navigacia
...


სასკოლო ინფექციები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბუნებრივია, დედის გულს ურჩევნია, თვალისჩინი თვალწინ, ყოველგვარ საფრთხეს მოცილებული ჰყავდეს, მაგრამ ადრეულ კოლექტივიზაციას უამრავი დადებითი მხარე აქვს, 6-7 წლიდან კი, რომ იტყვიან, გარდაუვალი ხდება. ახალი სამყარო, ახალი მეგობრები, ქცევის ახალი წესები, ერთი სიტყვით, მშვენიერი გარემო გამოცდილებისა და ცოდნის შესაძენად. ოღონდ ეს გარემო ხილულთან ერთად უხილავ ნაცნობობასაც უწყობს ხელს, ამ მიკროსკოპული ნაცნობებიდან კი ყველა როდია ადამიანის მეგობარი...
რას ვიზამთ, შეხვედრას თუ ვერ ავიცილებთ თავიდან, მის შედეგებთან გამკლავების სტრატეგია მაინც შევიმუშაოთ.

გაციება
გამომწვევი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ორასამდე ვირუსი. გრიპის ვირუსიც ამ ჯგუფში შედის, მაგრამ გართულებათა გამოწვევისადმი მისი მიდრეკილების გამო ცალკე გამოყოფენ.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი. ბუნებრივია, წვეთს წონა აქვს და გრავიტაციის კანონს ემორჩილება. მით უმეტეს, რომ ამ ჯგუფის ვირუსები საკმაოდ დიდი ზომის წვეთებად ვრცელდება (მიკროსკოპულ მასშტაბს ვგულისხმობთ). შესაბამისად, ჰაერში დიდხანს შეწონილი არ რჩება და ჰაერიც უმთავრესად მაშინ არის საშიში, როცა დაავადებულს ცხვირწინ ვუდგავართ, ის კი აცემინებს ან ახველებს. სამაგიეროდ, დალექილი წვეთები ჩვენს კანსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე საკმაოდ დიდხანს ძლებს. ვირუსის ორგანიზმში მოსახვედრად მაინცდამაინც დაბინძურებული ხელის პირში ჩადება არ არის აუცილებელი, თვალების ან ცხვირის მოსრესაც საკმარისია.
საყვარელი ასაკი: მთელი ბავშვობა, ზოგჯერ – წელიწადში რამდენიმეჯერაც.
საინკუბაციო პერიოდი (დრო გამომწვევთან შეხვედრიდან დაავადების გამოვლენამდე): რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე.
სიმპტომები: სიცხის აწევა, უგუნებობა, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ხველა.
სახლში ჯდომის ვადა: ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატებით დაგდებული სიცხე არ ითვლება) მინიმუმ 24 საათი.
დამალვის მეთოდიკა: მოსთხოვეთ სკოლის (თუ ბავშვი ჯერ კიდევ ბაღში დადის – ბაღის) დირექციას, დაავადებული (მით უფრო სიცხიანი) ბავშვები სახლში გააბრუნონ. თუ სიცხემ ბავშვს დღის განმავლობაში აუწია, მშობლის მოსვლამდე სხვებს გამოარიდონ (ვთქვათ, ექიმის ან ექთნის კაბინეტში, ანდა კარანტინის ოთახში), ოთახი სასწრაფოდ სველი წესით დაალაგონ, ჯგუფელებს კი ხელები საპნით დააბანინონ. საერთოდ, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა ძალიან ბევრი დაავადებისგან თავის დასაცავი უნივერსალური საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო ადრე ჩაუნერგავთ პატარას, მით უკეთესი. ასევე უნდა ვასწავლოთ ხველებისა და ცემინებისას ქცევის წესები: ცხვირ-პირზე აუცილებლად ხელსაწმენდი (უმჯობესია ქაღალდის) უნდა მიიფაროს, მაშინვე გადააგდოს და ხელები დაიბანოს. თუ ამას ვერ ახერხებს, პირზე ხელის მაგივრად სჯობს სახელო აიფაროს.
მოქმედების გეგმა: რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოიძახეთ ექიმი, საშიშროების ნიშნების შემჩნევისას კი ვიძახებთ განმეორებით.
თუ ცხელება აქვს, აიძულეთ, ტემპერატურის ნორმალიზებამდე საწოლში იწვეს. სიცხის დამწევი პრეპარატები მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ სიცხემ 38.5ºC-ს გადააჭარბა. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი.
ასვით ბევრი სითხე, თუნდაც თაფლიანი რძე ან ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ქათმის ბულიონი, თუნდაც უბრალო წყალი, ოღონდ დღეში 2 ლიტრამდე. ორგანიზმისთვის ვირუსების მოცილებასთან ერთად ეს ცხვირისა და ყელის ლორწოვანს გამოშრობისგანაც დაიცავს და ლორწოს მოშორებასაც გააადვილებს.
ხველას, სურდოს, თავის, ყელის ტკივილს ამ ასაკისთვის რეკომენდებული სიმპტომური საშუალებებით ებრძოლეთ.
აკრძალული მედიკამენტები:
1. ანტიბიოტიკები, დადგენილია რომ ისინი ვირუსებზე არ მოქმედებს, არ ამცირებს გართულების ალბათობას და მათი უმიზნოდ ხმარება მხოლოდ და მხოლოდ წამალგამძლე ბაქტერიების გამოყვანას უწყობს ხელს. მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულების დროს არის საჭირო და აუცილებლად ექიმის დანიშნულებით.
2. ასპირინი სიცხის დასაწევად (12 წლამდე ასაკის ბავშვებში). შეიძლება განვითარდეს იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულება ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

წითელა
გამომწვევი: ვირუსი.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, ოღონდ წვეთები გაცილებით უფრო პატარაა, ვრცელდება საკმაოდ დიდ მანძილზე, კორიდორებით და კიბის უჯრედებით შესაძლოა სხვა ოთახებსა და ბინებშიც მოხვდეს, სავენტილაციო და გათბობის სისტემებისთვის დატანებული ხვრელებით კი ზედა სართულებზეც.
საყვარელი ასაკი: 1-დან 5 წლამდე.
ინკუბაციის პერიოდი: 9-10 დღე, იშვიათად – 21 დღემდე.
სიმპტომები: წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.
მოწითალო ფერის ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი დაავადების მე-4-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება, 24 საათში მოედება მთელ სახეს, კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.
სახლში ჯდომის ვადა: არანაკლებ 4 დღისა პირველი გამონაყარის გაჩენიდან, პნევმონიით გართულების შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღისა.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან არიდება.
მოქმედების გეგმა: იგივეა, რაც გაციების დროს.

წითურა
გამომწვევი: ვირუსი.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი. ინფექციის წყაროდ, გარდა დაავადებულისა, შესაძლოა ვირუსმატარებელიც იქცეს.
საყვარელი ასაკი: 5-14 წელი.
საინკუბაციო პერიოდი: 15-24 დღე.
სიმპტომები: წითელასგან განსხვავებით, გაციებიმაგვარი ნიშნები თითქმის არ ახასიათებს (ზოგჯერ საერთოდ არ იჩენს თავს, ზოგჯერ კი ძალზე უმნიშვნელოდ გამოიხატება). პირველივე ნიშანი, რომელსაც ვამჩნევთ, ჩვეულებრივ, გამონაყარია. ეს უკანასკნელიც წითელასას ჰგავს, ოღონდ, მისგან განსხვავებით, კანიდან ნაკლებად არის წამოწეული და არც შერწყმის ტენდენციას ამჟღავნებს.
დამახასიათებელი ნიშანია კისრის უკანა კვანძების გადიდება.
სახლში ჯდომის ვადა: პირველი გამონაყარის გაჩენიდან 5 დღე.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრის დროული ჩატარება.
მოქმედების გეგმა: ჩვეულებრივ, იმდენად მსუბუქად მიმდინარეობს, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არ იქნებოდა, რომ არა საფრთხე, რომელსაც ორსულს, უფრო სწორად, მის ნაყოფს უქმნის, ამიტომაც ყველა გოგონა აუცილებლად უნდა ავცრათ, დაავადებული კი ორსულებს შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ.

ჩუტყვავილა
გამომწვევი: ჩუტყვავილასა და ჰერპეს ზოსტერის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფიდან.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური. გადადების პოტენციალი დაახლოებით წითელასას უტოლდება.
საყვარელი ასაკი: 1-10 წელი.
საინკუბაციო პერიოდი: 10-21 დღე (საშუალოდ ორი კვირა).
სიმპტომები: ჩუტყვავილას დროს გამონაყარი თავდაპირველად ღია ვარდისფერ, 2-4 მმ დიამეტრის ლაქებს წარმოადგენს, რომლებიც მოგვიანებით სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. პირველსავე დღეს შიგთავსი იმღვრევა, სკდება, ზედაპირი იჭმუხნება და ფუფხით იფარება. ფუფხი მხოლოდ 1-3 კვირის შემდეგ სცილდება. ეს ელემენტები ერთდროულად კი არა, რამდენიმე ეტაპად ჩნდება (ამასთანავე, თითოეულ ეტაპს მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს თან), ამიტომაც ბავშვის კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს ახალი ლაქოვან-პაპულური გამონაყარიც, ბუშტუკებიც და ფუფხიც.
გამონაყარი უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, გულმკერდზე, ზურგზე, თვალის რქოვანაზე, ხახასა და სასქესო ორგანოების ლორწოვანზე ჩნდება და, ჩვეულებრივ, ძლიერი ქავილი ახლავს თან. თუ არ დაინფიცირდა, ნაკვალევს არ ტოვებს, თუმცა ძლიერი ქავილი ჭრილობაში ინფექციის შეჭრის წინაპირობას ქმნის.
სახლში ჯდომის ვადა: ბოლო ქერქის გაჩენიდან 5 დღე.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა.
მოქმედების გეგმა: გარდა ზემოთქმულისა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჰიგიენას, დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები, გამონაყარის ელემენტები კი ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით დამუშავეთ. ქავილის შესამცირებლად შეგიძლიათ რომელიმე ანტიჰისტამინი (ფენკაროლი, ცეტეკი, ალერფასტი) მისცეთ.

ქუნთრუშა
გამომწვევი: ბაქტერია – A ჯგუფის B-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, თუმცა ინფექცის გამომწვევი იოლად იჭრება ორგანიზმში სათამაშოების, წიგნების საშუალებითაც.
საყვარელი ასაკი: სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკი.
საინკუბაციო პერიოდი: 1-12, უფრო ხშირად – 2-7 დღე.
სიმპტომები: ქუნთრუშა მწვავედ იწყება: სხეულის ტემპერატურა მკვეთრად – 38-39 გრადუსამდე იმატებს, ბავშვს ამცივნებს, სუსტადაა, თავი სტკივა, შესაძლოა, ღებინებაც დაეწყოს. ერთი დღის შემდეგ კანზე უკვე შეიძლება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი გაჩნდეს, რომელიც უპირატესად ჯერ ხელის მომხრელ ზედაპირებზე, საზარდულის მიდამოში, გულმკერდზე, კისერზეა გამოხატული, მერე კი მთელ სხეულს მოედება. ბავშვს ლოყები შეწითლებული, ცხვირი და ტუჩები კი ფერმკრთალი აქვს, ყლაპვისას გრძნობს ტკივილს, ენა თავიდან თეთრი ნადებით არის დაფარული, შემდეგ თანდათანობით იწმინდება და ალისფერს იღებს.
დაავადების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კანი იქერცლება, ხელისგულებზე აქეცვლა ისეთი ინტენსიურია, რომ ბავშვი კანს ხელთათმანივით “იხდის”.
სახლში ჯდომის ვადა: 21 დღე. ყველა, თანატოლები თუ აღმზრდელები, ვისთანაც ავადმყოფს დაავადების პირველი 7 დღის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, ყურადღებით უნდა მოეპყროს საკუთარ ჯანმრთელობას. თუ ჯგუფში ქუნთრუშის მეორე შემთხვევაც აღინიშნა, 21 დღით კარანტინი უნდა შემოიღონ.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა.
მოქმედების გეგმა: ზემოხსენებული ინფექციებისგან განსხვავებით, ანტიბიოტიკები აუცილებელია, მაგრამ მათი შერჩევა ექიმის კომპეტენციაა!

A ჰეპატიტი (ბოტკინის დაავადება)
გამომწვევი: ვირუსი.
გადაცემის გზა: ფეკალურ-ორალური ან საყოფაცხოვრებო-კონტაქტური. პირველი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ინფიცირდება საკვების ან წყლის მეშვეობით, სადაც მანამდე ავადმყოფის ფეკალური მასა მოხვდა.
საყვარელი ასაკი: 1-14 წელი
საინკუბაციო პერიოდი: 15-50 დღე.
სიმპტომები: ბავშვს სიცხე 38-39 გრადუსამდე, ზოგჯერ მეტადაც უწევს. გარდა ამისა, უჩივის უმადობას, ძილიანობას, თავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ. სიყვითლის გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე შარდი მუქდება. უკვე ამის შემდეგ ბავშვს უყვითლდება სასა, სახე, სხეული, მოგვიანებით – კიდურები.
სიყვითლის გამოვლენისას განავალი ბაცდება, ბავშვის საერთო მდგომარეობა კი უმჯობესდება – უბრუნდება მადა და ხალისი.
A ჰეპატიტს ყოველთვის თან ახლავს ღვიძლის გადიდება, რასაც ექიმი ხელით გასინჯვისას იოლად გამოავლენს. დიდდება ელენთაც.
აღდგენის ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი 5-6 თვე გრძელდება. ამ დროს აღდგება დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, პირველ რიგში – ღვიძლისა.
სახლში ჯდომის ვადა: ვირუსის გამოყოფას დაავადებული, ჩვეულებრივ, სიყვითლის პერიოდის დასაწყისისთვის წყვეტს და გადამდები აღარ არის, ამიტომ ამ ვადას ექიმი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით დაადგენს.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ჰიგიენის წესების სრულყოფილი დაცვა.
მოქმედების გეგმა: წოლითი რეჟიმი, დიეტა, სიმპტომური საშუალებები.

საშიშროების ზოგადი ნიშნები
- აღებინებს ყოველი კვების ან სითხის მიღების შემდეგ;
- უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე;
- აქვს კრუნჩხვა;
- სუნთქვა გახშირებული აქვს ან უჭირს (ბაღის ასაკის ბავშვებისთვის სუნთქვის გახშირებად ითვლება წუთში 40-ზე მეტი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, სკოლის ასაკის ბავშვებსთვის – 30-ზე მეტი);
- ძნელად იღვიძებს ან კონტაქტში არ შემოდის.

loading...
ADMIN 1246 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css