navigacia
...


წყლის პროცედურები პატარებისთვის


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

წყლის პროცედურები პატარებისთვის
წყლის მიმართ ყველა ბავშვს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს: ზოგს მისი დანახვაც აშინებს, უმრავლესობა კი ამოყვანისას მართავს ისტერიკას. ანდა რა გასაკვირია – არსებობის პირველ თვეებს ხომ ადამიანი დედის წიაღში, ცურვით ატარებს. თუ ხელს შევუწყობთ, პატარა ამ ცოდნას ძალიან მალე გაიხსენებს და კარგადაც იხალისებს, მისი ჯანმრთელობა კი ამით მხოლოდ მოიგებს: ექიმებმა დაადგინეს, რომ წყლის პროცედურები უხდება კუნთოვან ტონუსს, ნივთიერებათა ცვლას, საზოგადოდ, ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

სიცხისგან გადასარჩენად

ხალხში გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ჩვილებსაც სცხელათ და შესაძლოა, ჩვენზე მეტადაც. ადრეულ ასაკში თერმორეგულაციის ფუნქცია ჩამოუყალიბებელია, ასე რომ, შესაძლოა პატარა თქვენზე ნაკლებად ოფლიანდებოდეს, ანდა თქვენზე ნაკლებად წითლდებოდეს. ეს სწორედ დამცველობითი მექანიზმების ჩამოუყალიბებლობით აიხსნება, თუმცა ბავშვს სიცხეც და სიცივეც მოზრდილზე მეტად აწუხებს. ჩვილი უფრო ადვილად რომ ცივდება, ეს ნებისმიერმა დედამ იცის. გადახურებაც არანაკლებ ხშირია, წყალი კი ამ შემთხვევაში საიმედო მოკავშირედ შეგიძლიათ იგულოთ.
გაციების შიშით შეპყრობილ მშობლებს პაწია გამუდმებით ჩაფუთნული ჰყავთ, ზაფხულის ხვატშიც კი. ეს ორმაგად საშიშია: ჯერ ერთი, დიდია გადახურების რისკი, მეორეც, თუ ბავშვს ცივი ნიავიც არ მიაკარეთ, ვერასდროს ისწავლის გარემოს ცვალებად პირობებთან შეგუებას, სუსტი გაიზრდება და ხშირად იავადმყოფებს.
გაკაჟება გარემოს ცვალებად პირობებთან ორგანიზმის შეგუებას გულისხმობს და იმუნიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი გახლავთ. მის დასაწყებად ზაფხული მართლაც საუკეთესო დროა.
გაკაჟება წყლითაც შეიძლება და ჰაერითაც. მთავარი პრინციპია, პროცედურების ხანგრძლივობა თანდათან გავზარდოთ, წყლის შემთხვევაში კი ტემპერატურა თანდათან დავწიოთ. არც მათი კომბინაციაა ურიგო, ოღონდ ჰაერის პროცედურები წყლისას უნდა უსწრებდეს და არა პირიქით. წყალს ძლიერი სითბოს შთანთქმის უნარი აქვს, ამიტომ წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვი აუცილებლად გაამშრალეთ – ორგანიზმის გადაცივების საფრთხე სიცხეშიც კი დიდია.
გაითვალისწინეთ: გასაკაჟებელი პროცედურები რეგულარულად, შესვენების (რამდენიმეკვირიანი პაუზის) გარეშე უნდა ჩატარდეს, ამიტომ ზაფხულში დაწყებულ საქმიანობას ნურც შემოდგომაზე თუ ზამთარში შეწყვეტთ. არც ის დაივიწყოთ, რომ გაკაჟება პაწიასთვის სასიამოვნო და სახალისო უნდა იყოს. ტირილი ვარჯიშისა თუ აბაზანის ცუდი თანამგზავრია.

ბრასი და კროლი პამპერსებით
ჩვილების ცურვას კარგა ხანია ვეღარ დავარქმევთ ნოვატორულ იდეას. ექიმები მას მხოლოდ მიესალმებიან. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ცურვის დასაწყებად საუკეთესო ასაკი მეორე-მეოთხე თვეა. კარგი იქნება, პაწიას პირველი გაკვეთილები კვალიფიციურმა ინსტრუქტორმა ჩაუტაროს. ამისთვის პოლიკლინიკის აუზიც გამოდგება და საოჯახო აბაზანაც. თუ გაკვეთილებს ყურადღებით ადევნებთ თვალს, ორიოდე კვირაში შეგეძლებათ, დამოუკიდებლად შეასწავლოთ შვილს ცურვის ილეთები. განსაკუთრებით გაბედულ და თავდაჯერებულ მშობლებს კი მცირე ინსტრუქტაჟს ჩვენც ჩავუტარებთ:
. ბავშვს თავდაპირველად წყალზე ტივტივს ვასწავლით.
. ბავშვი თავით თქვენკენ შემოაბრუნეთ, ცერა და საჩვენებელი თითებით მხრები დაუჭირეთ, დანარჩენები კეფაზე ამოსდეთ, ხელისგულებით კი თავი დაუკავეთ, რომ აქეთ-იქით არ ატრიალოს. ასე მიაცურეთ პაწია აბაზანის კიდესთან, ვიდრე ტერფებს კედელს არ მიაბჯენს და ბაყაყივით არ მოხრის. შემდეგ ნორჩი მოცურავე თავისთავად გაასწორებს კიდურებს, ფეხს ჰკრავს აბაზანის კედელს და უკან გამოცურავს.
როცა წყალს შეუთამამდებით, შეგიძლიათ მუცელზე ტივტივის ათვისებაზე გადახვიდეთ: თავი წყლიდან ამოყოფინეთ, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნიკაპი დაუჭირეთ, დანარჩენებით – კისერი და თავი, მარცხენა ხელი ტანქვეშ ამოუდეთ და წრეზე აცურავეთ. რამდენიმე წრის შემდეგ შუბლსა და ლოყებზე პეშვით წყალი შეასხით. ამ დროს პაწია თვალებს დახუჭავს და სუნთქვას შეიკავებს. ასე ის მომდევნო ეტაპისთვის – ყვინთვისთვის – მოემზადება.
მომდევნო ეტაპი კი მართლაც ძლიერი ნერვების მქონე მშობლებისთვის არის: დაიკავეთ პაწია ნიკაპით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ, ერთი-ორი წრის შემდეგ თავი წამით წყალქვეშ ჩააყოფინეთ და ხმამაღლა უთხარით: “ვყვინთავთ”.
თუ ეს ყველაფერი კარგად ავითვისეთ, წყალბურთისა და ოლიმპიური რეკორდებისთვის ბრძოლა ერთი-ორი წლით გადავდოთ, თუმცა იმედი გვაქვს, არც ეს დღე იქნება ძალიან შორს.

არ უყვარს? შევაყვაროთ!
არ ღირს იმაზე სიტყვის გაგრძელება, რომ პატარას წყალი წყალივით სჭირდება. როგორც არ უნდა მოინდომოთ, მხოლოდ მშრალზე ვერაფრით გაზრდით. მუდმივ ჭიდაობას კი ხერხი სჯობია:
. მიმზიდველი გახადეთ გარემო. შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. (ახალშობილისთვის ოპტიმალურია 35-40ºC, ჩვილებისთვის ოდნავ გრილიც შეიძლება, თუმცა განუწყვეტლივ თერმომეტრის ყურება აუცილებელი არ არის – ცოტაოდენ გამოცდილებას რომ შეიძენთ, მის მაგივრობას იდაყვიც მშვენივრად გაგიწევთ). ჩაუყარეთ საყვარელი სათამაშოები, რაც მთავარია, ღიმილი და ალერსიანი სიტყვები არ მოაკლოთ. მიეცით უფლება, ჯერ მხოლოდ ხელები ან ფეხები ჩაყოს და სათამაშოს წაეპოტინოს.
. შეარჩიეთ დრო. იქნებ იმიტომ ტირის, რომ მთელი დღის განცდებით დაღლილს ახალი ემოციები აღარ სურს? მაშინ გვიანი საღამოს ნაცვლად დღის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, შუადღისას ან დილით აჭყუმპალავეთ. მერე რა, რომ პატარაა – მიეცით საშუალება თვითონ გადაწყვიტოს, როდის ურჩევნია.
. დააშორეთ კვებას. ბუნებრივია, ახალნაჭამზე ბანაობა სასურველი არ არის. არც შიმშილით გამგელებული ბავშვის წყალში გადაშვებაა კარგი აზრი. დანარჩენი კი თქვენსა და თქვენი შვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნურც იმას დაიჟინებთ, ბავშვმა ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა იბანაოსო – იქნებ მას ამ დროს სულაც არ ეპიტნავება...

აკვაუსაფრთხოება
ძნელი წარმოსადგენია, რომ საფრთხე კოჭებამდე წყალში იმალება. არადა, სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერია, ამიტომაც რამდენიმე მარტივი წესი დაიმახსოვრეთ.

. ვიდრე პაწიას წყალში ჩასვამთ, გულდასმით შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. ამერიკელი პედიატრები გვირჩევენ, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად წყლის გამაცხელებელი შედარებით ნაკლებ (49ºC) ტემპერატურაზე დავაყენოთ.
. თუ ბავშვის გასაკაჟებლად წყლის გაცივება განიზრახეთ, ცივი წყლის ონკანი პირდაპირ აბაზანაში ჩაუშვით, ისე, რომ პაწია წყლიდან არ ამოიყვანოთ. პირველ ჯერზე წყალს მეტისმეტად ნუ გააგრილებთ, მხოლოდ 2-3 გრადუსი “მოპარეთ” (34 გრადუსზე ნაკლები ნუ იქნება). პირიქით მოქცევა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ცხელი წყლის დამატებისას ბავშვი წყლიდან აუცილებლად ამოიყვანეთ.
. წყლის სიღრმე აბაზანაში 8-10 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
. თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვმა აბაზანის კიდეზე ხელის მოჭიდება არ ისწავლოს. თუ პატარამ საყრდენს მიაგნო, შესაძლოა, ფეხზე დადგომაც გაბედოს, ქანაობა დაიწყოს და აბაზანა გადმოაყირაოს. ამაში სათამაშოები დაგეხმარებათ – პატარას ართობს და ფეხზე წამოდგომის სურვილს მეტ-ნაკლებად უკარგავს.
. საპონი, ნეჭა და სხვა საბანი საშუალებები ბავშვისგან მოშორებით დააწყვეთ, – გამორიცხული არ არის, პატარა ონავარმა ხელი სტაცოს და პირისკენ წაიღოს, – ოღონდ ისე, რომ თქვენ ადვილად მისწვდეთ.
. რაც არ უნდა მყარად იჯდეს ბავშვი აბაზანაში, არამც და არამც არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ. თუ სააბაზანოს დატოვება მოგიხდათ, პაწია პირსახოცში გაახვიეთ და თან წაიყვანეთ.

ერიდეთ მხურვალე ქალბატონს
რა თქმა უნდა, ყველამ იცით, რომ მზე რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ ისიც დაიხსომეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ჩრდილშიც საკმარისია. მით უმეტეს, რომ ბოლო ათწლეულებში ოზონის ხვრელების გამო ულტრაიისფერმა გამოსხივებამ საგრძნობლად მოიმატა. აუცილებლად მოარიდეთ ბავშვი შუადღის ხვატს, მაგრამ დილა-საღამოს ჩრდილში თამაშს ნუ დაუშლით. ნუ დაგავიწყდებათ სიფრთხილის ზომები. ამინდის შესაფერისად გამოაწყვეთ. არ დაგავიწყდეთ ქუდი (დაახურეთ პანამა და არა კეპი – ეს უკანასკნელი კეფას მზის სხივებისგან ვერ იცავს; ტილოსი და არა ჩალისა – ეს უკანასკნელი მზის სხივებს ვერ აკავებს), შიშველ ადგილებზე კი მზის საიმედო ფილტრის შემცველი კრემი გადაუსვით.
გარუჯვას ექიმები უკვე არც ერთ ასაკში აღარ მიესალმებიან, ბავშვობაში – მით უმეტეს. თანაც ჩვილის კანი გაცილებით ნაკლებ პიგმენტურ უჯრედს შეიცავს, მისი გარქოვანებული შრე კი ორჯერ უფრო თხელია, ამიტომ ულტრაიისფერი სხივები უფრო ღრმად აღწევს მასში. არ შეიძლება სველი კანით მზეზე მიფიცხება – წყლის წვეთები, არსებითად, პაწაწინა ლინზებია, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას ზრდის. ნამზეურზე უფრო საშიში კი მზით დამწვრობაა. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვობაში მზით დამწვრობის თუნდაც ერთი ძლიერი ეპიზოდი ზრდის ათწლეულების შემდეგ კანის ავთვისებიანი სიმსივნის – მელანომის განვითარების რისკს.

loading...
ADMIN 1190 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css