navigacia
...


პირველი კიჭი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება


პირველი კიჭის ამბავი
ერთ მშვენიერ დღეს ბავშვმა გაიღიმა და უკბილო ღრძილზე ნამცეცა თეთრი ლაქა გამოუჩნდა. ეს ხომ კიჭია, რომლის გამოჩენასაც ლამის მთელი სანათესაო ელოდა! პირველი კბილის ამოსვლა მშობლებისთვის მართლაც დიდი სიხარულია, მაგრამ, აბა, პატარასაც ჰკითხეთ, როგორ არ სიამოვნებს კიჭის, თუნდაც ნამცეცას, ამოჭრა! მის ტანჯვას ვერავინ გაიგებს; დიდი-დიდი, დედიკომ რეზინის იხვი ჩასჩაროს პირში – ღრძილები მოიქავეო... და პაწაწინა ფაქტობრივად მარტოდმარტო უნდა გაუმკლავდეს ისეთ დიიიდ პრობლემას, როგორიც კბილების ამოჭრა და ამასთან დაკავშირებული თავის ტკივილია (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!).

როდის? რამდენი?
პირველი კბილი, ჩვეულებრივ, 6-8 თვის ასაკისთვის იწყებს ამოჭრას, თუმცა ისეც მომხდარა, რომ ოთხი თვის ასაკში ამოუყვია თავი. როგორც ჩანს, კიჭებს ყველაზე მეტად ქვედა ყბიდან ამოჭრა ეიოლებათ – სწორედ ამ ადგილას შეამჩნევენ ხოლმე მშობლები პირველ თეთრ ლაქას. შესაძლოა, პირველი ინფორმატორი ჭიქა ან კოვზიც იყოს – უეცარი წკარუნი დედიკოსაც აოცებს და პატარა ონავარსაც.
პირველ კიჭებს, რომლებსაც ბავშვი, ოდნავ წამოიზრდება თუ არა, მოიცვლის, რატომღაც სარძევეს უწოდებენ. თავ-თავისი სახელი აქვს თითოეულ კბილსაც. პირველად ამოჭრილს ქვედა ცენტრალური საჭრელი ეწოდება. მას სეხნიაც ჰყავს, ანუ სულ ორია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი კბილი.
რიგით მეორე კბილი ზედა ყბაზე ამოდის, ისიც ცენტრალურ ნაწილში. მას მოსდევს ქვედა მეორე ცენტრალური საჭრელი... დაახლოებით 2,5-3 წლისთვის ბავშვს უკვე 20 კბილი ამშვენებს.
ზოგიერთი ბავშვი კბილით (ერთი ან ორით) იბადება. ისეც მომხდარა, რომ კიჭს პაწიას სიცოცხლის პირველსავე თვეს ამოუყვია თავი. რაც არ უნდა უდროოდ ამოუვიდეს ბავშვს კბილები, ისინი მაინც სარძევეა და სასურველია, შევინარჩუნოთ, თუმცა ძალიან იშვიათად ნაადრევად ამოსული კიჭების ამოღებაც ხდება საჭირო – მაშინ, როდესაც ჩვილს კვებაში ხელს უშლის ან ღრძილსა და ენას ძლიერ უღიზიანებს.

პაწიას გასაჭირი
იშვიათია, კბილების ამოჭრამ შეუმჩნევლად ჩაიაროს. პაწია, როგორც წესი, ძლიერ წუხს და ჭირვეულობს, უჭირს ჩაძინება... კბილების ამოჭრისას შეამჩნევთ, რომ ბავშვს:
. ჭარბად სდის ნერწყვი;
. ხელები გამუდმებით პირისკენ მიაქვს და ლოღნის;
. რაც კი ხელში მოხვდება, ღრძილებით ძიძგნის, მყარ საკვებს პირში დიდხანს ათამაშებს;
. მოთენთილია;
. წრიალებს;
. ცუდად სძინავს.
პაწიას განსაცდელი რომ შეუმსუბუქოთ, ასე მოიქეცით:
. პირველ რიგში, ხშირად გაუწმინდეთ სახე, რადგან ნერწყვი კანს აღიზიანებს და შესაძლოა, გამოაყაროს კიდეც.
. ღრძილების ტკივილის შესამცირებლად მიეცით სპეციალური საღეჭი რეზინის საგანი – საღეჭარა, რომელიც მანამდე ნახევარი საათი მაინც უნდა გააჩეროთ მაცივარში. ცივი რეზინი პაწიას მტკივან ღრძილებს დაუამებს. საღეჭარა ყოველი ხმარების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ და, რაც მთავარია, მაცივრიდან გამოღებისთანავე პირში ნუ ჩასჩრით პაწიას – შესაძლოა, გაყინული იყოს და თოთო ღრძილი გაუღიზიანოს.
. საღეჭარას შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ხარისხს. თუ ის სითხით არის ამოვსებული, გარანტია უნდა გქონდეთ, რომ არ გამოჟონავს, ამიტომ რამდენიმე ლარის ეკონომიას ჯობს, ბავშვისთვის მაღალი ხარისხის და, შესაბამისად, უსაფრთხო საღეჭარა შეიძინოთ.
. არ ჩამოჰკიდოთ ბავშვს საღეჭარა კისერზე – ლენტი შესაძლოა დაიხლართოს და პაწიას კისერზე მჭიდროდ შემოეხვიოს. მიაბით ის ტანსაცმელზე, საწოლზე ან ეტლზე.
. წაუსვით ღრძილებზე ტკვილგამაყუჩებელი გელი, რომელიც სპეციალურად კბილების ამოჭრის პერიოდისთვის არის შექმნილი.
. დაუზილეთ ღრძილი სუფთა თითით – ეს ტკივილს დაუამებს. შეგიძლიათ, თითზე თბილ მარილწყალში (1 ჩ. კ. მარილი 1 ჭიქა წყალზე) დასველებული რბილი ნაჭერი შემოიხვიოთ და ისე დაუზილოთ ღრძილები.
. თუ ტკივილი გაუსაძლისია, პატარას აცეტამინოფენის შემცველი მედიკამენტი მიეცით. თუ არც ამან უშველა და მაღალი ტემპერატურაც, რომელსაც კბილის ამოჭრას უკავშირებდით, ისევ აქვს, პედიატრს მიმართეთ.

ნუ მიაჩვევთ ბავშვს საკვებით სავსე ბოთლით ჩაძინებას. ასე პირის ღრუში ბაქტერიები იოლად გავრცელდება და კარიესს გამოიწვევს.

ჰიგიენის ანა-ბანა
ბავშვის პირის ღრუს მოვლა რომ სჭირდება, ყველა მშობელმა იცის, მაგრამ ცოტამ თუ უწყის ჰიგიენური პროცედურების დაწყების დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, პაწიას პირის ღრუს სისუფთავეზე ზრუნვა დაბადებიდანვეა საჭირო. ამის წყალობით თურმე კიჭების ამოჭრაც გაუიოლდება და მომავალში სტომატოლოგიური პრობლემებიც იშვიათად შეაწუხებს.
. გადაიწვინეთ ბავშვი მკლავზე, ისე, თითქოს უნდა აჭამოთ, მისი თავი მკერდთან ახლოს დაიკავეთ, რომ პირში იოლად ჩახედოთ.
. გაუწმინდეთ ღრძილები სველი ნაჭრით ან, თუ რამდენიმე კიჭი უკვე აქვს, ნელთბილი წყლითა და რბილი ჯაგრისით. არამც და არამც არ გამოიყენოთ კბილის პასტა, ვიდრე პაწია მის გადმოფურთხებას არ ისწავლის.
. ჯაგრისი მცირე ზომისა, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი უყიდეთ.
. შეგიძლიათ ფლოსიც ახმაროთ, – ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიჯრით ორი კბილი ამოუვა.
. პირის ღრუ დღეში ორჯერ გაუწმინდეთ: საუზმისა და ბოლო კვების შემდეგ. იმავე რეჟიმს მიაჩვიეთ, როდესაც დამოუკიდებლად დაიწყებს კბილების მოვლას.

ვირჩევთ საწოვარას
ზოგჯერ პაწიებს კბილების ამოჭრისას საწოვარას წოვაც ამშვიდებთ. ასე რომ, დროულად უყიდეთ მატყუარა-საწოვარა, ოღონდ გაითვალისწინეთ:
. საწოვარა ბავშვისთვის კომფორტული უნდა იყოს, ზუსტად უნდა ერგებოდეს მის პირის ღრუს. ასე რომ, შესაძლოა, რამდენიმე ვარიანტის ყიდვა მოგიხდეთ, სანამ პაწია სიამოვნებით არ დაიწყებს წოვას.
. უმჯობესია, საწოვარას გვერდებზე ნასვრეტები ქონდეს. ეს ჰაერის ვენტილაციისთვის არის კარგი.
. მასალა, რომლისგანაც საწოვარაა დამზადებული, მაღალი ხარისხისა, არატოქსიკური უნდა იყოს.
. საწოვარას ხელის მოსაკიდი უნდა ჰქონდეს. ასე უფრო იოლია მისი პირიდან გამოღება, უკან ჩადება, გარეცხვა...
ამერიკელები საწოვარას ზომასაც საგულდაგულოდ არჩევენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმაზეც ფიქრობენ, მეტისმეტად პატარა არ იყოს, ბავშვს არ გადაეყლაპოსო :)

loading...
ADMIN 1078 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css