navigacia
...


კანის პრობლემები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

რა სჯობია პაწიას ფაფუკი კანის შეხებას – ის ხომ ისეთი საყვარელი, ფუმფულა და ხავერდოვანია! ამიტომაც არის, რომ მის მოსავლელად უამრავი კოსმეტიკური საშუალება იქმნება, ქალები კი ასეთი კანის დასაბრუნებლად ათასგვარ ხრიკს მიმართავენ.
მაგრამ ისეც ხდება, რომ პაწიას კანი უცნაური გამონაყარით იფარება და მზრუნველ დედიკოს და მამიკოს საზრუნავს უჩენს.

რამ უნდა გაიძულოს, პაწიას საფენი არ გაუკეთო?! მსგავსი ფუფუნება კაცობრიობის გაჩენის დღიდან არავის მოსწრებია. დღემდე ლოცავენ ბაბუას, რომელმაც შვილიშვილების და, რაღა თქმა უნდა, შვილების ტანჯვის შესამსუბუქებლად საბავშვო საფენი გამოიგონა.
საბავშვო საფენი (ან, უბრალოდ, პამპერსი), მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესის თანახმად, მხოლოდ კომფორტთან უნდა ასოცირდებოდეს, გარკვეულ დისკომფორტს მაინც იწვევს. თუმცა პრობლემას თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ განსაცდელში საფენს ნაკლებად მიუძღვის ბრალი. პრობლემა, რომელსაც პედიატრები საფენისმიერ დერმატიტს უწოდებენ, კანის ანთებითი დაზიანებაა, რომელიც საფენით დაფარულ ადგილას იჩენს თავს.
საფენისმიერი დერმატიტი ვლინდება:
. საბავშვო საფენით დაფარულ ადგილას (დუნდულებზე, ბარძაყის ნაკეცებში, გარეთა სასქესო ორგანოებზე) წითელი გამონაყარით, კანის შეშუპებით;
. პაწიას განწყობის ცვლილებით – ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, განსაკუთრებით კი მოშარდვისა და დეფეკაციის დროს, ასევე – დაბანისას, როდესაც მშობელი ხელით ეხება გაღიზიანებულ კანს.
საფენისმიერი დერმატიტი ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს, – თუკი, რასაკვირველია, საფენს ატარებს, – მაგრამ, ამერიკელების დაკვირვებით, ყველაზე მეტად მაინც წლინახევრამდე ასაკის პატარები იტანჯებიან, განსაკუთრებით კი 8-10 თვისანი.
საფენისმიერი დერმატიტისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა მისი მიზეზების ცოდნაა. აი ეს მიზეზები:
. კანის გაღიზიანება შარდვისა და ნაწლავთა მოქმედების შედეგად. ხშირი შარდვა, უფრო მეტად კი დეფეკაცია თოთო კანს აღიზიანებს.
. მენიუს ცვლილება. საკმარისია, პატარამ ახალი საკვების ათვისება დაიწყოს, რომ ფეკალური მასის შემადგენლობა და დეფეკაციის ხასიათი იცვლება, კანიც იოლად ღიზიანდება.
თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შესაძლოა, საფენისმიერი დერმატიტი დედის მენიუში ცვლილების შეტანამაც გამოიწვიოს. მით უმეტეს მაშინ, თუ დედიკო პომიდვრიან კერძს შეექცა.
. სარეცხი ფხვნილები, კოსმეტიკური საშუალებები. თუ პაწიას ტანსაცმელს ჩვეულებრივი სარეცხის ფხვნილით რეცხავთ, ადვილი შესაძლებელია, მისმა აგრესიულმა კომპონენტებმა ნაზი კანი გააღიზიანოს. ამგვარი სიურპრიზისგან დაზღვეულები იქნებით, თუ ბავშვის სამოსს სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით გარეცხავთ.
ზოგიერთ ნამცეცას თოთო კანს საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური კომპონენტებიც უღიზიანებს. თუ შეამჩნიეთ, რომ კანის ზეთმა ან ლოსიონმა ბავშვს ტაკუცები გაუღიზიანა, უთუოდ გამოცვალეთ, მაგრამ თუ მსგავსი არაფერი შეგიმჩნევიათ, ექსპერიმენტისა და ახალი მარკის შეძენისგან თავი შეიკავეთ.
. ბაქტერიული და სოკოვანი ინფექცია. მათი გავრცელებისთვის საფენის ქვეშ იდეალური პირობებია: გახეხილი კანი (რომელშიც ინფექცია იოლად აღწევს), ნესტი და სითბო. ინფექციის შეჭრის ადგილას კანი შეწითლებული და მტკივნეულია. შესაძლოა, პაწიას სიცხეც მისცეს.
. მგრძნობიარე კანი. თუ პაწიას კანის პრობლემა აქვს (ატოპიური დერმატიტი, ეგზემა), საფენის ქვეშ ტაკუცები უფრო იოლად გაუღიზიანდება.
. მჭიდროდ შეკრული საფენი ან სხვა ტანსაცმელი. ამ დროს კანი იხეხება და ძლიერ ღიზიანდება. ნუ იფიქრებთ, რომ საფენის მჭიდროდ შეკვრა შარდის გამოჟონვისგან უფრო უკეთ დაგიცავთ.
. ანტიბიოტიკები. ამ ტიპის მედიკამენტები მავნე მიკრობებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებენ, რის შედეგადაც იოლად ვრცელდება სოკოვანი ინფექცია.
ასეთივე შედეგი შეიძლება მივიღოთ, როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, დედას კი ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება უწევს.

საფენისგან გაღიზიანებული კანი იოლად შუშდება. მთავარია, პაწიას ტაკუცები შეძლებისამებრ მშრალად და სუფთად შევუნარჩუნოთ.
თუ პრობლემასთან გამკლავება ვერ მოახერხეთ: დერმატიტი არ გაქრა ან უფრო მეტად გავრცელდა, პაწიას სიცხე მისცა, წვრილ-წვრილი გამონაყარი ბუშტუკებად გადაიქცა, – ექიმს მიმართეთ.
პედიატრი (შეგიძლიათ, პატარა დერმატოლოგსაც აჩვენოთ) ალბათ ჰორმონის შემცველი მალამოს წასმას გირჩევთ, მაგრამ სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ასეთი საცხი არამც და არამც არ გამოიყენოთ.
გამონაყარის შესამცირებლად:
. პაწიას საფენი ხშირად გამოუცვალეთ.
. საფენის ყოველი გამოცვლისას კანი სველი ბამბის ფთილით ან სველი ხელსახოცით გაუწმინდეთ. გამოიყენეთ ხელსახოცი, რომელიც არც ალკოჰოლს შეიცავს და არც სურნელოვან დანამატებს.
. ტაკუცების დაბანის შემდეგ რბილი ნაჭრით ან ფაფუკი პირსახოცით შეამშრალეთ, ოღონდ ძალიან ფაქიზად, ყოველგვარი ხახუნის გარეშე. ნაჭერი ან პირსახოცი კანზე დააფინეთ, რომ სისველე შეიშროს.
. საფენი მჭიდროდ არ შეუკრათ. ჯერ ერთი, ჰაერი ვეღარ იმოძრავებს, მეორეც, მაცერაციის (კანის გახეხვის) შედეგად კანზე ნაჭდევები გაჩნდება. შეგიძლიათ, კანის მოშუშებამდე ერთი ზომით დიდი საფენიც ჩააცვათ.
. ბავშვი ხშირად გაანიავეთ: შეუხსენით საფენი და რამდენიმე წუთი ასე დატოვეთ.
. ბავშვის ტანსაცმელი სპეციალური სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ. სასურველია, წყალში რამდენჯერმე გაავლოთ.
. გაღიზიანებულ კანზე პატარას საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემი წააცხეთ. ამგვარი კოსმეტიკური საშუალებები თუთიის ოქსიდს შეიცავს, რომელიც თოთო კანს აშრობს და გაღიზიანებისგან იცავს.
. საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. დაიხსომეთ, რომ გაღიზიანებულ კანში ბაქტერიები იოლად აღწევს.

ნაოფლი, ნასიცხი, ჩახუთული კანის სინდრომი – სამივე სინონიმი იმ მდგომარეობას აღნიშნავს, რომელსაც საოფლე სადინარების დაცობა იწვევს. მილია (ასე უწოდებენ ამ ტიპის გამონაყარს) კანის ჩახუთვის შედეგად ჩნდება, უმეტესად ზამთარში. ის ორნაირია. პირველი: გამჭვირვალე სითხით სავსე წვრილი ბუშტუკები, სახეს, კისერსა და სხეულის ზედა ნაწილს ეფინება; ბუშტუკები სკდება და მათ ადგილას აქერცლილი უბნები რჩება, რომლებიც მალევე შუშდება. მეორე: წვრილ-წვრილ ბუშტუკებს გარს მოწითალო კანი აკრავს. ასეთი გამონაყარი უპირატესად კისრისა და საზარდულის ნაკეცებში და იღლიის ფოსოში ჩნდება.
გაღიზიანებულ, გამონაყარით დაფარულ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან მასში იოლად იჭრება ინფექცია. თუ ეს უკვე მოხდა (ბუშტუკები ჩირქით ამოივსო, გარშემო კანი მეტისმეტად შეწითლებული, მტკივნეული, შეშუპებული და შემკვრივებულია), ექიმი ალბათ ანტიბიოტიკის გამოყენებას გირჩევთ.
დასიცხული ბავშვი მოთენთილია, უჭირს სუნთქვა, შესაძლოა, გულისრევის შეგრძნებაც აწუხებდეს, იშვიათად აღებინებდეს კიდეც, მადა არ ჰქონდეს. შესაძლოა, თავი იჩინოს დეჰიდრატაციის ნიშნებმაც: პატარას პირი უშრებოდეს, ტირილის დროს ცრემლი არ სდიოდეს, ტუჩები დახეთქილი ჰქონდეს, იშვიათად შარდავდეს.
პაწიამ შვებით რომ ამოისუნთქოს და კანი მალე მოუშუშდეს, პირველ რიგში ზედმეტი ტანსაცმელი გახადეთ, მოარიდეთ ჩახუთულ გარემოს. თუ ქავილი აწუხებს, დაალევინეთ ანტიჰისტამინური საშუალება (ექიმის მიერ განსაზღვრული დოზით!), რომელიც კანს დაუამებს. თუ სიცხე აქვს – სიცხის დამწევი მიეცით. გაღიზიანებულ კანს ცივი საფენებიც შველის.
გაითვალისწინეთ: ოფლის გამოყოფა სხეულის თბორეგულაციისთვის აუცილებელია. როდესაც საოფლე სადინარები დახშულია, ოფლის გამოყოფა ფერხდება და სხეული ჯეროვნად ვერ გრილდება. ამ დროს გასაგრილებლად ბავშვისთვის სითხის მიცემა კატეგორიულად აკრძალულია. წყალი პაწიას მოგვიანებით დაალევინეთ, – მას შემდეგ, რაც სიგრილეში გადაიყვანთ და ზედმეტ ტანსაცმელს გახდით.

საოფლე ჯირკვლებთან ერთად კანში მიმოფანტულია ცხიმის ჯირკვლებიც. სწორედ მათი თავმოყრის ადგილებში იჩენს თავს სებორეული დერმატიტი. ამ დროს კანის ზედაპირული შრე იქერცლება (მის გარეგნულ იერს ამერიკელები ჩიფსებს ადარებენ). ამას ემატება ცხიმის ჭარბი გამოყოფაც, რაც საბოლოოდ კანს არცთუ სასიამოვნო შესახედაობას აძლევს.
სებორეული უბნები უმთავრესად თავის კანზე ჩნდება: თავის ქალას თმიან ნაწილზე, შუბლზე, წარბების, ცხვირისა და ლოყის კუთხეებში, ყურს უკან, სასმენი მილის შესასვლელთან... ზოგჯერ – სახესა და სხეულის ზედა ნაწილებზეც. ის უპირატესად 6 თვემდე აწუხებს ბავშვს, მერე კი თანდათან ქრება.
სებორეული დერმატიტი სხვადასხვა ხარისხისაა. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში კანის მცირე უბნებია აქერცლილი და შეწითლებული. მსუბუქი სებორეული ცვლილებების შედეგად ქერცლი კანის უფრო მოზრდილ უბნებს ფარავს და ქავილს იწვევს. მძიმე ფორმის დროს ცვლილებები შესამჩნევად არის გამოხატული და მკურნალობის მარტივი მეთოდები (კოსმეტიკური ზეთის გამოყენება, ხშირი დაბანა...) აღარ ჭრის.
მსუბუქი სებორეული დერმატიტის შემთხვევაში ასე მოიქეცით:
. თავის თმიანი ნაწილიდან აქერცლილი კანის მოცილება აუცილებელია (თუმცა გავრცელებულია წარმოდგენა, თითქოს თავზე სებორეული ქერცლი თავისთავად უნდა გაქრეს. მას ხშირად რატომღაც დიათეზსაც უწოდებენ). ამისთვის შეათბეთ ზეთი (არამც და არამც არ გააცხელოთ!) და პაწიას აქერცლილ კანზე წაუსვით, 1-2 საათი გააჩერეთ და რბილი ჯაგრისით ან სავარცხლით ჩამოწმინდეთ. შემდეგ ბავშვს თავი სპეციალური დამარბილებელი შამპუნით დაბანეთ.
. ეცადეთ, პაწიას ყოველდღე დაბანოთ თავი, თანაც სპეციალური დამარბილებელი საშუალებით. ასეთი შამპუნი უთუოდ უნდა შეიცავდეს კეტოკონაზოლს, სელენის სულფიდს, თუთიას, სალიცილის მჟავას.
. თუ სპეციალური შამპუნის ყიდვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ საბავშვო შამპუნში შეურიოთ ჰიდროკორტიზონის შემცველი კრემი, რომელიც პრობლემური კანის მოვლისთვის არის განკუთვნილი. ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნარევი ნაკლებად ეფექტურია.
. ხდება ხოლმე, რომ სამკურნალო შამპუნი, რომელმაც თავდაპირველად შესამჩნევი შედეგი გამოიღო, მალე კარგავს ეფექტს. ამ შემთხვევაში შამპუნის შეცვლას გირჩევთ.

loading...
ADMIN 1350 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css