navigacia
...


თიაქარი ბავშვთა ასაკში


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თუ ჩვილი ჭირვეულობს, გაუჩერებლად ტირის და ვერაფრით აწყნარებთ, ტირილის სხვა მიზეზებთან ერთად თიაქრის ჩაჭედვაც უნდა გამორიცხოთ, რადგან ზოგჯერ მშობელს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მის პატარას თიაქარი აქვს. თიაქარი ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის გამობერილობა მუცლის წინა კედელზე ან საზარდულის მიდამოში და უმთავრესად თანდაყოლილი მიზეზებითაა გამოწვეული. თიაქარი ორივე სქესის ბავშვებში გვხვდება, მაგრამ ბიჭებში – უფრო მეტად. განასხვავებენ ჭიპის, თეთრი ხაზის ანუ მუცლის წინა ფარის და საზარდულის თიაქრებს. უკანასკნელი ფორმა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თიაქრების შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ქირურგი ნუგზარ ჩუბინიძე. ჭიპის თიაქარი – ჭიპის თიაქარი წარმოადგენს გამობერილობას ჭიპის მიდამოში. იგი დაბადებისას ბევრ ახალშობილს აქვს, მაგრამ ზრდის პროცესში, სამ-ოთხ წლამდე, უფრო ხშირად კი ერთ წლამდე, ყალიბდება მუცლის წინა ფარის კუნთები და აპონევროზი და თიაქარი იხურება. თუ ჭიპის თიაქარი ბავშვს სამ-ოთხ წლამდე არ დაეხურა, კეთდება ოპერაცია. თიაქარზე უარყოფითად მოქმედებს შეკრულობა, მეტეორიზმი, ტირილი (ნერვულ ბავშვებს თიაქარი უფრო ხშირად ეზრდებათ ხოლმე). ჭიპის თიაქარი ბავშვებში პერიოდულად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. თუ თიაქარმა დიდ (2 სმ-მდე და მეტ) ზომას მიაღწია, ახალშობილობის პერიოდში შესაძლებელია მისი ლეიკოპლასტირით გამაგრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს მხოლოდ ექიმმა და მშობელსაც მან უნდა ასწავლოს. ძველად გავრცელებული იყო ხუთკაპიკიანის დაადება ჭიპზე და მისი გაკვრა, რაც დაუშვებელია, რადგან თუ პროცედურა არასწორად ჩატარდა, შესაძლოა ლითონის მონეტასა და კანს შორის ნაწლავი ჩაიჭედოს. ბავშვთა ასაკში ჭიპის თიაქარი საშიში არ არის. ჩემი ოცდათხუთმეტწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ბავშვებში ჭიპის თიაქრის ჩაჭედვას არ შევხვედრივარ, რასაც ვერ ვიტყვით მოზრდილებზე. ოპერაცია კეთდება გეგმურად 4-5 წლის ასაკში. თეთრი ხაზის თიაქარი – თეთრი ხაზის თიაქარი ოდნავ მოგვიანებით წარმოიშობა. თეთრი ხაზი არის მუცლის წინა კედელზე კუნთების მყესებისგან შექმნილი მკვრივი ზონარი. ჭიპის ზევით ჩნდება გამობერილობა, რომელიც, ჭიპის თიაქარისგან განსხვავებით, თავისთავად არ ხორცდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს თეთრი ხაზის თიაქართან, უნდა ჩატარდეს გეგმური ოპერაციული მკურნალობა. – ყველაზე ხშირად რა ასაკში ყალიბდება თეთრი ხაზის თიაქარი? – უმეტესად – ორი-სამი წლის შემდეგ. მიიჩნევა, რომ იგი შეძენილია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, საქმე გვქონდეს თანდაყოლილი დეფექტის მოგვიანებით გამოვლენასთან. ჭიპისა და თეთრი ხაზის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს წინა კედელზე არსებული აპონევროზული დეფექტის დახურვას, მის გაკერვას. საზარდულის თიაქარი – ბავშვებში ყველაზე ხშირად საზარდულის თიაქარი გვხვდება. იგი უმეტესად წლამდე ვლინდება და უფრო ხშირადაც იჭედება ახალშობილობის პერიოდში. ვისაც თიაქარი გამოაჩნდება, წლამდე თითქმის ყველას უტარდება ოპერაცია. იშვიათია, ბავშვს თიაქარი ერთი წლის შემდეგ გაჰყვეს. საზარდულის თიაქარი თუ არ ჩაიჭედა, საშიში არ არის, მაგრამ გეგმურ ქირურგიულ მკურნალობას მაინც მოითხოვს. მართალია, ჩემს პრაქტიკაში იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც საზარდულის თიაქარი თავისთავად გაქრა და შემდეგ აღარც გამოვლენილა, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე ორიენტირება არ შეიძლება. საზარდულის თიაქარმა შესაძლოა დაბადებისთანავე იჩინოს თავი, მაგრამ თუ არ იჭედება ან იშვიათად იჭედება, ექვს თვემდე ოპერაციის გაკეთებას ვერიდებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ბავშვი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული, გეგმური ოპერაცია სამი-ოთხი თვის ასაკშიც დასაშვებია, რა თქმა უნდა, ისეთ კლინკაში, სადაც საამისოდ ტექნიკური საშუალება არსებობს. საშიშია ჩაჭედილი თიაქარი. ამ შემთხვევაში ოპერაცია ნებისმიერ ასაკში კეთდება. – როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ თიაქარია ჩაჭედილი? – ბავში ჭირვეულობს, ტირის, რადგან ჩაჭედილი თიაქარი მტკივნეულია. აფართხალებს ფეხებს, თუ პატარაა, შესაძლოა აუვარდეს ღებინება, გაუჭირდეს აირების გამოყოფა და მუცელი შეებეროს. ბავშვი რომ ატირდება, თუ მშობელმა იცის, რომ თიაქარი აქვს, პირველ რიგში საზარდულის მიდამოზე უნდა დახედოს. ჩაჭედვის შემთხვევაში ამ მიდამოში გამობერილობა შეინიშნება. წინა დღეებისგან განსხვავებით, როდესაც თიაქარი იბერებოდა, მერე კი სწორდებოდა, ახლა გამობერილობა ადგილზე რჩება, ხელის დაჭერისას მტკივნეულია და უფრო მკვრივი. ხშირად მშობელმა თიაქრის არსებობა არც კი იცის და იგი პირდაპირ ჩაჭედვით ვლინდება, ამიტომ როდესაც ბავშვი გაუჩერებლად ტირის, მშობელმა თიაქარიც უნდა გამორიცხოს – დაათვალიეროს საზარდულის მიდამო. – როგორ უნდა მოიქცეს ბავშვის პატრონი თიაქრის ჩაჭედვის დროს? – შეიძლება, ბავშვი თბილ აბაზანაში ჩასვას, დააწყნაროს, საზარდულის მიდამოზე თბილი სათბური დაადოს, აუწიოს საჯდომი ნაწილი ტანზე მაღლა. თიაქარზე ხელის დაჭერა არ შეიძლება. თუ ის 1-2 საათის განმავლობაში თავისთავად არ ჩასწორდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს: თუ ბავშვი დასუსტებულია, ნაავადმყოფარია ან იმ პერიოდში ავადმყოფობს, მაღალი სიცხე აქვს და ა.შ., ქირურგი შეეცდება, ოპერაცია გადაავადოს და თიაქარი დროებით ჩაასწოროს. ამისთვის ის გამოიყენებს სპაზმოლიზურ და დამამშვიდებელ საშუალებებს, ოყნას, სათბურს. ქირურგს თიაქრის ხელით ჩასწორებაც შეუძლია. თუ კონსერვატიული მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ ოპერაციას ვეღარ გადადებს. ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ნაწლავის დანეკროზება ისე სწრაფად არ ხდება, როგორც მოზრდილებში. მოზრდილებში ნეკროზი შესაძლოა 2-3 საათშიც განვითარდეს; ბავშვებში ეს პერიოდი რამდენიმე საათით უფრო ხანგრძლივია, მაგრამ მაინც – თიაქრის ჩაჭედვა არ უნდა გაგრძელდეს ორ საათზე მეტ ხანს. – რომელი ორგანო ქმნის თიაქრის შიგთავსს? – ბიჭებში, როგორც წესი – წვრილი ნაწლავის მარყუჟი, ზოგჯერ – მსხვილი ნაწლავი, ხანდახან – ჭიაყელა ნაწლავიც; გოგონებში იმავე ჩამონათვალთან ერთად ხშირად გვხვდება საკვერცხე, ხანდახან – საშვილოსნოც. – რა სახის ოპერაცია კეთდება საზარდულის თიაქრის დროს? – ბავშვთა ასაკში საზარდულის თიაქარი თანდაყოლილია. მუცლადყოფნის პერიოდში პერიტონეუმის ბუდობრივი მორჩი შეუხორცებელია, ანუ საზარდულის არხი უკავშირდება მუცლის ღრუს; მისი ობლიტერაცია – დახურვა – დაბადებისას ხდება. თიაქარს ამ მორჩის შეხორცების პროცესის დარღვევა იწვევს. თუ მოზრდილებში თიაქრის ოპერაცია გულისხმობს საზარდულის არხის პლასტიკას, ბავშვებში მხოლოდ ბუდობრივი მორჩი იხურება – მოიძებნება ეს მორჩი, გაიკერება და საზარდულის არხი მუცლის ღრუსგან გაიმიჯნება. მოზრდილებში თავდაპირველად საზარდულის არხის სისუსტე, რგოლის აპონევროზის კუნთების სისუსტე შეინიშნება, თიაქრის პარკი კი მოგვიანებით ყალიბდება. სიმძიმის აწევა, მკვეთრი მოძრაობა ასუსტებს საზარდულის არხს და ხელს უწყობს თიაქრის ჩამოყალიბებას. ბავშვებში ოპერაციის დროს საზარდულის არხი პრაქტიკულად არ იხსნება – ჩარევა ხდება საზარდულის არხის გარეთა რგოლთან. – ძნელია ჩაჭედილი თიაქრის ოპერაცია? – თუ ნაწლავი ან სხვა ჩაჭედილი ორგანო სიცოცხლისუნარიანია და მუცლის ღრუში თავისუფლად ბრუნდება, მას ჩააბრუნებენ, პერიტონეუმის ბუდობრივ მორჩს დახურავენ და ოპერაციაც ამით დასრულდება; თუ ორგანო დანეკროზებულია, უფრო რთული ოპერაცია კეთდება – ჩაჭედილი და ნეკროზული ორგანო ამოიკვეთება. თუ ეს ნაწლავია, გახსნილი ბოლოები გადაეკერება ერთმანეთს. – რა განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს ოპერაცია? – ბავშვებში ყველა ამ ტიპის ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება, ამიტომ ოპერაციისთვის მომზადება პრაქტიკულად ნარკოზისთვის მომზადებას გულისხმობს. ბავშვი უნდა იყოს სავსებით ჯანმრთელი, ოპერაციამდე 10-14 დღის განმავლობაში მაინც არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ინფექციური დაავადება, ნორმალური უნდა ჰქონდეს სისხლისა და შარდის საერთო მაჩვენებლები. ამ ოპერაციის დროს სისხლის შედედების მაჩვენებლებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, რადგან ის, პრაქტიკულად, უსისხლოა. ოპერაციის წინ ბავშვს სინჯავენ პედიატრი და ანესთეზიოლოგი. ისინი გასცემენ ოპერაციის ნებართვას. თვითონ ოპერაცია ხანმოკლეა, გოგონებში ქირურგული ჩარევა თხუთმეტ წუთს გრძელდება, ბიჭებში – ნახევარ საათამდე. გაურთულებელი თიაქრის ოპერაცია თავისი ნარკოზიანად ორმოც-სამოც წუთს გასტანს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ქირურგებს იუველირისსინატიფით მუშაობა გვიწევს, რადგან ყველა ქსოვილი (პერიტონეალური მორჩი, საზარდულის ბაგირაკი და სხვა) მეტად ნატიფი და თხელია. – რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ? – თიაქრის გეგმური ოპერაციის შემდგომი პერიოდი პრაქტიკულად არავითარ შეზღუდვას არ მოითხოვს, ბავშვს იმავე ან მეორე დღეს ფეხზე ვაყენებთ და სახლშიც ვუშვებთ. ჩაჭედილი თიაქარის შემთხვევაში საქმე შედარებით რთულადაა – ნაოპერაციებ ბავშვს რამდენიმე დღე ვაკვირდებით, რათა გაირკვეს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჩაბრუნებული ორგანო, ველოდებით კუჭის მოქმედებასაც. კვება ბავშვს მხოლოდ ოპერაციის დღეს ეზღუდება, ისიც – ნარკოზის გამო. ვცდილობთ, რამდენიმე თვით მცირედ შევუზღუდოთ ფიზიკური დატვირთვა. ამ მიზნით სკოლის მოწაფეებს 1,5-2 თვით ვათავისუფლებთ ფიზკულტურის გაკვეთილებიდან. – რა შემთხვევაში ყალიბდება თიაქარი განმეორებით? – რეციდივი უფრო ხშირია იმ პაციენტებში, რომლებსაც ოპერაცია ახალშობილობის პერიოდში გაუკეთდათ ჩაჭედვის გამო. ჩაჭედილი თიაქრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის სისწრაფეს, ჩაჭედილი ორგანოს დროულ გათავისუფლებას, ასეთ სიჩქარეში კი ქირურგი ტექნიკური შეცდომისგან ყოველთვის ვერ იქნება დაზღვეული. – შესაძლებელია თუ არა, ბავშვმა საზარდულის თიაქარი “შეიძინოს“? – წესისამებრ, ბავშვებს არ უწევთ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რაც ერთ-ერთი წამყვანი პირობაა შეძენილი თიაქრის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა მინახავს 13-14 წლის ასაკში შეძენილი თიაქარი შტანგაზე მოვარჯიშე და მოჭიდავე ვაჟებში. ასე რომ, გადაჭარბებულმა ფიზიკურმა დატვირთვამ მაირთლაც შეიძლება ბავშვს თიაქარი ჩამოუყალიბოს. – ბატონო ნუგზარ, რას ურჩევდით ჩვენი საუბრის დასასრულს მშობლებს? – მშობლებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ, ჩაჭედილი თიაქრით ბავშვი დიდხანს არ გააჩერონ სახლში. საზოგადოდ, ჯობს ოპერაცია გეგმურად გაკეთდეს, ვიდრე ჩაჭედვას დაველოდოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხული – უმჯობესია, ბავშვს ოპერაცია გაუკეთონ და ისე წაიყვანონ ქალაქგარეთ, რადგან გამორიცხული არ არის, თიაქარი ისეთ ადგილას ჩაიჭედოს, სადაც ბავშვთა სპეციალისტი არც კია და ამის გამო საქმე გართულდეს.

loading...
ADMIN 2807 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css