navigacia
...


ვასვათ თუ არა ვიტამინები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ვასვათ თუ არა ბავშვს ვიტამინები

ეს გასაჭირი არც ერთი დედისთვის არ არის უცხო. ბავშვის დაბადებიდანვე განუწყვეტლივ საუკეთესო ვიტამინების ძიებაში ვართ, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ექიმებიც კი განსხვავებულ რჩევებს გვაძლევენ. ყველა ბავშვს სჭირდება დამატებითი ვიტამინები თუ მხოლოდ ზოგიერთს? გამუდმებით საჭიროა მათი სმა თუ მხოლოდ სეზონურად? ვიტამინების ნაკრების მიცემა სჯობს თუ ცალკეული პრეპარატებისა? – ამ კითხვებით მივმართეთ „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს თამარ ობგაიძეს.

– ვიტამინები მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს წარმოადგენს. იმუნური პასუხის ფორმირება, სისხლწარმოქმნა, უჯრედების ზრდა-გამრავლება, რეპროდუქციული ფუნქცია, ფაქტობრივად ყველა ორგანოს ფუნქციობაზე ზეგავლენა – ეს მათი ფუნქციების მხოლოდ სქემატური და ზოგადი ჩამონათვალია. დღეისთვის 20-მდე ვიტამინია შესწავლილი. უკანასკნელი მონაცემებით, იაპონელმა მეცნიერებმა ორგანული ნაერთი აღმოაჩინეს, რომელსაც ვიტამინური თვისებები აქვს, თუმცა მისი როლი ადამიანის ორგანიზმში ჯერჯერობით უცნობია. თუ მეცნიერთა ვარაუდი დადასტურდა, ვიტამინების ოჯახი ახალი წევრით – B14 ვიტამინით შეივსება.
– და ყველა მათგანის საჭირო რაოდენობით მისაღებად საკვები საკმარისია?
– უმეტესად კი. ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე საუბრით მედიცინის მუშაკები არასოდეს დავიღლებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15%-ით არის დამოკიდებული სამედიცინო სამსახურის სწორ ორგანიზაციაზე, ამდენივეთი – ადამიანის გენეტიკურ თავისებურებებზე და 70%-ით – კვებისა და ცხოვრების წესზე. ბუნებრივია,

სრულფასოვან კვებაში ძირითად საკვებ ნივთიერებებთან – ცილებთან, ცხიმებსა და ნახშირწყლებთან – ერთად ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტების მიწოდებასაც ვგულისხმობთ, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვიტამინების ნაკლებობას შიმშილობის პრობლემებს მიაკუთვნებს.
თვით საკვების ან მასში ვიტამინების უკმარისობა პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ვიტამინების დაშლა და კვებითი ღირებულების დაკარგვა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სურსათის არასწორმა თერმულმა დამუშავებამ ან სოფლის მეურნეობაში კულტივირების ახალი მეთოდების დანერგვამ.
– ამრიგად თუ საკვებში ვიტამინები საკმარისი რაოდენობით არის, მათი დეფიციტი არ გვემუქრება?
– როგორც უკვე გითხარით, ეს მიზეზი ვიტამინების დეფიციტის უდიდეს ნაწილზეა პასუხისმგებელი. გარეგან ფაქტორებთან ერთად (ვგულისხმობ დიეტებს, საკვების ნაკლებობას ან მათში ვიტამინების დაბალ შემცველობას, მავნე ჩვევებს, საკვების არასწორ კულინარიულ დამუშავებას) ვიტამინების დეფიციტი შეიძლება შინაგანმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს, მაგალითად, ვიტამინების ათვისების დარღვევამ კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, როცა საკვებში ვიტამინები საჭირო რაოდენობით არის, ორგანიზმი კი ვერ იწოვს; ჭიებით დასნებოვნებამ, როცა ამ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს ნაწლავებიდან პარაზიტები იტაცებენ და ორგანიზმში მათი დეფიციტი იქმნება... არის შემთხვევები (ზოგიერთი დაავადება, სტრესი), როდესაც ორგანიზმი მეტ ვიტამინებს მოიხმარს და ესეც დეფიციტის წინაპირობას ქმნის.
ვიტამინების ნაკლოვანების მომატებული რისკი ემუქრებათ:
- ბავშვებსა და მოზარდებს ინტენსიური ზრდის პერიოდში;
- ხანდაზმულებს;
- ქალებს, რომლებიც ორალურ კონსტრაცეპტივებს იღებენ;
- მწეველებს;
- ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებს;
- ქრონიკული დაავადებების მქონეთ;
- ადამიანებს, რომელთაც მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ;
- ორსულ და მეძუძურ ქალებს;
- ვეგეტერიანელებს;
- ბავშვებსა და მოზრდილებს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენიდან.
– ყველა ამ შემთხვევაში ვიტამინების აბების სახით მიღებაა საჭირო?
– კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვიტამინების საუკეთესო წყარო საკვებია. ამ სახით ისინი უკეთ შეიწოვება და ნელა გამოიყოფა. ამერიკის პედიატრთა აკადემიისა და ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის მკაცრი რეკომენდაციაა, ჯანმრთელმა ბავშვებმა ვიტამინები საკვებთან ერთად მიიღონ. სხვათა შორის, ყოველდღიურად პარადოქსულ ფაქტს ვხვდებით: ვიტამინების დეფიციტი უმთავრესად იმ პატარებს ემუქრებათ, რომელთა ოჯახები მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიან და შვილებს სრულფასოვნად ვერ კვებავენ, მაგრამ ამავე მიზეზით ვიტამინებს ვერც წამლის სახით აძლევენ; სამაგიეროდ პოლივიტამინებს ხშირად აძლევენ ბავშვებს, რომელთაც კვება არ აკლიათ და, აქედან გამომდინარე, არც ეს მედიკამენტები სჭირდებათ.
– გამართლებულია თუ არა ვიტამინებისადმი ასეთი მიდგომა: რაც მეტი, მით უკეთესი?
– რა თქმა უნდა, არა. ვიტამინებზე დღიური მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე, დაავადებებზე. მათი სიჭარბე უსარგებლოა, ზოგჯერ მავნებელიც კი. განსაკუთრებით საშიში ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) ჭარბი მიღებაა, რომელთაც ორგანიზმში დაგროვება ახასიათებთ. ჰიპერვიტამინოზი ანუ ორგანიზმში ვიტამინების ჭარბი დაგროვება, ჰიპოვიტამინოზზე არანაკლებ მძიმე სიმპტომებით ვლინდება. რაც შეეხება წყალში ხსნად ვიტამინებს (ანუ ყველა დანარჩენს), ორგანიზმი მათ უბრალოდ მოიცილებს, არ აითვისებს, თუმცა ჭარბმა დოზებმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი და შარდგამომყოფი სისტემა გააღიზიანოს.
– რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც ბავშვისთვის სინთეზური ვიტამინის მიცემას გადაწყვეტენ?
– ვიტამინები ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ფორმით იყიდება. გაითვალისწინეთ, რომ მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით არის შექმნილი, პოლივიტამინები კი ძირითადად მათი დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება. თუ პოლივიტამინის ინსტრუქციაში მითითებულ ასაკობრივ დოზას არ გადააჭარბებთ, ჰიპერვიტამინოზის საფრთხე ძალიან მცირეა., მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ ისინი მხოლოდ ნატურალური ვიტამინების ასლებს წარმოადგენენ და აგებულებით ნატურალური ვიტამინებისგან განსხვავდებიან. მათი უკონტროლო მიღება ქიმიური ნივთიერებების დისბალანსს იწვევს და ორგანიზმს ზიანს აყენებს. წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმიდან 4 საათის შემდეგ გამოიყოფა შარდით, ხოლო თუ უზმოზე მივიღებთ, 2 საათში მთლიანად ქრება ორგანიზმიდან.
საყურადღებოა ისიც, რომ ვიტამინების კომბინაციისას შესაძლოა მათი თვისებები შეიცვალოს. ასეთივე ცვლილებები შესაძლოა მათი და მინერალების ურთიერთქმედებასაც მოჰყვეს. ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების დანიშვნისას გასათვალისწინებელია მათი სრულყოფილი შემადგენლობა, ადამიანის მოთხოვნილება ამა თუ იმ მინერალსა და ვიტამინზე, ნებისმიერი წამლის, მათ შორის ვიტამინის დანიშვნა კი ექიმის პრეროგატივაა.
– გაციებისა და გრიპის დროს ბევრი C ვიტამინს მიმართავს...
– სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის C ვიტამინის დიდი დოზების გამოყენება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული, მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატმა ლაინუს კარლ პოლინგმა ნაშრომი “C ვიტამინი და გაციება” გამოსცა. ბოლო ხანს უამრავი მაღალი ხარისხის სამედიცინო კვლევა ჩატარდა, მაგრამ გაციებაზე C ვიტამინის გავლენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაადასტურა, ამიტომაც თანამედროვე გაიდლაინები ამ მიზნით მის გამოყენებას არ გვირჩევენ.
– რომელი ვიტამინის მიღებაა აუცილებელი ორსულებისთვის?
– ყურადღებას ფოლიუმის მჟავაზე შევაჩერებ. სწორედ ეს ვიტამინი აგებს პასუხს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებაზე. მისმა დეფიციტმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა ან განვითარების ესა თუ ის მანკი გამოიწვიოს. ოღონდ ასეთი გავლენა მას მხოლოდ ორსულობის პირველ ტრიმესტრში აქვს, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შვილოსნობის ასაკის ყველა ქალს (ვინაიდან ორსულობათა დიდი ნაწილი დაუგეგმავია) ურჩევს, დაორსულებამდე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 400 მკგ ფოლიუმის მჟავა მიიღოს. რაც შეეხება სხვა ვიტამინებსა და მინერალებს, მათი მიღება ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.

loading...
ADMIN 1109 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css