ვსწავლობთ ხელების დაბანას
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
პაწიები ლამის დაბადებიდან გვაოცებენ სამყაროს შეცნობის დაუოკებელი წყურვილით. რას აღარ სჩადიან: ცდილობენ, ყველა (ან თითქმის ყველა!) ნივთს გემო გაუსინჯონ, ტალახში თავიდან ფეხებამდე ისვრებიან, შინ მუხლუხოთი ან ბაყაყით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან... და ამ საოცრებების ჩადენისას ისეთი ბედნიერი იერი აქვთ, რომ გაბრაზებასაც ვეღარ ვახერხებთ.
ოდნავ წამოიზრდებიან თუ არა, ჩვენს ლექსიკონში ჩნდება საშიში სიტყვა “ბაქტერიები!” მაგრამ როგორ შველით პაწია ონავრებს ბაქტერიებით დაშინება, თავადაც მოგეხსენებათ. დიდად არც ის სატელევიზიო რეკლამები სტაცებთ თვალს, სადაც ანტიბაქტერიულ საპონს აპიარებენ...
ბაქტერიებიიი!..
ისინი ყველგან, ყველა საგნის ზედაპირზე ბინადრობენ. ადამიანის ხელებზეც უხვად არიან. იოლად აღწევენ პირში, კუჭში... ბიოლოგიური სტანდარტის მიხედვით ისინი მართლაც მრავლად უნდა იყვნენ ჩვენს გარშემო. ბიოლოგიური კანონების წინააღმდეგ მოქმედება კაცობრიობას ყოველთვის ძვირი უჯდება. არც მიკროორგანიზმების ხელაღებით განადგურებაა გამოსავალი. ერთადერთი, რაც ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის სასიკეთოდ შეუძლია გააკეთოს, ის არის, რომ მავნე ბაქტერიებს ერიდოს.
ჰო, მართლა, სულ დაგვავიწყდა: ყველა საშიში მიკროორგანიზმი ბაქტერია არც არის. მეტიც: სწორედ ბაქტერიებს შორის მოიპოვება სასარგებლო სახეობები! სარეკლამო რგოლებში აქცენტს რატომღაც ბაქტერიების განადგურებაზე აკეთებენ, სინამდვილეში კი გასანადგურებელთა სიაში ვირუსები, სოკოები და პროტოზოებიც შედიან. შესაძლოა, უბრალო ადამიანისთვის “ვირუსი” და “ბაქტერია” ერთსა და იმავეს ნიშნავდეს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მაგალითად, კოდური სახელწოდებით H1N1 ცნობილი მიკროორგანიზმი ვირუსია და არა ბაქტერია.
დავიხსომოთ:
. ბაქტერიები ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან, რომლებიც სხვა ორგანიზმიდან იღებენ საკვებს, მათ შორის – ადამიანის ორგანიზმიდანაც. არსებობენ პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, რომლებიც ინფექციურ პროცესებს (ტონზილიტს, ოტიტს, პნევმონიას...) უდებენ სათავეს და სრულიად უვნებელი, კეთილმოსურნე სახეობებიც. ეს უკანასკნელნი ადამიანის ნაწლავებში სახლობენ და ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ. ზოგიერთი ბაქტერიის შესაძლებლობათა არეალი კიდევ უფრო ფართოა: მათ ფარმაცევტულ წარმოებაში იყენებენ.
. ვირუსებს უჯრედში ცხოვრება უყვართ, ცოცხალი ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ძლებენ (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა). ისინი ძალიან სწრაფად ვრცელდებიან და იოლად იწვევენ ვირუსულ ინფექციებს. მაგალითად, ვირუსულია ზემოხსენებული გრიპი, ასევე – ბავშვთა დაავადებები: ჩუტყვავილა, წითელა, წითურა...
. სოკო მრავალუჯრედიანი ორგანიზმია, რომელიც, ბაქტერიებისა და ვირუსების მსგავსად, ადამიანის ორგანიზმში პარაზიტობს და უმთავრესად კანის დაავადებებს იწვევს.
. პროტოზოები ერთუჯრედებიანი ორგანიზმები გახლავთ, რომლებიც უმთავრესად ნაწლავურ ინფექციებს იწვევენ. ეს ინფექციები დიარეით, პირღებინებითა და მუცლის ტკივილით ვლინდება.
მაინც რას სჩადიან ასეთს ეს პაწაწინა არსებები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არც კი ჩანან?
თურმე ისინი ორგანიზმს საკვებს ართმევენ და მისი გადამუშავებისას ტოქსინებს გამოყოფენ, ტოქსინი კი ორგანიზმს წამლავს.
თუ გსურთ, ბაქტერიებისა და მათთან ბრძოლის შესახებ ბავშვმა მეტი შეიტყოს, უმჯობესია, ეს თამაშ-თამაშით გააკეთოთ, ამაში კი გასართობი საიტები www.fooddetectives.com და www.scrubclub.org დაგეხმარებათ.
საპნის იმედად
ბაქტერიებისგან თავის დაცვა ძალიან ადვილია: ამისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ხელები უნდა დავიბანოთ, ოღონდ რაც შეიძლება ხშირად.
ხელების დაბანას რა უნდაო, იტყვით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამასაც ცოდნა სჭირდება. პროექტებიც კი შემუშავდა, რომლებიც ხელების მართებული დაბანის საკითხს ეხება. დაიბეჭდა ბუკლეტები, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ხელების დაბანის პროცესი ცალკე ბავშვებისთვის, ცალკე მოზრდილებისთვის და ცალკე მედიცინის მუშაკებისთვის.
შესაძლოა, ხელების დაბანის გარშემო ატეხილი აურზაური მეტისმეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჰიგიენის წესების დაუცველობა არაერთი დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს, მათ შორის – გრიპისას და A ჰეპატიტისას (ბოტკინის დაავადება).
ამრიგად, შევთანხმდეთ, რომ ხელები ხშირად უნდა ვიბანოთ და იგივე მოვთხოვოთ ბავშვებსაც – მშობელი ხომ მათთვის საუკეთესო მაგალითია.
პაწია ონავარი უმალვე ონკანისკენ გაამწესეთ, თუ ის:
. ეს-ესაა, ეზოდან შინ დაბრუნდა;
. ეს-ესაა საპირფარეშოდან გამოვიდა;
. ჭამისთვის ემზადება;
. დედიკოს კერძის მომზადებაში ეხმარება;
. შინაურ ცხოველს მოეფერა;
. ეთამაშებოდა ოჯახის ავადმყოფ წევრს;
. დააცემინა ან დაახველა.
აშშ-ში დაადგინეს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ამერიკელი საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელებს არ იბანს. რაღა უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს?!
ამასაც ცოდნა სჭირდება?
თურმე კი. პატარების უმრავლესობას ხელების დასველებაც კი დაბანა ჰგონია და მას სჯერდება, თუმცა დედ-მამა ჯიუტად უმეორებს, რომ საპონი კარგად უნდა წაისვან ხელებზე, კარგად აიქაფონ და ბოლოს ქაფი კარგად ჩამოიბანონ. მშობლები, რა თქმა უნდა, მართლები არიან, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეს ყოფილა საკმარისი. ხელების დაბანის ინსტრუქცია, რომელიც არც საპონს მოჰყვება და არც რომელიმე სამედიცინო სტანდარტშია მოხსენიებული, ასე გამოიყურება:
. ბავშვს ხელები უთუოდ გამდინარე წყალში დაბანეთ.
. წყალი თბილი უნდა იყოს და არა ცხელი ან ცივი. ასე რომ, ვიდრე პატარა ხელებს დაისველებს, წყლის ტემპერატურა თავად შეამოწმეთ და დაარეგულირეთ.
. ხელების დაბანა ნებისმიერი საპნით შეიძლება. ანტიბაქტერიული საპონი ხელებს კარგად ბანს, მაგრამ არც ჩვეულებრივია ურიგო, ბაქტერიებს ისიც შესანიშნავად აცილებს.
. თუ ბავშვს თხევადი უფრო მოსწონს, ნუ გაჯიუტდებით, უყიდეთ. ის ხელებს სიამოვნებით დაიბანს, თუ საპნის სუნიც და ფორმა მისთვის მისაღები იქნება.
. ხელები კარგად აუქაფეთ ან თვალყური ადევნეთ, რომ ეს თავად გააკეთოს. ასწავლეთ, რომ ხელები კარგად წაუსვას ერთმანეთს ორივე მხრიდან, არ გამორჩეს თითებს შორის უბნები, მაჯები და კანი ფრჩხილების გარშემო –ბაქტერიებს ყველაზე მეტად აქ უყვართ ბინადრობა.
. ხელების დაბანას, სულ მცირე, 15 წამი მაინც დაუთმეთ.
. სველი ხელები კარგად გაუმშრალეთ. პირსახოცი უთუოდ სუფთა და მშრალი უნდა იყოს. შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “ღორის გრიპის” პანდემიასთან დაკავშირებით არაერთი გაიდლაინი შეიმუშავა, რომლებითაც სამედიცინო პერსონალი აქტიურად სარგებლობს. შეშინებული მშობლებისთვის კი WHO-მ სპეციალური ბროშურები გამოსცა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ამ ვირუსისგან. უმთავრესი პირობა ბავშვისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ყოფილა. “ვინაიდან ტელევიზიით ხშირად არასწორი ინფორმაცია ჟღერს, მოარიდეთ მცირეწლოვანი ბავშვები ცისფერ ეკრანს და თავად აუხსენით, რას წარმოადგენს ღორის გრიპი”, – გვირჩევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. მეორე და უმთავრესი რჩევა კი ბავშვისთვის ხელების დაბანის სწავლება ყოფილა. WHO-ს რჩევის თანახმად, ხელები ბავშვმა იმდენ ხანს უნდა იბანოს, რამდენიც “Happy Birthday”-ს ორჯერ შესრულებას დასჭირდება”. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მართლები არიან: სიმღერ-სიმღერით ბავშვი უფრო ხალისიანად დაიბანს ხელებს. ნუ დაღონდებით, თუ თქვენმა პატარამ ინგლისური არ იცის – არა მგონია, “ჟუჟუნა წვიმამ” ან “ჭრელო პეპელამ” ნაკლები ჰიგიენური ეფექტი მოახდინოს :)
loading...
ADMIN |
1162 |
|
2014-12-05 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი