navigacia
...


ზამთარი ანგინის გარეშე


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ზამთარი ანგინის გარეშე
ანუ რატომ ავადმყოფობენ თავდადებული ნუშურები
ნუშურა ჯირკვლები, ტონზილები, გლანდები – სამივე იმ ანატომიური წარმონაქმნების სახელწოდებაა, რომლებიც პირველები ეგებებიან ცხვირ-ხახაში შეჭრილ მიკრობებს, ებრძვიან და იგერიებენ მათ, მაგრამ ამ ბრძოლისას ხშირად თვითონაც ავადდებიან. სწორედ ამის შედეგია ტონზილიტი, იგივე ანგინა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება პედიატრი ნანა ლაკირბაია:
“ანგინა” ლათინური სიტყვაა და მოჭერას, შევიწროებას ნიშნავს. ნუშურების ანთება, ისევე, როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციები, ბავშვის გარემოსთან ურთიერთობის შედეგია, სადაც 200-მდე სახეობის ვირუსი, ბაქტერია თუ სოკო ტრიალებს. ასიდან 70 შემთხვევაში ეს დაავადებები გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ხშირად ხელს უწყობს ბაქტერიული ფლორის გააქტიურებას და ბაქტერიული ინფექციის ჩამოყალიბებას. უმწიფარი იმუნური სისტემის გამო ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. მაგრამ რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო ხშირად ხდება ბავშვი ავად რესპირატორული ინფექციით, მით უფრო უკეთ იწვრთნება იმუნური სისტემა. ბავშვის გარემოსგან იზოლირებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ შეგვიძლია, რამე ვიღონოთ, რათა დაავადება რაც შეიძლება მსუბუქად წარიმართოს და ამ პერიოდში იმუნური სისტემაც გამოვაწრთოთ.
რაკი ანგინა უმეტესად ვირუსული ინფექციების მესამე-მეხუთე დღეს ვითარდება, ვირუსების აქტიურობის სეზონზე (შემოდგომის მიწურულიდან გაზაფხულის ჩათვლით) მისი სიხშირეც იმატებს.
მიკრობების განსაზღვრული შტამები ბავშვის ცხვირ-ხახაშიც არის, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ორგანიზმის იმუნიტეტი ქვეითდება, მაგალითად, ვირუსული ინფექციისას, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევისას. მშობლები ამას ხშირად გაციებას აბრალებენ, მაგრამ გაციება, როგორც დიაგნოზი, არ არსებობს. უბრალოდ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა ხელს უწყობს ბავშვის პირობითპათოგენური ფლორის გააქტიურებას.
ანგინა შეიძლება რესპირატორული ინფექციის გამოვლინება იყოს, ვინაიდან ამ სისტემის პირველი რგოლი სწორედ ხახის ლორწოვანი და ტონზილებია, რომლებიც დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ყელის გაწითლება, ტემპერატურის მატება ინფექციის საპასუხო რეაქციაა. ეს კატარული ანგინაა. თუ პროცესში ბაქტერიული ფლორაც ჩაერთო, ყალიბდება ბაქტერიული ანგინა, იწყება ყელის ძლიერი ტკივილი, დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, ნუშურებზე ჩნდება ნადები, უმეტესად – თეთრი. ეს უკვე ფოლიკულური ანგინა გახლავთ. დაავადებას თან სდევს მაღალი ტემპერატურული რეაქცია – 38-39°C. ხშირია ინტოქსიკაციის მოვლენები: ზოგადი სისუსტე, ღებინება, ზოგჯერ მენინგიზმის სურათიც კი ვითარდება. ასეთ დროს ზოგადგამაჯანსაღებელ სიმპტომურ საშუალებებთან ერთად აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით – ანტიბიოტიკები თრგუნავენ იმუნურ პასუხს და ზრდიან ხელმეორედ დაავადების რისკს, ამიტომ საჭიროების გარეშე მათი დანიშვნა მხოლოდ ზიანის მომტანია. უნდა გამოირიცხოს დიფტერიაც – ის კლინიკურად ანგინას წააგავს, ამიტომ დიაგნოსტიკისას აუცილებელია ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
რაც შეეხება ანგინიანი ბავშვის მოვლას, სასურველია წოლითი რეჟიმი, სითხის უხვად მიღება, პირის ღრუს სანაცია შესასხურებლებით, ყელში გვირილის ნაყენის, სოდიანი წყლის, წყალში გაზავებული იოდინოლის (1:1) გამოვლება, ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს უკანასკნელი შინაც შეიძლება მოვამზადოთ – დანის წვერით აღებული მარილი გავხსნათ 100 მლ ანადუღარ წყალში. საკვები უნდა იყოს დანაწევრებული, თხიერი და თბილი (სწორედ თბილი და არა ცხელი ან ცივი!). უმჯობესია მცენარეული პროდუქტი და რძის ნაწარმი.
საზოგადოდ, ნუშურების ანთება შესაძლოა ოტიტით – ყურის ანთებით გართულდეს. ყურის ტკივილის დროს ჩვილი უარს ამბობს ძუძუზე და ხმამაღლა ტირის (წოვის დროს დაფის აპკი იჭიმება, რაც მეტად მტკივნეულია). არსებობს რევმატული პროცესის ან თირკმლისმხრივი გართულებების განვითარების ალბათობა, ამიტომ სტრეპტოკოკული ანგინიდან მეათე-მეთოთხმეტე დღეს უნდა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს თირკმლის ინფექცია, პიელონეფრიტი, ნეფრიტი. შედარებით მოზრდილ ასაკში შესაძლოა განვითარდეს დანამატი ღრუების ანთებაც – ჰაიმორიტი ფრონტიტი და სხვა.
დაიხსომეთ: ნუშურების სიდიდე არ ნიშნავს, რომ ისინი ამოსაკვეთია, ვინაიდან ტონზილები, ისევე როგორც ადენოიდები (რომელთა გაჩენაც უმწიფარი იმუნური სისტემის გამოვლინებაა), ასაკთან ერთად უმეტესად თვითონვე ატროფირდება. ასე რომ, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს, როდის არის მიზანშეწონილი ოპერაციული მკურნალობა და როდის – არა.
თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს ანგინით ან უკვე გამოაჩნდა გულზე შუილი, მფრინავი ხასიათის ტკივილი სახსრებში, ცვლილებები საშარდე სისტემის მხრივ, ყელიდან აღებული ნაცხი უნდა გამოვიკვლიოთ (ამ დროს ტონზილებიდან ყველაზე ხშირად ამოითესება ა ჯგუფის ბ ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი. მნიშვნელოვანია ადენოვირუსების, გრიპის ვირუსების როლი). ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს სისხლში ანტი-ო-სტრეპტოლიზინის ტიტრს, C-რეაქტიულ ცილას. ამ და სხვა ტესტების მიხედვით ვადგენთ, რამდენად მწვავეა პროცესი, რამდენად სახიფათოა ტონზილები ბავშვისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება ოპერაციული მკურნალობა, ოღონდ აუცილებლად რემისიის პერიოდში.
და ბოლოს, ანგინა აუცილებლად გაიშვიათდება, თუ ბავშვს რაციონალურად ვუმკურნალებთ: ვასმევთ შესაბამის ანტიბიოტიკებს, ბაქტერიულ ლიზატებს, რომლებიც ზოგიერთი მიკრობის მკვდარი კულტურისგან მიიღება და წინასწარ ამზადებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს მიკრობების ზემოქმედებაზე. ისინი გამოიყენება როგორც მწვავე ანგინის სამკურნალოდ, ისე მისი პროფილაქტიკის მიზნით რემისიის დროს. ზოგჯერ კარგ შედეგს იძლევა ლაზერული თერაპიაც. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინოთერაპია, რაციონალური კვება, გაკაჟება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის – სპორტით. ყველაზე მარტივი ხერხია თბილ წყალში დასველებული პირსახოცით დაზელა და მასაჟი (წყლის ტემპერატურას თანდათანობით ვამცირებთ). პროფილაქტიკის არსი იმუნიტეტის გაძლიერებაა.

loading...
ADMIN 1163 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css