navigacia
...


როდის ავცრათ ბავშვი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება



აცრა არავის უყვარს – არც მშობელს, არც, მით უმეტეს, შვილს. როგორი ასატანია: საღ-სალამათი ბავშვი ჯერ ნემსის ჩხვლეტისას უნდა ატირონ, მერე, მთელი თვის განმავლობაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და სიცხემ აუწია, გამოაყარა ან მუცელი ასტკივდა, გული უნდა გაგვისკდეს და თავ-ბედი ვიწყევლოთ, აუტკივარი თავი რატომ ავიტკივეთო.
ადამიანები არასოდეს ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. რამდენიმე საუკუნის წინათ ჩვენი წინაპრებისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ყვავილის, ხუნაგის, წითელას დამარცხების ხერხი არსებობს, ხალხს კი მის გამოსაყენებლად ხვეწნა იქით სჭირდებაო, ალბათ არანორმალურად ჩათვლიდნენ, დღეს კი, თუმცა ასეთი საშუალებები დიდი ხანია არსებობს, დედამიწაზე ამ დაავადებებით ყოველწლიურად ორ მილიონამდე ბავშვი კვდება.

პროფილაქტიკურ აცრებზე, დაავადებებზე, რომელთაგანაც ისინი გვიცავს და მოსალოდნელ გართულებებზე პედიატრი მანანა მეტრეველი გვესაუბრება:

*ბავშვი დაავადებას მომზადებული რომ შეხვდეს, აცრა წინ უნდა უძღვოდეს მავნე მიკრობთან შესაძლო კონტაქტს. იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი სწორედ ავადობის სტატისტიკის გათვალისწინებით არის შედგენილი. ახლო წარსულში აცრის უკუჩვენებათა ჩამონათვალი ერთობ ვრცელი იყო. თავს ვიკავებდით მაშინაც, თუ ბავშვს ოდესმე ჰქონდა რაიმე სახის ალერგიული რეაქცია, ცუდად იმატებდა წონას, ხშირად ავადმყოფობდა და ა. შ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებოდ შეისწავლა ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო უკუჩვენებათა სიის შემცირებით გართულებათა ალბათობა არ იმატებს. მაგალითად, შეიძლება, ბავშვს სიცხე ჰქონდეს (ოღონდ 38°C-ზე დაბალი), მაგრამ მაინც აიცრას. რისკს არც რამდენიმე აცრის ერთდროული ჩატარება ცვლის.
ზოგიერთი ვაქცინა მხოლოდ ერთი დაავადებისგან იცავს, ზოგიერთი კი რამდენიმესგან. ზოგჯერ მყარი იმუნიტეტის შესაქმნელად განსაზღვრული შუალედით ვაქცინის ახალი დოზის შეყვანაა საჭირო. თუმცა მშობლებისთვის ასეთ ნიუანსებში გარკვევა აუცილებელი არ არის. საკმარისია, დაგეგმილ დღეს ბავშვი პოლიკლინიკაში მიიყვანოთ, უკუჩვენებებსა თუ აცრების ჩამონათვალზე ზრუნვა კი თქვენი უბნის პედიატრს მიანდეთ.

* აცრისას ორგანიზმში შეყვანილ მეტისმეტად დასუსტებულ ანდა დახოცილ მიკრობებს დაავადების გამოწვევა არ ძალუძთ. გართულების მიზეზია ორგანიზმის რეაქცია გარედან შეყვანილ უცხო ცილაზე. ალერგია შეიძლება ნებისმიერ საკვებსა თუ სუნზე განვითარდეს, თანაც საკმაოდ არაპროგნოზირებადია. მართალია, ალერგიული დაავადება ზრდის აცრის შემდგომი გართულებების რისკს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ალერგიულ ბავშვს აცრა ნებისმიერ შემთხვევაში გაურთულდება. პირიქით, ვაქცინაცია უმეტესად გაურთულებლად ჩაივლის. მე მყავს პაციენტი, რომელსაც ალერგია აქვს ყოველგვარ სიცხის დამწევზე, მაგრამ არც ერთ აცრას უმნიშვნელო გართულებაც არ მოჰყოლია.
გართულება მეტწილად სიცხის ხანმოკლე აწევით, გამონაყარით ანდა ნანემსარის შესივებით შემოიფარგლება. იშვიათად მძიმე გართულებაც ვითარდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რისკი ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას სდევს თან. განა რომელიმე თქვენგანს აზრად მოუვა, ფილტვების ანთებით დაავადებულ ბავშვს თანამოვლენების შიშით ანტიბიოტიკი არ დაალევინოს?
ჩვენში რატომღაც აცრების გართულებებზე უფრო ხშირად მსჯელობენ, მსჯელობენ, ვიდრე აუცრელობისაზე. არადა, როგორც თვითონაც დარწმუნდით, ეს უკანასკნელი უფრო საშიშია. ხშირად ექიმებს და სახელმწიფო პროგრამებს ბრალად სდებენ, რომ სტატისტიკა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე კონკრეტული ავადმყოფის ბედი. სინამდვილეში დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც ვცრით, ისევე ემუქრება კონკრეტულ ინდივიდს, როგორც აცრის შემდგომი გართულებები, მით უმეტეს, დღეს, როცა ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით დაავადებებს, უკვე ისტორიის კუთვნილება რომ გვეგონა. პირადად მე წლების წინ დიფტერიის შესახებ მხოლოდ სახელმძღვანელოში თუ წამეკითხა...

*აცრის ჩატარებამდე დამატებითი ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევა სრულიად ზედმეტია. ბავშვის გეგმური აცრის შესახებ გადაწყვეტილებას უბნის ექიმი იღებს, რომელიც ამ ბავშვს კარგად იცნობს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ლაბორატორიულ ანალიზებსაც უტარებს. ჯანმრთელ ბავშვს, ასევე, არ სჭირდება არავითარი მომზადება სუპრასტინით თუ გააქტიურებული ნახშირით, თანაც 2-3 დღის განმავლობაში ანტიჰისტამინის სმით გართულებას თავიდან ვერ ავიცილებთ. ასე რომ, სჯობს, ბავშვი მშვიდად ავცრათ, გვერდით რეაქციებს კი გამოვლენის შემდეგ ვუმკურნალოთ.

loading...
ADMIN 1045 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css