navigacia
...


როგორ შევარჩიოთ პირველი ფეხსაცმელი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

აახელს თუ არა თვალს ახალშობილი, მყისვე სამყაროს აქტიურ შეცნობას იწყებს, თუმცა პატარა ონავარი თვალის შევლებით როდი კმაყოფილდება; სათამაშოებს, რომლებსაც დედიკო ცხვირწინ ჩამოუკიდებს, ჯერ თათუნებით წაეპოტინება, შემდეგ გემოს გაუსინჯავს, რამდენიმე თვეში კი, სიახლის ძიების ჟინით შეპყრობილი, თვითონვე გაეშურება სასურველი ნივთის ხელში ჩასაგდებად – ჯერ ცოცვით, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ.
უსაფრთხო ბრძოლის… არა, ხოხვის ველი
ვიდრე ბავშვს საცოცავ ტერიტორიას გამოუყოფდეთ, სამოსზე იზრუნეთ. დარწმუნებული ვარ, გგონიათ, რომ პატარასთვის საუკეთესო ეკიპირება საცოცარაა (ალბათ მიმიხვდით – “პოლზუნკა” ვიგულისხმეთ). შესაძლოა, თავის დროზე ის სწორედ ხოხვისთვის შეიქმნა, მაგრამ ამჟამად პედიატრები მიიჩნევენ, რომ ბავშვი უკეთესად იცოცებს, თუ ტანთ პამპერსისა და თხელი პერანგის ან მაისურის გარდა არაფერი ეცმება – უმჯობესია, იატაკთან შეხებისას ხელისგულები, მუხლები და წვივები შიშველი ჰქონდეს. მაგრამ ასე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩააცვით, თუ ოთახში საკმარისად თბილა. სამომავლოდაც გაითვალისწინეთ: ბავშვი ფეხს უფრო სწრაფად აიდგამს, თუ ფეხშიშველა ივლის – ასე ნაბიჯი გაცილებით მტკიცე ექნება. რაღა თქმა უნდა, ფეხშიშველა სიარული მხოლოდ სითბოშია რეკომენდებული. თუ ცივა, ფეხსაცმელი ჩააცვით. წინდების ამარა არამც და არამც არ დატოვოთ – შესაძლოა, პატარა ბაჯბაჯას ფეხი აუცურდეს და სიარული კარგა ხნით გადაიფიქროს.
ბავშვმა ცოცვა იოლად რომ ისწავლოს, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.
ვიდრე პატარას “უცნობი მიწების დასაპყრობად” გაუშვებდეთ, გულისყურით მოათვალიერეთ ოთახი, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად აპირებს ძრომიალს.
* მოაცილეთ იქაურობას ელექტროსადენები. დენის ჩამრთველები (როზეტები) სპეციალური დამცავით დალუქეთ ან სკოჩი ააკარით.
* კუთხიან ავეჯს რბილი ქსოვილი გადააფარეთ.
* სუფრა აკეცეთ, რომ ბავშვმა არ მოქაჩოს და მაგიდაზე დაწყობილი ნივთები თავზე არ დაიმხოს.
* კარადის, მაგიდისა და ტრელაჟის უჯრებიდან ამოალაგეთ მცირე ზომის და ბასრი საგნები. უმჯობესია, ქვედა უჯრები მთლიანად გაათავისუფლოთ და ბავშვს საყრდენად დაუტოვოთ, ზედა კი დალუქოთ.
სატყუარა პატარასთვის

თუ ბავშვს სანუკვარი ნივთის მოსაპოვებლად პუტკუნა დუნდულების აწევა ეზარება, ისღა დაგრჩენიათ, ცოცვა აიძულოთ. სათამაშო ან ნებისმიერი სხვა საგანი, რომლისკენაც პატარა , მოშორებით დადეთ, იატაკზე დააფინეთ ნოხი (ოღონდ – საგულდაგულოდ გაწმენდილი) და პატარა ზედ დააგორეთ. თავი მშვიდად რომ იგრძნოს, თავდაპირველად თქვენც გვერდით მიუჯექით და ეთამაშეთ, შემდეგ მისი სათამაშოები მოშორებით დააწყვეთ და მარტო დატოვეთ.
ეცადეთ, ხალიჩაზე წამოკოტრიალებულ პატარას ფეხზე მდგომი არ ესაუბროთ – შესაძლოა, ხელში აყვანა მოგთხოვოთ ან შორიდან მოღიმარი დათუჩას ან თოჯინის მიტანა თქვენვე გთხოვოთ. უმჯობესია, ბავშვი ოთახში მარტო დატოვოთ ან ჩუმად უთვალთვალოთ.
თუ პატარა უთქვენოდ წუთსაც ვერ ძლებს, მარტო არ თამაშობს და გამუდმებით ხელში აყვანას ითხოვს, ექსპერიმენტს თავი დაანებეთ და მის ნებას დაჰყევით. დაძალებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
გთავაზობთ ვარჯიშს, რომლებიც საყვარელ პაწიას კუნთებს გაუვარჯიშებს და ცოცვის სწავლაში დაეხმარება:
გასწი-გაჭიმე. ბავშვი ზურგით მიიკარით მუცელზე, ცალი ხელი მენჯთან მოჰკიდეთ, მეორე ხელისგულით კი ბეჭის ძვლებს შორის დააწექით. ამ დროს ბავშვი წინ გადაიხრება, მერე კი შეეცდება, გასწორდეს. თუ კუნთოვანი ტონუსი დაბალი აქვს, შესაძლოა, წელში გამართვა გაუჭირდეს. მუცელზე მსუბუქად დააჭირეთ ხელი. ეს ტანის აწევაში დაეხმარება. თუ ბავშვი ბოლომდე არ იმართება წელში, საშიში არაფერია; მცდელობაც კი, სხეული ზემოთ ასწიოს, უკვე მისასალმებელია.
ყველა ვერ ცოცავს
მართლაც, არიან ბავშვები, რომლებიც ხოხვის გარეშე აიდგამენ ხოლმე ფეხს. ასეთი პატარები, როგორც წესი, სავსებით ჯანმრთელნი არიან, მაგრამ ექიმთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის ცოცვა მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს ტონუსში მოდის მხრის სარტყლის, ხელის კუნთები, მაგრდება ხერხემალი. ფიზიკური აქტივობის დროს ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემაც.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბავშვებს, რომლებმაც ფეხი პირდაპირ აიდგეს, უჭირთ გარემოში ორიენტირება, ხშირად ერევათ ერთმანეთში მარცხენა და მარჯვენა.
პირველი ფეხსაცმელი
რაც უფრო კომფორტულ ფეხსაცმელს ჩავაცმევთ ბავშვს, მით უფრო მტკიცე და, რაც მთავარია, სწორი იქნება მისი ნაბიჯი. მზრუნველმა დედიკომ და მამიკომ ეს კარგად იციან. ამიტომაც არის, რომ თვალი გამუდმებით დახლზე შემოწყობილი პაწაწინა ფეხსაცმელებისკენ გაურბით.
პირველი ფეხსაცმლის შერჩევა მართლაც რომ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. პედიატრთა რჩევით, 7 თვემდე “ნამდვილი” ფეხსაცმლის შეძენას აზრი არ აქვს. აჯობებს, ამ ასაკში პატარას ე.წ. პინეტები ჩავაცვათ, რომლებიც სათამაშო ფეხსაცმელებს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილს. ისინი მეტისმეტად რბილი მასალისგან არის დამზადებული და სიარულისას ტერფისთვის საყრდენის ფუნქციას ვერ შეასრულებს.
7-8 თვის ასაკისთვის ბავშვს ნამდვილი ფეხსაცმელი დასჭირდება, რომლის შერჩევისას მთავარი მოთხოვნა ზომის სწორი განსაზღვრაა. აიღეთ თხელი სუფთა ფურცელი (და არამც და არამც – მუყაო!), პატარას ფეხი ზედ დაადგმევინეთ და ნამცეცა ტერფის კონტური შემოხაზეთ. ასე ფეხის სიგრძეც დაფიქსირდება და სიგანეც, თანაც ფეხსაცმელში თხელი ფურცლის ჩადება და გაშლა იოლია.
ვემზადებით საბაჯბაჯოდ
ბავშვის ტერფი სიარულისთვის რომ მოამზადოთ, ასე მოიქეცით:
. ყოველდღე, დღეში 2-3-ჯერ, პატარა ზურგზე დააწვინეთ და ფეხისგულები 5 წუთის განმავლობაში უზილეთ.
. მოახრევინეთ ფეხები მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და ტერფები ერთმანეთზე მიადებინეთ. ასე მოიქეცით დღეში 4-6-ჯერ მაინც.
. ცალი ხელი წვივზე მოჰკიდეთ, ხოლო მეორეთი აბრუნეთ ტერფი საათის ისრის მიმართულებით და პირიქით, თითოეულ მხარეს – 5-ჯერ.
. დაყარეთ იატაკზე ქვიშა ან ბურღული და ატარეთ მასზე იღლიებში ხელამოდებული ბავშვი. ეს ვარჯიში კარგია 7-8 თვის პატარასთვის.
გონივრული არჩევანი
მას შემდეგ, რაც ბავშვის ფეხის ზომას გაარკვევთ, შეგიძლიათ, გულდამშვიდებით გაეშუროთ საყიდლებზე. არჩევანში რომ არ შეცდეთ, ფეხსაცმელი ყურადღებით დაათვალიერეთ. პირველ რიგში, დააკვირდით ლანჩას. უმჯობესია, ის მთლიანი და მყარი იყოს, მაგრამ დრეკადი, თანაც არამც და არამც არ სრიალებდეს! ამისთვის ლანჩას უკეთებენ ჩანაჭდევებს, რომლებიც ბავშვის ხარისხიან ფეხსაცმელს ყოველთვის აქვს. თუ არჩევანი მაინც სრიალალანჩიან ფეხსაცმელზე შეაჩერეთ, გირჩევთ, თხელი რეზინი ან პლასტირი დააკრათ და ბავშვს ისე ჩააცვათ.
ფეხსაცმელს უთუოდ უნდა ჰქონდეს ქუსლი. ის ბავშვს წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარება. სასურველია, ლანჩა და ქუსლი ერთიანი იყოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საბავშვო ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე ნახევარი სანტიმეტრი თუ იქნება.
“ბავშვის ფეხსაცმელს უთუოდ უნდა ჰქონდეს სუპინატორი”, – ამ პრინციპით არჩევენ მშობლები ბაჩებს, ბევრი პედიატრი კი საპირისპიროს ამტკიცებს: ბავშვის ტერფი სწორად რომ განვითარდეს, თავისუფლად უნდა იმოძრაოს, ხოლო დამატებითი წარმონაქმნები (მათ შორის, ცხადია, სუპინატორიც) ხელს უშლის კუნთებისა და მყესების ბუნებრივი ჩამოყალიბების პროცესს. ამასთანავე, ყველა ბავშვს მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური ფორმის ტერფი აქვს, ერთი და იმავე ყალიბის ფეხსაცმელი ყველას როდი გამოადგება. ასე რომ, თუ პატარას პედიატრმა და ორთოპედმა სუპინატორი ურჩიეს, ის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ ან დაამზადებინოთ, თანაც – მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ასაკიდან. მანამდე ტერფი ჩამოუყალიბებელია და ძნელია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პატარას “ბორცვიანი” სამკურნალო ფეხსაცმელი.
თუ მაინცდამაინც სუპინატორიანი ფახსაცმლის შეძენა გსურთ, გირჩევთ, საშუალო ზომის, რბილბორცვაკიანი და ნასვრეტებიანი შეარჩიოთ. ზოგჯერ უხარისხო ფეხსაცმელს სუპინატორის ადგილას მხოლოდ ნასვრეტები აქვს და თითით მოსინჯვისას შემაღლება არ შეიგრძნობა. ასეთი ფეხსაცმლის შეძენას არამც და არამც არ გირჩევთ.
ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ცხვირს. ბავშვმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, სასურველია, ჭვინტი მომრგვალებული და მაგარი იყოს და თითის დაჭერისას მალევე იბრუნებდეს საწყის ფორმას.
დაბოლოს: ბავშვისთვის მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ჯეროვნად აფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარს. ასეთია თასმებიანი და ფხრიწიანი ფეხსაცმელები.
ეს ყველამ უნდა იცოდეს
მართებულად შერჩეული ფეხსაცმელი ტანადობის სწორ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. იმისთვის, რომ თქვენი პატარა ლამაზი, ტანადი და ჯანმრთელი გაიზარდოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
. არამც და არამც არ ჩააცვათ ბავშვს დიდი ზომის ფეხსაცმელი. დაუშვებელია, ფეხსაცმლის “შევსების” მიზნით პატარას რამდენიმე წინდა ჩააცვათ ან ფეხსაცმელი ბამბით გამოტენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფეხსაცმელი სუპინატორიანს ანიჭებთ. თუ ჩასაფენის ამობურცული ნაწილი ზუსტად არ მოერგო ტერფის თაღს, ბავშვს სიარული გაუჭირდება, ფეხები მალე დაეღლება და შესაძლოა, ტერფი არასწორად განუვითარდეს. საზოგადოდ, ზომაზე დიდი ფეხსაცმლის ტარებისას პატარას იოლად ეღლება ფეხები, განსაკუთრებით – თითები, რომლებასც სიარულისას ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება.
. საგარეო და საშინაო ფეხსაცმელი ბავშვს ყოველთვის დანიშნულებისამებრ ჩააცვით. დაუშვებელია, პატარამ ოთახებში საგარეო ფეხსაცმლით იაროს. ეს მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით როდია ნაკარნახევი – სხვადასხვა გარემოში ბავშვს განსხვავებული ფეხსაცმელი სჭირდება.
. მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვი მოზარდის ტიპის ფეხსაცმელებს: ტყაპუნებს, ფლეთებს, ქუსლიან ღია ფეხსაცმელს, კედებს. გარდა იმისა, რომ ისინი ხელს შეუშლის ტერფის ნორმალურ ფორმირებას, მათი უმრავლესობა ხელოვნური მასალისგან არის დამზადებული, რომელმაც შესაძლოა კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
. სხვის მიერ ნახმარი ფეხსაცმლის ტარება ბავშვისთვის სასურველი არ არის. ჯერ ერთი, ასეთი ბაჩები უკვე მოშვებულია და ტერფს ჯეროვნად ვეღარ აფიქსირებს, მეორეც, შესაძლოა, მის ადრინდელ პატრონს ტერფის დეფორმაცია ჰქონოდა და ფეხსაცმლისთვის ფორმა შეეცვალა. საკმარისია, ბავშვს არასწორი ყალიბის მქონე ფეხსაცმელი ჩააცვათ, რომ მისი ტერფიც იოლად შეიცვლის ფორმას. ერთადერთი, რაც ბავშვს ზიანს არ მიაყენებს, ნახმარი რეზინის ფეხსაცმელია. მისი დეფორმირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

loading...
ADMIN 1200 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css