ამაყობდა, რომ ჰიტლერი კურსკთან დაამარცხა და ქვეყანა იხსნა განსაცდელისგან, ამ შემთხვევაში თავი იმით მოსწონს, რომ მას შეუძლია თავის უმცროს მეგობარს მოემსახუროს და პატივი სცეს.
1946 წელს შავი ზღვისპირა აგარაკზე სტალინთან ჩასული ქართველი მსახიობების სტუმრობა ქართული სტუმართმოყვარეობის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. ამ სტუმრობის მთლიან სურათს ვერ აღგიდგენთ ფორმატის გამო, მაგრამ გაგაცნობთ ერთ ფრაგმენტს:
აკაკი ვასაძეს სტალინის სამუშაო კაბინეტის გვერდით ოთახში აქვს მიჩენილი საწოლი. სტალინი სწორედ ამ ოთახის გავლით ან გამოვლით უნდა შევიდეს თავის ოთახში. დაიძინოს იმ ჭერქვეშ, სადაც სტალინი ფხიზლობს, ა. ვასაძისთვის წარმოუდგენელია. სტალინი თავაუღებლად მუშაობს. ა. ვასაძე კი თავზე საბანგადაფარებული (თითქოს ამით ნაკლებად დაურღვევს კომფორტს მასპინძელს) სტალინზე ფიქრობს და ძილი არ ეკარება. თითქოს ფეხის ხმა მოესმა, შეეშინდა, არ იცის რატომ, მაგრამ ეშინია. თანაც ეს უცნაური ჩუმი ფეხის ხმა თითქოს მას უახლოვდება. შიში კულმინაციას აღწევს. ფეხის ხმა მის საწოლთან შეწყდა. უკვე ადამიანის სუნთქვაც ესმის. ეტყობა, შიშმა ყველაფერი იცის. «გავითიშე. გონს მაშინ მოვედი, როდესაც ვიღაცის კეთილი ხელი კედლის მხრიდან გვერდებში საბანს მიტენიდა, უცბად სიზმარი მეგონა, ალბათ, დედაჩემი მითბუნებს გვერდებს საბნის ნაპირებით. საბნის გადახდა ვერ გავბედე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ფეხის ნელი ხმა რომ დამშორდა, საბნის ქვეშიდან ფრთხილად გამოვიჭყიტე და დავინახე ოთახში თეთრ ნიფხავ-პერანგით თავის ოთახისკენ მიმავალი ღმერთად აღიარებული სტალინი.
ნიფხავ-პერანგიანი ღმერთი გინახავს, მკითხველო? მასპინძელი ხომ ნახევრადღმერთკაცი გახლდათ, თუმცა ნახევრად მე არ მომწონს არაფერი. მე არც ბოლოკი მიყვარს, შიგნიდან რომ თეთრია და გარედან წითელი». ვინ დაავალა ქვეყნის მთავარსარდალს, მეურვეობა გაეწია მსახიობისთვის? ა. ვასაძე მისი მეგობარი არ იყო, ამას ქვეყნის საილუსტრაციოდ არ აკეთებდა. რა ამოძრავებდა მას, როდესაც კალამი თუ წიგნი გვერდით გადადო, მაგიდიდან ადგა და სტუმარს დახედა, საბანი შემოუკეცა და ისივ თავისი საქმე გააგრძელა. ვფიქრობ ეს სისხლის ყივილი იყო.
თავის მეგობრებს კი, აი, როგორ ექცეოდა: სოხუმში სტალინის აგარაკზე მყოფი მ. ტიტვინიძე და ი. ცერაძე ხშირად ახალგაზრდობის წლებს ახსენებდნენ სტალინს. ისინი არც დიდი რევოლუციონერები და არც დიდი პარტიელები არ იყვნენ, მაგრამ იყვნენ სოსოს სიყრმის მეგობრები, ეს კი სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავდა სტალინს. სადილზე ხალისობდნენ, ძველ ამბებს ყვებოდნენ და მღეროდნენ ხოლმე. ერთხელ მოკრძალებულმა და თავმდაბალმა ი. ცერაძემ სიმღერა წამოიწყო, აჰყვნენ ტიტვინიძე და სტალინიც. სიმღერა კარგად შესრულდა, მაგრამ მასპინძელმა ვერ გაარჩია სიტყვები, რომელზედაც სიმღერა იყო აწყობილი, რისი გამეორებაც სთხოვა მეგობარს. ი. ცერაძემაც არ დააყოვნა და გარკვევით ჩაუმღერა მასპინძელს:
«გეომ უთხრა აკოფასა, შინ წასვლა სჯობს აქ ყოფნასაო».
«აა, მოგეწყინათ, არა? გასაგებია, _ თქვა სტალინმა, _ ოჯახი, შვილიშვილები მოგენატრათ». «არა, სოსო, შენთან რა მოგვაწყენს, მაგრამ ბევრ დროს გართმევთ, სინდიდიც კარგი საქონელია. მთელი კვირა სტუმრობა ვის გაუგონია», _ გამოასწორა შექმნილი უხერხულობა მ. ტიტვინიძემ.
პეტრე კაპანაძის ცოლის გარდაცვალების გამო შეწუხებული სტალინი წერილს უგზავნის თავის მეგობარს: (იხ. ხელნაწერი).
სტალინი ახალ ათონში ისვენებდა. კანდიტ ჩარკვიანმა და ზაქარია ჩხუბიანაშვილმა სტუმრად მისვლა გადაწყვიტეს სტალინთან და სოხუმში გაემგზავრნენ. სპეციალურ ვაგონს სოხუმში თბომავალი გამოაბეს და ახალ ათონში ჩაიყვანეს. იმ საღამოს საქმიანი საუბრის შემდეგ დაისვენეს და მეორე დილით სასეირნოდ აგარაკის მიმდებარე ბაღში გამოვიდნენ. სეირნობის დროს სტალინმა რკინიგზის სადგურისკენ მიაპყრო ყურადღება, რაღაცას აკვირდებოდა. მეც იქეთ გავიხედე, სადაც ჩვენი ვაგონი იდგა თბომავალთან ერთად, მაგრამ ეს რკინიგზელთა რეგულირების საქმედ ჩავთვალე. საღამოს, როდესაც ვახშმად დავჯექით ცოტა ხნის შემდეგ სტალინმა პოსკრებიშევს დაავალა: «გადი, ნახე, ისევ იქ დგას თუ არა». პოსკრებიშევმა სწრაფად შეასრულა დავალება და მოახსენა, რომ ის კვლავ იქ იდგა.
მეორე დილით ამიერკავკასიის გზის უფროსი გ. კიკნაძე სასწრაფო მიღებას ითხოვს ცკ-ის პირველ მდივან კ. ჩარკვიანთან, რომელიც უკვე ჩამოსული იყო აფხაზეთიდან. «ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, _ მოახსენებს კიკნაძე ჩარკვიანს, _ დღეს, გამთენიისას საკავშირო გზის უფროსმა ბეშევმა დამირეკა და საყვედურით ამავსო, რატომ არის რომ ახალი ათონის სადგურზე მთელი დღე ორთქლმავალი დგასო». ჩარკვიანს მეხის გავარდნასავით გაახსენდა სტალინის დაინტერესება სადგურზე ორთქლმავლის არსებობის შესახებ, რომელიც დიდი მცდელობის შემდეგ გამოუყო შავ ზღვისპირეთს პირადად სტალინმა და მის მოცდენას არავის აპატიებდა. «მერე რაო ბეშევმა? _ იკითხა კ. ჩარკვიანმა. _ სამ დღეში წევა ორთქმავალზე გადაიყვანეთო ბრძანება არ შეიცვლებაო, _ მოახსენა გ. კიკნაძემ.
სტალინის განკარგულება შესრულდა. ასეთი იყო სტალინის ფორმულა: «დრუჟბა _ დრუჟბა, ა სლუჟბა _ სლუჟბა».
სტალინი დიდ სახელმწიფოებრივ საქმიანობას კეთილშობილებით უთავსებდა მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, მეგობრობას ცოტაოდენი ჩრდილიც კი არ უნდა მიეყენებინა საერთო საქმისთვის. აი, რას გვიყვება სტალინი თავის რევოლუციურ მეგობარზე, უკრაინელ სკრიპნიკზე, რომელიც 1919 წელს დამოუკიდებელი უკრაინის ელჩად დაუნიშნავს რუსეთის ფედერაციაში.
«ნაციონალურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა უმთავრესად ეროვნებათა სახალხო კომისარიატის მეშვეობით ხორციელდებოდა, ამიტომ მიხდებოდა მათი წარმომადგენლების მიღება. ერთხელ მდივანმა მომახსენა, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ნ. სკრიპნიკი აუდენციას ითხოვდა. სიტყვა «აუდენცია» არ მომეწონა, მაგრამ რა გაეწყობოდა.
_ დავურეკეთ ამხანაგ სკრიპნიკს, რომ ველოდები, _ დავავალე მდივანს. არ გასულა დიდი დრო და კაბინეტში შემოვიდა სკრიპნიკი, თავი ამაყად ეჭირა, ნაბიჯს მძიმედ დგამდა. მისი ზედმეტი დარბაისლური ქცევის გამო სიცილს ძლივს ვიკავებდი. შევატყვე, რომ პირველი ფრაზის წარმოთქმა უძნელდებოდა და ისევ მე დავასწარი: _ გამარჯობა მიკოლა, როგორა ხარ, როგორ ცხოვრობ? დიდი ხანია, არ შევხვედრივართ ერთმანეთს.
_ გამარჯობა, ამხანაგო სახალხო კომისარო! ჩემმა მთავრობამ დამავალა, გადმოგცეთ რომ... _ დაიწყო სტუმარმა.
_ რად გინდა ეს ოფიციალური ფრაზები, მითხარი, უბრალოდ, რისთვის გარჯილხარ, _ შევაწყვეტინე მე.
_ ჩემი მთავრობის დავალებით, პატივი მაქვს გადმოგცეთ, რომ... არ იშლის აუდენციაზე მოსული წარმომადგენელი.
_ მაშ, ასეა საქმე? _ ვთქვი მის გასაგონად და განვაგრძე: გისმენთ, ამხანაგო ელჩო.
_ ჩემმა მთავრობამ დამავალა, გადმოგცეთ... და სკრიპნიკმა მაცნობა სიტყვიერად და წერილობითაც უკრაინის სახალხო კომისართა საბჭოს რამდენიმე თხოვნა.
ყურადღებით მოვუსმინე და შევპირდი, რომ თხოვნებს რუსეთის სახალხო კომისართა საბჭო განიხილავდა და ზოგ მათგანს, ალბათ, დააკმაყოფილებდა.
ამის შემდეგ სკრიპნიკი, როგორც დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს, ზრდილობიანად, მაგრამ ცივად დამემშვიდობა და კაბინეტიდან იმავ დარბაისლური მძიმე ნაბიჯებით გავიდა.
მარტო დავრჩი თუ არა, ტელეფონის ყურმილი ავიღე და კრემლის სამეურნეო ნაწილში დავრეკე: _ ხვალიდან სასურსათო მომარაგებიდან მოხსენით უკრაინის სსრ წარმომადგენელი ამხ. სკრიპნიკი.
ეს 1919 წლის ზაფხულში მოხდა. გახურებული სამოქალაქო ომია, მოსკოვში თუ სასურსათო მომარაგებაზე არ ხარ აყვანილი, დიდხანს ვერ გაძლებ.
გავიდა რვა თუ ათი დღე და უეცრად ჩემთან კაბინეტში შემოდის სკრიპნიკი. არავითარი ფორმალობა, მდივნის საშუალებითაც არ გავუფრთხილებივარ.
_ გამარჯობა კობა, ჩემო ძვირფასო, დამეხმარე, თორემ არ ვიცი, რა ვქნა.
_ რაშია საქმე, ამხანაგო ელჩო, რა მოხდა, რით შემიძლია გემსახუროთ თქვენ და თვენს მთავრობას?
_ რად გინდა ეს ოფიციალური ტონი, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ, ერთი პარტიის წევრები. ერთმანეთს ასე უნდა მივმართოთ?
_ რასაკვირველია, არა, მაგრამ ნუთუ თქვენც ასეთი აზრისა ხართ?
_ მაშ, სხვანაირად როგორ იქნება?!
_ იცი, რა მოხდა? სამეურნეო მუშაკებმა მომარაგებიდან მომხსნეს, მიშუამდგომლე, რომ აღმადგინონ.
_ ახლა კი მომწონხარ, მიკოლა, არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ, პირველ ყოვლისა, ბოლშევიკები ვართ, რა პოსტზეც უნდა ვიყოთ და ვისაც არ უნდა წარმოვადგენდეთ.
ავიღე ყურმილი და გავეცი განკარგულება, სკრიპნიკი მომარაგებაზე აღედგინათ».
სტალინი უღალატო მეგობარი იყო, თვითონ არ უღალატებდა, მაგრამ ღალატს არც სხვას აპატიებდა. ის არასოდეს გაუშინაურდებოდა ვინმეს და არც ახლოს მოუშვებდა. ძალზე უყვარდა იუმორი და მეგობრებთან გახუმრება. აი, ამის ერთი მაგალითი.
სტალინი მოგვითხრობს:
«1926 წელს თბილისში ყოფნისას ოფიციალურ ვითარებაში ამიერკავკასიისა და საქართველოს ყველა თვალსაჩინო მუშაკს შევხვდი. მიხაც, რასაკვირველია, მათ შორის იყო და საკითხების განხილვაში მონაწილეობდა, მაგრამ მინდოდა, ის ცალკე მენახა, მეგობრულად გვესაუბრა, ზოგი რამ წარსულიდანაც გაგვეხსენებინა. მიხა ამიერკავკასიის ცაკის თავმჯდომარე იყო. ავდექი და ორჯონიკიძესა და მიქოიანთან ერთად სამსახურში გაუფრთხილებლად ვეწვიე. გადავწყვიტეთ, მოხუცს გავხუმრებოდით, ამიტომ მისაღებში ჩვეულებრივი მიმსვლელებივით დავსხედით და შემდეგ მდივანს ვთხოვეთ, თავმჯდომარისთვის მოეხსენებინა, რომ სტალინი, ორჯონიკიძე და მიქოიანი მიღებას ითხოვდნენ. მდივანმა, რასაკვირველია, ყველაფერი მოახსენა, მიხა ხუმრობას მიგვიხვდა, მდივნის პირით გადმოგვცა: ცოტა დამელოდეთ, საქმეს მოვრჩები და თქვენი ჯერიც მოვაო. რამდენიმე წუთში მდივანს ისევ გამოუძახა, კაბინეტის კარი მოღებული დაატოვებინა და ჩვენს გასაგონად ჰკითხა: «ეს რომელი სტალინია, ჩვენი კომსომოლა? სთხოვეთ, შემოვიდესო».
მიხასთან სტალინის «ვიზიტის» ამბავი თბილისში იმ დღესვე გავრცელდა, მაგრამ მე მაშინ ეს ანეკდოტი მეგონა, არ მჯეროდა, მაგრამ ოცდაორი წლის შემდეგ იგივე ისტორია მოვისმინე თვით ი. სტალინისგან. საეჭვო თურმე არაფერი ყოფილა», _ იგონებს კ. ჩარკვიანი.
loading...